მთავრობის ახალი დადგენილება სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით794 2012.11.30
მთავრობის ახალი დადგენილება სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც ეხება ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. სოციალური დახმარების გაცემის წესი და პირობები მოიცავს რამდენიმე პირობას. ოჯახი ამ დადგენილების პირობებში მოექცევა, თუ: • ოჯახის არც ერთი წევრი არ ცხოვრობს (არ არის რეგისტრირებული) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებში ან დევნილთა იმ კერძო განსახლების ობიექტებში, რომლებსაც დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი მოეხსნათ. • ოჯახის არც ერთ წევრს სახელმწიფოსაგან ან კერძო ინვესტორისაგან არ მიუღია ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართობის სანაცვლოდ, ან ოჯახის არც ერთ წევრს პრივატიზების პირდაპირი მიყიდვის ფორმით არ აქვს დაკანონებული საცხოვრებელი ფართობი • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ოჯახის არც ერთ წევრზე არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართობი (ბინა); • ოჯახის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვეში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებია. ერთობლივ შემოსავალში არ გაითვალისწინება სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შემდეგი სოციალური დახმარებები: საარსებო შემწეობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურება, რეინტეგრაციის შემწეობა და დევნილის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობა. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ერთჯერადი, დროებითი ხასიათის ფულად გასაცემელს, რომელიც გაიცემა ოჯახზე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად. სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება ოჯახის მიერ სპეციალური განცხადების ფორმით სააგენტოში მომართვის შემთხვევაში. დახმარების გაცემა ხორციელდება ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში. სოციალური დახმარების პირველი გაცემა გან­ხორციელდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დაკმაყოფილებული ოჯახის წერილობითი განცხადებით სააგენტოში მომართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სოციალური დახმარების ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 200 ლარს. ოჯახის მიერ საცხოვრებელი ადგილის და/ან ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება გავლენას არ ახდენს სოციალური დახმარების ოდენობაზე და/ან მის გაცემაზე. “ზოგიერთი კატეგორიის ოჯახისათვის სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” მტავრობის ახალი დადგენილება ძალაში შევიდა 2012 წლის 28 ნოემბერს.