უზენაესი სასამართლოს რეკომენდაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით819 2013.01.08
უზენაესი სასამართლოს რეკომენდაცია ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით
სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გამოყენებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო რეკომენდაციას აქვეყნებს. აღნიშნული რეკომენდაცია შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლეშიც სამივე ინსტანციის მოსამართლეები შედიოდნენ. მათ შეისწავლეს და გააანალიზეს არსებული სასამართლო პრაქტიკა, რის შედეგადაცმომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების (სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა) გამოყენების განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციებით ეოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების (სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა) პირველადი გამოყენებისათვის განისაზღვრა 4 სტანდარტი: 1.იდენტიფიცირების სტანდარტი,რომლის მიხედვით, როგორც წესი, სავალდებულოა იდენტიფიცირებული იქნეს პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი), რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. 2. დანაშაულთან კავშირის სტანდარტი, ანუ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ასაბუთებდეს იმ პირის კავშირს კონკრეტულ დანაშაულთან ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიული ღონისძიება. 3. სარგებლობის სტანდარტი,რომლის თანახმად, წარმოდგენილ უნდა იქნეს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს: 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენების ობიექტის (მობილური ტელეფონის ნომერი ან სხვა საშუალება) სარგებლობას იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და 2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების გამოყენების ობიექტის (მობილური ტელეფონის ნომერი ან სხვა საშუალება) კუთვნილებას (თუ ვისზეა იგი რეგისტრირებული). 4. ვადის სტანდარტი, ანუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად მოთხოვნილი ვადა უნდა იყოს დასაბუთებული და გონივრული ამ ღონისძიების მიზნების მისაღწევად. სასამართლოს მიერ ღონისძიების ჩატარების ვადა პირველ ჯერზე უნდა განისაზღვროს 1 თვით, რაც გონივრული ვადაა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, თუმცა განსაკუთრებულ გამონაკლის შემთხვევებში იგი შეიძლება განხორციელდეს უფრო მეტი ვადითაც, თუ ამის საჭიროება გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი რეკომენდაციებით ასევე განისაზღვრაროგორც სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის გაგრძელების, ისე მისი კანონიერად ცნობის (გადაუდებელი აუცილებლობის გამო) სტანდარტი.