როგორ ითვლიან ვადებს საგადასახადო კოდექსის მიხედვით1706 2012.10.19
როგორ ითვლიან ვადებს საგადასახადო კოდექსის მიხედვით
საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ დებულებებს რაღა თქმა უნდა გააჩნია თავისი ვადები, რომლის მიხედვითაც გვევალება დაკისრებული მოვალეობების შესრულება. როგორც ყველას კარგად მოგვეხსენება, ვადებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, დროის თუნდაც რამდენიმე საათით გადაცილებამ კი შეიძლება დაგაკისროთ ჯარიმა ან სხვა სახის უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. ამიტომ დროის მონაკვეთისთვის დიდი ყურადღების მიქცევას გირჩევთ. მინდა გაგაცნოთ თუ როგორგამოითვლიან ვადებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, კვარტალებით, თვეებით ან დღეებით ანდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის, დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება განხორციელდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში; ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში ხოლო ვადა, რომელიც გამოიანგარიშება კვარტალებით, მთავრდება კვარტალის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში. მოქმედება, რომლის განხორციელებისთვისაც დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამ კოდექსით დაშვებულია მოქმედების განხორციელება საბანკო გადარიცხვით ან დაზღვეული საფოსტო გზავნილით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება დადგენილ ვადაში განხორციელებულად ითვლება, თუ იგი განხორციელდა ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელისათვის – პირველ წელს რეგისტრაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვისაგან. კალენდარული წელი მოიცავს ოთხ კვარტალს: 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით – I კვარტალი; 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით – II კვარტალი; 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით – III კვარტალი; 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – IV კვარტალი. მიაქციეთ ყურადღება ამ თარიღებსა და ტერმინებს. გამოთვალეთ ვადა ზუსტად და ჯეროვნად შეასრულეთ დაკისრებული ვალდებულება.

სხვა სიახლეები