თანამდებობრივი დანაშაული სისხლის სამართალში1501 2012.12.24
თანამდებობრივი დანაშაული სისხლის სამართალში
დანაშაული რომ მრავალმხრივი შეიძლება იყოს, ეს უკვე ყველამ კარგად ვიცით. ყოველდღიურად ვაწყდებით მის არა ერთ გამოვლინებას. ზოგი მსუბუქ ხასიათს ატარებს, ზოგი კი მძიმე დანაშაულად ითვლება და მასვე ერთვის არა ერთი დამამძიმებელი გარემოება. დღეს ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო, იმაზე რასაც თანამდებობრივი დანაშაული ქვია. უფრო კონკრეტულად კი, სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური ნორმა ქრთამის მიცემასა და აღებასთან დაკავშირებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით – მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღება თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. რაც შეეხება ქრთამის მიცემას, მას კანონი შემდეგნაირად განმარტავს: მოხელისათვის ან მასთან გათანაბრებული პირისათვის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. თანამდებობრივი დანაშაული საკმაოდ გავრცელებულია და მრავალმხრივი გამოვლინებით ხასიათდება. ქმედებების ჩადენის მიზეზი კი ზოგჯერ განზრახი, ზოგჯერ კი განუზრახავი ქმედებაა, რომელსაც საფუძვლად შეიძლება კანონის არცოდნა დაედოს. ამიტომ თითოეული თანამდებობის პირისთვის მნიშვნელოვანია მისი უფლებებისა და მოვალეობების ცოდნა.