ფიზიკური და იურიდიული პირები საერთაშორისო კერძო სამართალში3569 2012.10.19
ფიზიკური და იურიდიული პირები საერთაშორისო კერძო სამართალში
საქართველოს კანონის „საერთაშორისო კერძო სამართლის“ მიხედვით, განსაზღვრულია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის სტატუსი, უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ ისეთივე უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა, როგორიც საქართველოს მოქალაქეებს. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება, თუ უცხო ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირების უფლებებისშემზღუდველი ნორმები. ამისათვის საჭიროა კანონით ნათლად განსაზღვრული ნორმა.

თუ პირი რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელთანაც იგი ყველაზე მჭიდროდაა დაკავშირებული, აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას. ხოლო თუ ის მოქალაქეობის არმქონეა ან შეუძლებელია მისი მოქალაქეობის დადგენა, მის მიმართ გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, სადაც მას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან ეწევა ძირითად საქმიანობას, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც ეს პირი განეკუთვნება. ეს წესი ვრცელდება ქორწინების შედეგად ქმედუნარიანობის გაფართოების შემთხვევებზეც. საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსის ცვლილება არ იწვევს ერთხელ შეძენილი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის შეზღუდვას. ახლა კი რაც შეეხება იურიდიულ პირს: მისი უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც იურიდიული პირის ადმინისტრაციას აქვს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ეს წესი გამოიყენება იურიდიული პირის ფილიალის მიმართაც. აქვე მინდა გაგაცნოთ ისეთი საკითხი, როგორიცაა პირის უგზო–უკვლოდ დაკარგულად აღიარება და გარდაცვლილად გამოცხადება. ეს საკითხი წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, რომელსაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი განეკუთვნებოდა მისი სიცოცხლის შესახებ უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით. მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – საქართველოს სამართალი. თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი საქმის განხილვის პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი შეიძლება უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან გარდაცვლილად გამოცხადებული იქნეს საქართველოს სამართლის მიხედვითაც, თუ ამისათვის არსებობს დასაბუთებული ინტერესი. ასე გამოიყურება კანონის განსაზღვრება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დაკავშირებით. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.