შვებულება – ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში1268 2012.10.19
შვებულება – ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში
შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო ეს ისეთი საკითხებია, რომლის წამოჭრის დროსაც ყველა ერთსულოვნად დედისა და ბავშვის ინტერესისკენ იხრება და რა თქმა უნდა მაქსიმალური ხელშეწყობა ხდება მათ მიმართ. ზოგჯერ სამუშაოს ხარისხსაც გააჩნია, და იმ შრომით ხელშეკრულებასაც, რომლითაც ქალბატონი მუშაობს. თუმცა საინტერესოავიცოდეთ, თუ რა კონკრეტულ შეღავათებს აწესებს კანონი ასეთ დროს.

დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით. აქედან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე. შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო – ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 70 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ. რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ნავშვის ხანგრძლივი მოვლა. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს არა მხოლოდ დედას, არამედ ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, თქვენ საკმაოდ საშუალება გეძლევათ შეათავსოთ სამუშაოსთან როგორც ორსულობის პერიოდი, ასევე ბავშვის შემდგომი აღზრდა. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, და შეძლებთ დაძლიოთ ნებისმიერი სირთულე.

სხვა სიახლეები