რას გულისხმობს საგადასახადო შეთანხმება?1732 2012.12.18
რას გულისხმობს საგადასახადო შეთანხმება?
კანონი, კერძოდ საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას რამდენიმე შემთხვევაში. ეს შეიძლება მოხდეს - გადასახადების ან/და სანქციების შემცირების მიზნით; გადასახადის გადამხდელის მიერ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საგადასახადო პერიოდზე/პერიოდებზე და გადასახადის სახეებზე მითითებით; მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების მიზნით. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია:
  • უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;
  • აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების შემთხვევაში:
  • გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, წარადგინოს შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია და დააზუსტოს გადავადებული საგადასახადო ვალდებულება. ამასთანავე, საგადასახადო ვალდებულების დაზუსტებით არ იზრდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა;
  • შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს იმ საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმება, რომლის/რომელთა განმავლობაში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებაც გადავადებულია, და განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულების ოდენობა. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხულ თანხაზე არ ვრცელდება საგადასახადო შეთანხმების პირობები;
  • საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია შეწყდეს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით, გადავადებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში;
  • საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის თანხას საურავი არ ერიცხება;
  • გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების შეწყვეტისას საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახადის გადაუხდელ თანხას ერიცხება საურავი შესაბამისი გადასახადისათვის ამ კოდექსით დადგენილი გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან.
საგადასახადო შეთანხმების აქტი ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის. საგადასახადო შეთანხმებაში უნდა აღინიშნოს:
  • გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ასევე სხვა რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);
  • მიღწეული შეთანხმების შინაარსი და პირობები;
  • საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრების ვადა და წესი.
გადასახადის გადამხდელმა შეიძლება გაასაჩივროს საგადასახადო შეთანხმება, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.