როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის საკითხს 1394 2022.03.13
როგორ არეგულირებს კანონმდებლობა ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის საკითხს

ბავშვი სამართლის განსაკუთრებული და მნიშვნელოვან სუბიექტს წარმოადგენს, რომლის უფლებებიც გამორჩეულად არის დაცული, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით ასევე საქართველოს კანონმდებლობითაც. გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია პრეამბულაში ამაზე მკაფიოდ უსვამს ხაზს და აღნიშნავს: „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“

იმისათვის რომ ბავშვი აღიზარდოს სრულფასოვან და მშვიდ გარემოში, ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ამისა არის ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში. აღნიშნული ქმნის გარანტიას იმისა რომ ბავშვი  შეძლებს ფიზიკურად და ფსიქიკურად სრულად განვითარებას და საბოლოოდ პიროვნებად ჩამოყალიბებას. 

სამართლებრივად, საკმაოდ საინტერესოა შემთხვევა, როდესაც ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლები გააჩენენ შვილს და სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული მექანიზმი მშობლების რეგისტრაციის შესახებ თავის დანიშნულებას სრულფასოვნად ვერ ასრულებს. ანუ იგულისმხება რომ, რა თქმა უნდა დედის დადგენა მარტივია, მშობიარობისას გაკეთებული ჩანაწერით, თუმცა მამობაზე იმავეს ვერ ვიტყვით. როგორც ცნობილია, დაქორწინებული პირების მშობლებად რეგისტრაციისას მოქმედებს პრეზუმფცია რომლის მიხედვითაც ქმარი ასევე ივარაუდება ბავშვის მამად სანამ  სხვა არ გახდის ამ საკითხს სადაოს, თუმცაღა საინტერესოა რა ხდება მაშინ, როდესაც პოტენციური მამა დედასთან ქორწინებაში არ იმყოფება და მსგავსი ვარაუდის საფუძველი კანონს არ გააჩნია. 

ჯერ კიდევ, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მე-40 მუხლი პრობლემატურად აღიქვამდა ამ თემას და აღნიშნავდა რომ, სამართლებრივად თანასწორნი იყვნენ ქორწინებაში და მის გარეშე დაბადებული ბავშვები. ამავდროულად „ქორწინების გარეშე და ქორწინებაში შობილი უფლებითა და მოვალეობით თანასწორნი არიან, დედას უფლება აქვს იძიოს და დაამტკიცოს, ვინ არის მამა მის მიერ ქორწინების გარეშე შობილისა: აგრეთვე ქორწინების გარეშე შობილს უფლება აქვს იძიოს თავისი მამა.“

დღეს ეს საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ კარგად არის რეგულირებული თუმცა მაინც შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო და პრობლემატურ საკითხზე ყურადღება გავამახვილოთ და ვიმსჯელოთ. 

იმისათვის რომ ბავშვის მშობლის ვინაობა დადგინდეს, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი, ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მშობელთა ერთობლივი განცხადების წარდგენას მიიჩნევს. აქ ივარაუდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ორივე მშობელი და არა მხოლოდ მამა, ადასტურებს იმას რომ ბავშვი მათი შვილია. უფრო თუ დავკონკრეტდებით ეს დოკუმენტი ერთგვარად წარმოადგენს დედის დასტურს იმის თაობაზე რომ მამა ნამდვილად ის პირია ვისთან ერთადაც აკეთებს წინამდებარე განცხადებას. 

თუ მსგავსი პირობა სახეზე არ გვაქვს, ანუ არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება, ასეთ შემთხვევაში მამობის აღიარებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, როგორც ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ასევე მისი მეურვისა და თავად ამ ბავშვის სურვილით, თუ ის მიაღწევს სრულწლოვანებას. ეს ჩანაწერი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს ერთგვარად უფლების დაცვის მექანიზმს ბავშვის დედისათვის, რათა მისი აღზრდის ვალდებულება გაინაწილოს მამასთან. იმისათვის რომ მარტივი აღსაქმელი გახდეს რა შემთხვევაში შეიძლება ვისარგებლოთ ამ დანაწესით, კარგი იქნება თუ ისეთ შემთხვევას განვიხილავთ, როდესაც მამას არ სურს რომ დადასტურდეს ის ფაქტი რომ  შვილი მისია და ამით ცდილობს აიცილოს ყველა ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც მის მიმართ წარმოეშობა. ასეთ დროს დედას საშუალება აქვს, მოითხოვოს სასამართლო წესით მამობის დადგენა, თუმცა ეს სრულად არ გამორიცხავს საპირისპირო შემთხვევას, როდესაც პირიქით დედას არ სურს რომ რაიმე კონტაქტი ჰქონდეს ბავშვის მამასთან და შესაბამისად არ შეაქვს მასთან ერთად განცხადება სასამართლოში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ჩანაწერი ორივე მშობლის უფლებას თანაბრად იცავს და აღიარებს. 

საინტერესოა როგორ შეიძლება დადგინდეს ბავშვის მამობა. ერთის მხრივ, საკამოდ მარტივია დადგინდეს ვინ არის ბავშვის დედა. დედისაგან შვილის წარმოშობის დადგენა, როგორც წესი, არ წარმოშობს პრობლემებს. აღნიშნული ხორციელდება ადმინისტრაციული წესით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ. ამ ფაქტის თაობაზე უფლებამოსილი პირი (სამედიცინო დაწესებულება, მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სხვა დაინტერესებული პირი) ატყობინებს შესაბამის ორგანოს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით („სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველის კანონის 23–24-ე მუხლები). ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და დედის განცხადების საფუძველზე (26-ე მუხლი).

 „მამობის დადგენა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. იგი ასევე განიხილება, როგორც საოჯახო სამართლის ინსტიტუტი და ბავშვის უფლებათა დაცვის საშუალება. პირველ შემთხვევაში, ეს არის იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ შვილის წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – ბავშვის დარღვეული (სადავოდ ქცეული) უფლებების დასაცავად (აღიარებისაკენ) მიმართული ზომა.“

 უძველეს დროში, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები აგებული იყო მამის აბსოლუტური და ცალმხრივი ძალაუფლების პრინციპზე: მამის მიმართ საპასუხო ურთიერთობებში შვილები წარმოადგენდნენ არა სუბიექტებს, არამედ ობიექტებს; მათ არ გააჩნდათ არანაირი უფლებაუნარიანობა. ძველი პატრიარქალური წყობა არ უშვებდა არავითარ კონტროლს მამის ძალაუფლებაზე რომელიმე გარე ინსტანციის მხრიდან, თუ არ ჩავთვლით რელიგიის ან საზოგადოებრივი აზრის არაიურიდიულ კონტროლს.

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ყოველთვის დიდი პრობლემის და დავის საგანი ხდებოდა ბავშვი მამობის საკითხი, განსაკუთრებით კი მონარქიული წყობილების ქვეყნებში სადაც ტახტი ძირითადად მამიდან შვილს გადაეცემოდა. ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში ეს ხშირად გამხდარა დაპირისპირების და ზოგჯერ ომის საფუძველიც კი. დღეს, მას შემდეგ რაც ადამიანებმა მეცნიერებაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს, ბევრად უფრო მარტივი გახდა მამის ვინაობის გარკვევა. 

კანონმდებლობა მამობის დადგენის 2 გზას იცნობს.  კანონმდებელმა ბავშვის მამობის დადგენის საკითხის განხილვისას ძირითად და გადამწყვეტ მტკიცებულებად ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები აღიარა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურა და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებების უკეთ დაცვას შეუწყო ხელი. 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იღებს სასამართლო მხედველობაში ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განცხადებაში მითითებული პირის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

ქართული კანონმდებლობისათვის გენეტიკური ექსპერტიზა ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენს. დნმ-ის ტესტი, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია სხვადასხვა გენეტიკური მასალით, როგორიცაა თმა, ფრჩხილი, სისხლი თუ სხვა მასალა, თითქმის 100% სიზუსტით ადგენს მამის ვინაობას. 2011 წლამდე კანონი დნმ-ის გამოყენების შესაძლებლობას არ ცნობდა, ბავშვის მამობის დადგენისას, თუმცა ნოვაცია კანონში ადამიანის უფლებათა სასამართლოს ერთ-ერთმა გადაწყვეტილებამ მოახდინა (Okroshidze v. Georgia).  აღნიშნულ საქმეში სახეზე გვქონდა მორიგების შემთხვევა. მას შემდეგ რაც საერთო სასამართლოებმა ოყრეშიძეებს უარი განუცხადეს მამობის დადგენაზე დნმ-ის ტესტის საფუძველზე და საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეცა, ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო რომ სამოქალაქო კოდექსში შეეტანა ცვლილებები და ბიოლოგიური ექსპერტიზა განსაზღვრა მამობის დადგენის ერთ-ერთ ხერხად. 

კიდევ ერთი საგულისხმო საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის სსკ-ს 1190-ე  მუხლის მერვე ნაწილი, რომელიც სასამართლოს უფლებაზე მიუთითებს და აღნიშნავს რომ, ამ უკანასკნელს  აქვს უფლება უარი განაცხადოს ბავშვის მამობის დადგენაზე. საინტერესოა ზუსტად რას გულისხმობს ეს ჩანაწერი და რა შემთხვევაში შეუძლია სამართალშემფარდებელს ისარგებლოს ამ უფლებით.

 შესაძლებელია, პროცესზე, საქმის არსებითი განხილვის შედეგად, სასამართლო მივიდეს დასკვნამდე, რომ მამობის დადგენა არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს, რა დროსაც სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას მამობის დადგენაზე.

 შესაბამისად, აქ ამოსავალი წერტილი უკვე არის ბავშვის ინტერესი. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად, სათანადო ყურადღება ეთმობა. ეს დანაწესი უკვე ნათელს ხდის იმას რომ, ყოველთვის წინა პლანზე დგას ის თუ რა ზეგავლენას მოახდენს კონკრეტული გადაწყვეტილება მოზარდზე, როგორ აისახება ის მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე და ყურადღება  ნაკლებად ექცევა მშობლის უფლებას შვილის ყოლაზე. სასამართლომ აუცილებლად უნდა გაიზიაროს მოზარდის აზრი და შეფასება განსახილველ დავასთან მიმართებით. 

სასამართლომ შესაძლოა იხელმძღვანელოს ამ ნორმით (1190.8) მაშინ, როდესაც, მაგალითად ბავშვი თავის ფაქტობრივ აღმზრდელს, დედის მეუღლეს მიიჩნევს ბიოლოგიურ მამად, რადგანაც ცხოვრობენ ერთ ოჯახად და ბავშვს არ აქვს ცნობა იმის შესახებ რომ  მის ნამდვილი მამას ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს. ამასთან, ბავშვი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ასაკში (მაგ: გარდატეხის პერიოდი), რა დროსაც შესაძლოა მას გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგეს. ასეთ შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლისა და იმის დასადგენად, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მამობის დადგენას. თუ ასეთი კვლევა დაადასტურებს რომ მამობის დადგენამ შეიძლება ბავშვის ფსიქიკას მძიმე და წარუშლელი კვალი დაამჩნიოს, სასამართლოს შეუძლია ისარგებლოს ზემოთ აღნიშნული უფლებით და მამობის დადგენაზე თქვას უარი. 

შესაბამისად, ზემოთ უკვე მკაფიოდ გამოვყავი და ვიმსჯელე დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენის ჩემთვის საინტერესო საკითხებზე. დასკვნისათვის ისევ აღვნიშნავ და ვიტყვი რომ, ბავშვებზე ზრუნვა, მათი აღზრდა – მშობლების თანაბარი უფლება და მოვალეობაა. ამ პრინციპის განხორციელებას ემსახურება მამობის დადგენა, როგორც ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ერთ-ერთი საშუალება. 

 

ავტორი: ლუკა ხვარეშია 


გამოყენებული ლიტერატურა

https://hudoc.echr.coe.int/fre#{%22itemid%22:[%22001-115808%22]}
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901?publication=0
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1921 წლის 21 თებერვალი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე