რას ამბობს უზენაესი სასამართლო ზიანის ანაზღაურებაზე1197 2012.11.12
რას ამბობს უზენაესი სასამართლო ზიანის ანაზღაურებაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადაცემის ფარგლებთან დაკავშირებით . მოცემულ საქმეზე დადგენილი იყო დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 27 ივნისს სს „ს.კ. ა.ბ-სა“ (მზღვევლი) და „ბ.ვ.შ.ა/ს-ს“ (დამზღვევი) შორის გაფორმდა ყირგიზული კომპანიისათვის მისაწოდებელი ტვირთის დაზღვევის ხელშეკრულება. ტვირთის გადაზიდვას ახორციელებდა შპს „ს რ-ა.“ 2006 წლის 13 სექტემბერს ბიშკეკში ჩასული ტვირთის ნაწილი დაზიანებული აღმოჩნდა. დაზიანების შედეგად გამოწვეული ზარალი მზღვეველმა დამზღვევს აუნაზღაურა, ხოლო 2010 წლის 21 აპრილს მიმართა შპს „ს რ-ს“ გადახდილი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც შპს „ს. რ-მ“ უარი განაცხადა, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მზღვეველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადაცემის გამიჯვნას რეგრესული ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა რეგრესულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ამ შემთხვევაში მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. თუ აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც. კრედიტორის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსგავს ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმები, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. (წყარო:http://www.supremecourt.ge)სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად