წამება799 2012.12.04
წამება
გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით წ-დ ჩაითვლება “ნებისმიერი ქმედება, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ მიეყენება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან მორალური, იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნას მისგან, ან მესამე პირისაგან ცნობები, ან აღიარება, რათა დაისაჯოს იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიცაა იგი ეჭვმიტანილი, ან დააშინონ, ან აიძულონ ის, ან მესამე პირი, ან სხვა მიზნით, რაც ემყარება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როდესაც ასეთ ტკივილს, ან ტანჯვას ადგილი აქვს სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან სხვა პირის მხრიდან, რომელიც ოფიციალურ რანგში გამოდის, ან როდესაც ადგილი აქვს წაქეზებას მათი მხრიდან, ან მდუმარე თანხმობას”. წ-დ არ ჩაითვლება ტკივილი, ან ტანჯვა, რომლებიც კანონიერი სანქციების გამოყენების შედეგია, თან სდევს მის გამოყენებას, ან შემთხვევითია, თუ გამოყენებულია იმ ხარისხით, რომელიც არ ეწინააღმდეგება პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტებს. წ. გამოიყენება როგორც სახელმწიფოს სახელით, ასევე შეიარაღებული ოპოზიციის მიერ და ხშირად წინ უსწრებს პოლიტიკურ მკვლელობებსა და ადამიანთა გაუჩინარებას. იგი განეკუთვნება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ ყველაზე უხეშ დარღვევას. წ იკრძალება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-4 მუხ.), წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ კონვენციებით და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით. წ-ს აკრძალვა განეკუთვნება საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმას, როგორიცაა იმპერატიული ნორმები (Jus cogens). სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში (ორი ან მეტი პირის მიმართ, ორსული ქალის მიმართ, შეკვეთით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ა.შ.) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 126).