ეთიკა პროკურორთათვის2986 2012.12.13
ეთიკა პროკურორთათვის
ეთიკა ის საკითხია, რომელიც ნებისმიერ პროფესიაში აუცილებლად უნდა იქნეს დაცული და რაც მთავარია მისი სტანდარტები სფეროების მიხედვით განსხვავებულია. რა იცით პროკურორის სავალდებულო ეთიკასტან დაკავშირებით? საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსი აყალიბებს პროკურატურის მუშაკთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება საჯარო ინტერესს. მისი მიზანია პროკურატურის მუშაკთა ქცევის ნორმების დამკვიდრება. იცოდეთ, რომ დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით. ასევე დაუშვებელია:
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ნებისმიერ პირზე უკანონო ზეწოლისათვის;
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამისათვის;
  • სამსახურებრივი დროისა და ქონების, ასევე სხვა თანამშრომელთა დროისა და ქონების გამოყენება არასამსახურებრივი მიზნებისათვის (ეს წესი არ ვრცელდება სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე);
  • პირადი ინტერესებისათვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, თუ ეს ზიანს მიაყენებს საქართველოს პროკურატურის ინტერესებს;
  • შეღავათებით სარგებლობა პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას იმ პირისაგან, რომელიც ახორციელებს საქართველოს პროკურატურისათვის პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებას.
რაც შეეხება პროკურორის კოლეგებთან ურთიერთობას: ამ დროს იგი უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სოლიდარობის პრინციპით.
  • ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;
  • საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;
  • თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;
  • არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;
  • წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;
  • ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;
  • უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.
ეთიკის განხილვის საგანია ასევე პროკურორის მიერ საჯარო განცხადების გაკეთების სტილი. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და საჯარო გამოსვლების დროს გაკეთებული ოფიციალური წერილობითი ან სიტყვიერი განცხადებები უნდა იყოს საქმიანი და კარგად გააზრებული. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ ეს განცხადებები შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც საქართველოს პროკურატურის პოზიცია. პროკურატურის მუშაკს, რომელიც აკეთებს განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, არ ეკრძალება, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მიაწოდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს იმ მოცულობის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის მისთვის არის ცნობილი. როგორც ხედავთ, ეთიკა არა ერთ საკითხს უღრმავდება და სიტუაციის კონტროლის წესებს გვთავაზობს. სპეციალურად პროკურორტათვის, ეთიკის პრინციპები მოცემულია საქართველოს პროკურატურის ეთიკის კოდექსში.