სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში  3100 2022.03.13
სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

სასჯელი სისხლის სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძირითადი ცნებაა.ცხადია,მნიშვნელოვანია იმის თქმა,რომ სასჯელის გამოყენების საფუძველს დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს. ,,სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება’’(სსსკ.-ის მე-7(1)მუხლი).მაშასადამე,თუკი პირს აქვს რაიმე დანაშაული ჩადენილი,მას უნდა დაენიშნოს სასჯელი.სასჯელი შეიძლება გამოიხატოს , მაგალითად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში,რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.სსსკ.-ში არ არის სასჯელის კონკრეტულ ცნებას.ბევრი მეცნიერი/იურისტი საკუთარ მოსაზრებას აყალიბებს სასჯელის ცნებასთან და არსთან დაკავშირებით.მათ შორის,პროფესორი გურამ ნაჭყებია მიიჩნევს,რომ ,,სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული, უკიდურესი ზომა, რომელიც დანაშაულის ჩამდენ პირს ეკისრება სახელმწიფოს სახელით სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით, ართმევს ან უზღუდავს მსჯავრდებულს განსაზღვრულ სიკეთეს და იწვევს მასში მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას.’’

     სასჯელის არსის განხილვასთან ერთად თავს იჩენს ასევე სასჯელის მიზნები.როგორც უკვე ვთქვი,სასჯელის გამოყენების საფუძველს დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს ,მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა:საფუძველი გასაგებია,მაგრამ რა არის სასჯელის მიზანი?ცხადია,პირის ყველანაირ ქმედებს აქვს მიზანი.სისხლის სამართალში სასჯელის მიზნები საკმაოდ განხილვადი თემაა.რასაკვირველია,ერთ აზრზე ჩამოყალიბებული არავინაა,მაგრამ შესაძლოა სასჯელის მიზანი განიმარტოს შემდეგნაირად- სასჯელის მიზანი არის ის საბოლოო შედეგი, რის მიღწევასაც ცდილობს კანონმდებელი სასჯელის დაწესებითა და სასამართლო სასჯელის დანიშვნით.როგორც უკვე ითქვა,სასჯელის მიზნებისა და მისი დანიშვნის საკითხი დღესაც მნიშვნელოვან განსახილველ თემად რჩება.ისტორიული ჭრილით , ძველ დროში სასჯელის მთავარი მიზანი იყო დანაშაულის  ჩადენისთვის სამაგიეროს გადახდა და თვლიდნენ,რომ სასჯელი ბოროტებისთვის სამაგიეროს გადახდაა,აბსოლუტური თეორიების თანახმად.

დროთა განმავლობაში თუნდაც დასახელებულმა მიზანმა გარკვეულწილად სახე იცვალა.საინტერესოა ჰეგელის მოსაზრება სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით,მისი ზრით,დამნაშავე არა მარტო დამსჯელი ხელისუფლების ობიექტია,არმედ სამართლის სუბიექტიც,რაც გულისხმობს იმას,რომ დამნაშავის ადამინური ღირსება არ შეილახებოდა.

ცხადია, არსებობდა სამაგიეროს გადახდის საწინააღმდეგო მოსაზრებები,რომლებსაც ,ძირითადად, მეთვრამეტე საუკუნეში ,,განმანათლებლები’’ ავითარდებდნენ.მაგალითად,იყო მოსაზრება,რომ უნდა გამოიყენონ ისეთი ასჯელი ,რომელიც დანაშაულთან თანაფარობის გამო ყველაზე ძლიერ გავლენას(შთაბეჭდილებას)მოახდენს სულზე და ადამიანის სხეულისთვის ნაკლებად მტანჯველი იქნება.გარდა ამისა,კლასიკური(მაგ., ,,ფსიქოლოგიური იძულების თეორია’’) და სოციოლოგიური(მაგ.,პირობითი მსჯავრი) სკოლის მიმდევრებიც სამაგიეროს მიზღვის საწინააღმდეგო მოსაზრებებს აყალიბებდნენ.

სასჯელის მიზნები შესაძლოა დაიყოს უტილიტარულ(დამნაშავის ან სხვების მხირად მომავალში დანაშაულებრივი ქმედების შეზღდუდვა და შემცირება) და არაუტილიტარულ(მართლმსაჯუებისა და სამართლიანობის პრინციპის აღიარება) მიზნებად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისპირველი ნაწილის თანახმად ,,სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.’’ როგორც ჩანს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება(პრევენცია) სასჯელის ერთ-ერთი მიზანია.არსებობს პრევენციის 2 სახე-ზოგადი და სპეციალური პრევენცია.სასჯელის გენერალური პრევენციის თეორიის ადრესატია მთელი საზოგადოება.აქვე საინტერესოა,რომ შესაძლოა ზოგადი პრევენცია გულისხმობს იმ პირთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, რომელთა საქმიანობაც დანაშაულის ჩადენაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა,აღსანიშნავია,ზოგადი პრევენციული როლი სწორედ იმაში გამოიხატება,რომ დამნაშავისთვის მისი შეფარდება თავისი არსებობის ფაქტითა და გამოყენების შესალებლობით დადებით ეფექტს ახდენს საზოგადოების არამდგრად  ელემენტებზე დანაშაულის ადენისგან თავის არიდების მხრივ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის ზოგადი გაფრთხილება, როგორც სასჯელის ერთ- ერთი მიზანი.იგი მიიღწევა  საზოგადოდ საშიში ქმედებისათვის სასჯელის გამოყენების მუქარის გზით.თითქოსდა ეს ყოველივე ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს დამნაშავეებზე და ამან შესაძლოა ხელი ააღებინოს მათ დანაშაულის ჩადენაზე. საუბარია ზოგად პრევენციაზე,მაშასადამე, უნდა ითქვას ზოგადი პრევენციის მიზნის ორგვარი გზა:

• სისხლის სამართლის კანონის არსებობა-სისხლის სამართლის კანონი სასჯელის მუქარით კრძალავს გარკვეულ ქმედებათა ჩადენას,განსაზღვრავს ,რა არის დასაშვები და რა არა და ა.შ.

• დაშინება-ზოგი ადამიანი დანაშაულს არ ჩადის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო,რომ დასჯის ეშინია.

სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მსჯავრდებულის სოციალურ ადაპტაციას.ამისთვის კი საჭიროა სასჯელი ზოგადი პრევენციის გამოყენება.ამით იმის თქმა შეიძლება,რომ სასჯელმა საზოგადოება უნდა განმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით,ნაცვლად იმისა,რომ მასზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.თუკი ამ შემთხვევაში დაშინებას მიიღება მხედველობაში,შესაძლებელი თავისუფლად ითქვას,რომ სასჯელი დამაშინებელ ზემოქმედებას ახდენს არა ყველა ადამიანზე, არამედ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მიდრეკილნი არიან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისაკენ.

რაც შეეხება სპეციალურ პრევენციას.ეს გულისხმობს იმას,რომ სასჯელის დანიშვნის და მისი მოხდის შემდეგ მსჯავრდებულს აღარ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ხელმეორედ ჩაიდინოს დანაშაული.ზემოთ,ზოგად პრევევნციაზე მსჯელობისას ითქვა ზოგადი გაფრთხილება. სპეციალური გაფრთხილება კი კონკრეული დამნაშავის მიმართ განხორციელებული სასჯელის გამოყენების ზემოქმედებაა.ზოგადგამართხილებელი ზემოქმედება გულისხმობს არა მარტო სასჯელის შიშით მოტივირებულ ზეგავლენას,არამედ მორალური თუ აღმზრდელობით დადებითი ჩვევების გამომუშავებას.

ზოგადი და სპეციალური პრევენცია ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და მთლიანობაში ემსახურებიან დანაშაულის წინასწარ აცდენას. ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, როგორც სასჯელის ერთ-ერთ მიზანს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში.აქვე აღსანიშნავია,რომ როგორც ზოგადი,ისე სპეციალური(კერძო) პრევენციის მნიშვნელობა თანაბრად გასათვალისწინებელია დამნაშავისთვის სასჯელის დანიშვნის დროს.

ზოგად გაფრთხილების თეორიის მიხედვით,დამნაშავის დასჯა მაგალითი უნდა იყოს დანაშაულის ჩადენისგან სხვების შესაკავებლად.ცხადია,ამ თემაზე მსჯელობა მოიტანს დასკვნებსაც,რომ მკაცრი სასჯელის დანიშვნას ზოგადი გაფრთხილების მიზნის მისაღწევად  დადებითი შედეგი არცთუ ისე ხშირად მოსდევს.ამასთან ერთად საინტერესოა,რომ სასჯელის შეფარდებით სპეციალური მიზნის მიღწევა შეიძლება განხორიელდეს სხვადასხვა გზით.მაგალითად,თუკი სასჯელის ზომად მიჩნეული და ,რასაკვირველია,არჩეულია  თავისუფლების აღკვეთა,დამნაშავეს ფიზიკურად აღარ ექნება შესაძლებლობა ჩაიდინოს ახალი დანაშაული(აქ არ იგულისხმება ის ფაქტი,რომ დამნაშავემ ახალი დანაშაული შესაძლოა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ჩაიდინოს).სპეციალური პრევენციის მიზანი მიღწეული იქნება,როდესაც დამნაშავე ახალ დანაშაულს აღარ ჩაიდენს.

ბევრი განიხილავს სასჯელის მკაცრს ფორმას,თუ რამდენად მისაღები და ეფექტურია დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.რასაკვირველია,სასჯელმა უნდა შეაკავოს ზიანის მომტანი ქმედება.ამ დროს ,ცხადია,შეკავებამ არ უნდა გამოიწვიოს მეტი ზიანის მოტანა.როგორც უკვე ვთქვი,მხოლოდ სასჯელის გამკაცრება არ მოიტანს შედეგს,რასაც დანაშაულთა შემცირება ჰქვია.ამავდროულად საზოგადოებამაც უნდა გააცნობიეროს დანაშაულის საშიშოროება და მასთან ბრძოლის აუცილებლობა.

თუმცა არსებობს პრაქტიკა,რომელიც ადასტურებს,რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებამ დადებითი შედეგი გამოიღო.თუნდაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაფიქსირებული გატაცების ფაქტის სიმრავლე.საზოგადოება მწვავედ შეხვდა ამ ფაქტს.მათმა საყოველთაო გაკიცხვამ,რომელიც  დანაშაულის ჩამდენებისკენ იყო მიმართული,მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ საქმეში.სასჯელის გამკაცრების შემდგომ ადამიანთა გატაცების ფაქტები შემცირდა.ეს ყოველივე არა სასჯელის შიშმა,არამედ,როგორც უკვე ითქვა,საზოგადების რეაქციამ გამოიწვია.

დანაშაულის თავიდან აცილებაზე მსჯელობის შემდგომ სამართლიანობის აღდგენის ჯერი დადგა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.’’როგორც ვხედავთ,სამართლიანობის აღდგენა სასჯელის ერთ-ერთი მიზანია.შეუძლებელია სამართლიანობის ზოგადი ცნების ჩამოყალიბება. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა.არცთუ ისე მარტივი წარმოსადგენია სამართლიანობის აღდგენა დასჯის გარეშე,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ სამართლიანობის აღდგენა რაიმე სახით დაკავშირებული უნდა იყოს სამაგიეროს გადახდასთან.პირი იმისთვის უნდა დაისაჯოს,რომ მიღწეული იყოს სასჯელის მიზანი-სამართლიანობის აღდგენა.სასჯელის  შეფარდება არ უნდა უფუძნებოდეს ტალიონის პრინციპის განხორციელებას და ,რასაკვირველია, სასჯელი უნდა იყო რაციონალური.

სასჯელის სამართლიანობაში უნდა იგულისხმებოდეს საზოგადოებისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებლის მოტანას,სასჯელის შეფარდების სამართლებრივ გადაწყვეტას და სხვ.რასაკვირველია,სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პირის მძიმე ოჯახური გარმოებები,განსაკუთრებული ცხოვრებისეული სიტუაცია და ა.შ.სისხლის სამართლის წესით დასჯა სერიოზული და საჭირო მოქმედებაა საზოგადოებრივ-სოციალური სამართლიანობის აღსადგენად.მაშასადამე,მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის აღდგენა.ეს ნიშნავს დანაშაულებრივი ქმედებით შელახული ადამიანის ,საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესების აღდგენას. სოციალური სამართლიანობა სხვადასხვა ხერხით მიიღწევა.მაგალითად,ქონებრივი ხასიათის სასჯელებს აქვთ ანაზღაურებადი ხასიათი. მკვლელობის ან ზოგიერთი მძიმე დაზიანების შემთხვევაში აღდგენით ხასიათს გამოხატავს მსჯავრდებულის  თავისუფლების აღკვეთა.

სამართლიანობის აღდგენა შეიძლება გამოიხატოს  იმაში, რომ დაცულ იქნეს პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო დანაშაულებრივი ქმედებებისაგან. სამართლიანობის აღდგენის მიზანი მიღწეული იქნება მაშინ, როდესაც სასჯელი საზოგადოებასა და დაზარალებულ პირს უბრუნებს სამართლიანობის უზენაესობის შეგრძნებას.

და რაც შეეხება დამნაშავის რესოციალიზაციას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.’’ შესაბამისად,დამნაშავის რესოციალიზაცია სასჯელის ერთ-ერთი მიზანია.რესოციალიზაციის ცნება არ არის განმარტებული საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით.იგი დამნაშავის(მსჯავრდებულის) გამოსწორებასა და საზოგადოებაში დაბრუნებას გულისხმობს-სამართლებრივ ნორმაზე(კერძოდ, სსსკ.ის 39(2)-ე მუხლი) დაკვირვებით,ამის დანახვა არცთუ ისე რთულია- ,,მსჯავრდებუსა და სხვა პირზე ზემოქმედებით’’.ამ შემთხვევაში შესაძლოა ითქვას,რომ სასჯელის მიზანი და მისი განხორციელება არის ერთი და იგივე-მსჯავრდებულის მიერ მართლწესრიგის დავისა და კანონის წინაშე პასუხისხმგებლობის გრძნობის გამომუშავება.

ეს ფორმები თავისულების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.იგულისხმება შემდეგი-პატიმრობის კოდექსში საუბარია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებზე და არა მაგალითად პირობით მსჯავრებზე.ისინი არ არიან თავისუფლებააღკვეთილნი,ამიტომაც ცოტა ბუნდოვანია მათი რესოციალზაიის მიზნის განხორციელება.

ტერმინები განსხვავებულია,მიუხედავად ამისა,შეიძლება ისეც ითქვას,რომ  რესოციალიზაცია დამნაშავის გამოსწორებას გულისხმობს.ამ პროცესში მნიშვნელოვანია ეტაპების სწორად გავლა,თუნდაც გაარკვეული თვისებები,უხეშად რომ ითქვას,ჩანერგვა,რომელიც მსჯავრდებულს დაეხმარება თავიდან აიცილოს ახალი დანაშაულის ჩადენის სურვილი.აქვე ეს შესაძლოა მიიჩნეოდეს რესოციალიზაციის ეფექტურ შედეგად.ზოგიერთი დანაშაული წუთიერი სისუსტითაა ჩადენილი.ეს არ უნდა აფერხებდეს მას კვლავს დაუბრუნდეს პატიოსან ცხოვრებას და დადებითი თვისებები წამოწიოს წინ.თუმცა მეორე მხარეს დგანან ადამიანები,რომლებსაც ამორალური და მანკიერი თვისეეი სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი.ცხადია,ეს მეტ ენერგიას და თავგანწირვას,მოითხოვს თანაც სავარაუდო უშედეგობით.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა.პროგრამის მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირებისთვის რეაბილიტაცია, საზოგადოებაში მის სრულუფლებიან წევრებად დაბრუნება და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება იყო. საინტერესოა,რომ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში დაფუძნდა სამკერვალო საწარმო, რომელშიც 25 მსჯავრდებული ქალი დასაქმდა. გარდა ამისა, შეიქმნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც პატიმარ ქალებს შესაძლებლობა აქვთ, იზრუნონ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

ვისაც რესოციალიზაცია შეუძლია,სისხლის სამართლის დამნაშავე აღარ იქნება,მაშადამე მთლიანად პრევენციული ღონისძიება შედეგიანია,ასევე პირიქით- როდესაც სისხლის სამართლის დანაშაული პრევენციული ქმედებებით გადაიჭრა,რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო,ამით არა მხოლოდ პოტენციური მსხვერპლია დაცული,არამედ პოტენციური დამნაშავე გადარჩა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას.ეს ფორმალურად ლოგიკური და ცხადია.

როგორც ზემოთ ნახსენებია,რესოციალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ეტაპების ზუსტად და სწორად გავლა,იმისათვის,რომ გარკვეულ შედეგს მიაღწიოს მსჯავრდებულმა.იმედი მაქვს სამომავლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში იქნება განმტიცებული თუნდაც  სასჯელის ისეთი ფორმა,მაგალითად, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა.

დასკვნის სახით რომ ითქვას,სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია,რასთან დაკავშირებითაც მრავალი პრაქტიკა,იურიდიული ლიტარატურა და ნაშრომი მოიძებნება.ეს არის თემა,რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს,იმისათვის რომ სასჯელის მიზნები განხორციელდეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გ. ნაჭყებია , გ. ტყეშელაძე , მ. ლეკვეიშვილი , ნ.  თოდუა , ქ. მჭედლიშვილი-ჰედრიხი , გ. მამულაშვილი, მ. ივანიძე , ი. ხერხეულიძე , სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, მეოთხე გამოცემა, თბილისი, 2019, გამომცემლობა “მერიდიანი”

საქართველოს კანონი - პატიმრობის კოდექსი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

Dr.Lutz Klein , ,,Resozialisierung? Ein Mentorenprojekt für den hessischen Strafvollzug‘‘ , Internetdokumentation des Deutschen Präventionstages , Hannover , 2011.

http://sps.gov.ge/ka/media/arqivi/article/18952-1415304000.html?fbclid=IwAR0Ta3mfzZtF_VSVHOhfVyQKNjXGXgs89yjZ7- 

 

 

ავტორი: ხატია ლოლომაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე