სიტყვისა და გამოხატის თავისუფლების უკიდურესი ფორმა873 2012.11.12
სიტყვისა და გამოხატის თავისუფლების უკიდურესი ფორმა
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე აქამდეც არა ერთხელ გვისაუბრია, და აღგვინიშნავს ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ უფლების დაცვა როგორც თვითონ ადამიანისთვის, ასევე დემოკრატიული ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე აღსანიშნავი ისიც არის, რომ ერთი პირის უფლების გადამეტებამ ან უხეშად გამოყენებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვისი უფლების ხელყოფა. და მაინც, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები გამოხატვისა და აზრის დაფიქსირების უკიდურეს გზას მიმართავენ? მართავენ საპროტესტო მსვლელობებსა თუ სხვა სახის ხმაურიან შეკრებებს… საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ – სწორედ ამგარემოებას არეგულირებს. შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტები. “შეკრება” არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით; “მანიფესტაცია” არის მოქალაქეთა დემონსტრაცია, მასობრივი საჯარო გამოსვლა,ქუჩაში მსვლელობა სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით, ან მსვლელობა პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტების და სხვა სახვითი საშუალებების გამოყენებით; კანონი აწესრიგებს პირების მიერ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების განხორციელებას − წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუმცა აღნიშნული უფლება არ ვრცელდება შეიარაღებული ძალების, შეიარაღებული სამართალდამცავი ორგანოების, სპეციალური და გასამხედროებული დაწესებულებების მოსამსახურეებზე. აუცილებლათ გაითვალისწინეთ ისიც, რომ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და პირები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილი უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე პროკურატურის, პოლიციის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოების შენობებთან; ასევე დაუშვებელია შე კრების ადგილი იყოს რკინიგზის სადგურები, აეროპორტები ან პორტები. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებსა და ობიექტებში და მათი შესასვლელებიდან ასი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. ასევე აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.