სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია967 2022.02.28
სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

 სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ქვეყანაში ძლიერი სასამართლოს არსებობა განაპირობებს ხალხის ნდობისა და დაცულობის შეგრძნებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არსებობისათვის. აუცილებელია, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით ხაზი გაესვას იმ საერთაშორისო აქტებს, რომლებშიც ნათლადაა წარმოჩენილი სასამართლო დამოუკიდებლობის როლი და მნიშვნელობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,  სასამართლოს დამოუკიდებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იურიდიულ ლიტერატურაში  სასამართლოს დამოუკიდებლობას ხშირად განმარტავენ, როგორც სასამართლოებისა და მოსამართლეების უნარს, განახორციელონ საკუთარი ფუნქციები სამთავრობო ან კერძო სუბიექტების ჩარევის ან კონტროლისგან დამოუკიდებლად. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, მიღებულ იქნეს სამართლიანი გადაწყვეტილება და პარალელურად, დაცულ იქნეს ის კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებებსა და ფასეულობებს.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის ასევე რეალიზდეს პრაქტიკაში, რათა დაცული იქნეს ის კონსტიტუციური პრინციპები, რომელიც აუცილებელია, როგორც ქვეყნის ისე, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიცაზიის პროცესის განვითარებისათვის. სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოს კონსტიტუცია ნორმატიულად უშუალოდ განამტკიცებს 59-ე მუხლში, რომლის I ნაწილის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები.“ იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ,  ხშირად ვხვდებით  შემთხვევებს, როდესაც კონსტიტუციური ნორმების იმპლიმენტაცია პრაქტიკაში არ ხორციელდება, ფორმირდება სახელმწიფო, რომელშიც ადამიანებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაკარგული აქვთ ნდობისა და მათი უფლებების დაცულობის განცდა ეროვნულ დონეზე. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს სახელმწიფო სასამართლო დამოუკიდებლობის კუთხით ნამდვილად დგას ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორიცაა სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, რაც თავისთავად იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპის დარღვევას, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფო. მნიშვნელოვანია, განვმარტოთ თუ რას გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციურსამართლებრივი  მექანიზმი.  

როგორც ვიცით, სახელმწიფოსა და სამართლის მიზნობრივი ქმედითობის მნიშვნელოვან გარანტად საკოსტიტუციო სამართალი და კონსტიტუცია გვევლინება, რომელიც ცდილობს სამართლის შესაბამის ღირებულებებზე დაყრდნობით სახელმწიფოს ადამიანის თავისუფლების ინტერესსა და უფლებებში ჩაყენებას. შესაბამისად, კონსტიტუცია, როგორც ქვეყნის ძირითადი კანონი , რომელიც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი ფორმირების გარანტიც უნდა იყოს, განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებს, რომელთა საშუალებითაც უნდა შეიქმნას რეალური საფუძველი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისულებების თავისი ჭეშმარიტი არსით გამოვლენისთვის. სწორედ,  დემოკრატიული სახელმწიფოსა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები წარმოადგენენ იმ ფუნდამენტურ პრიცნიპებს, რომელშიც რეალიზებულია ის ღირებულებები, რომელიც გარანტირებულია ქვეყნის უზენაესი კანონით. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე( საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/5/768,769,790,792, 29 დეკემბერი, 2016) საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული დებულება, როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან. ამგვარად, ნებისმიერი რეგულირება, რომელიც ხელისუფლების რომელიმე შტოს კომპეტენციას და საქმიანობას ეხება, უნდა შემოწმდეს არა მხოლოდ ხელისუფლების ამა თუ იმ ორგანოს კომპეტენციის დამდგენ კონსტიტუციურ დებულებასთან, არამედ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტური პრინციპი და ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმი.“აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხაზს უსვამს ჩვენს მიერ განხილული პრინციპის მნიშნელობას და იმავდროულად , სასამართლო ხელისუფლების, როგორც დამოუკიდებელი შტოს არსებობას არა ფორმალურ დონეზე, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობით.

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი ხალხის მიერ ხელისუფლების განხორციელებას და შესაბამისად ხელისუფლების ხალხის სამსახურში ჩაყენებას უზრუნველყოფს, აღნიშულს კი სახალხო სუვერენიტეტის  პრინციპთან მივყავართ, რომელიც საკუთრივ მოიაზრებს გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით. მაგრამ, ამ დროს,  რჩება გარკვეული სივრცე, რომელშიც ცალკეული ინდივიდები ექცევიან და მათი უფლებების დასაცადავ აუცილებელი ხდება ამ ვაკუუმის შევსება.სწორედ ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია  სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.  დემოკრატიული სახელმწიფოს კონცეფცია ადამიანის თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველს დამოუკიდებლად ვერ ქმნის, ამიტომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის სახით არსებობს დამატებითი გარანტია იმისა, რომ როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ისე თავად ხალხი შეზღუდულნი უნდა იყვნენ სამართლით. 

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე საქართველოს კონსტიტუციაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მხოლოდ კონსტიტუციის პრეამბულაში ფიქსირდებოდა, თუმცა უკვე 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად მას ცალკე მუხლი დაეთმო. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“. აღნიშნულს აქვს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური გაგება, რომლის გამოჩენაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდთან არის დაკავშირებული და მოითხოვს, რომ სამართალი უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიან სამართალთან დაკავშირებით იურისტ მეცნიერთა წრეში უამრავი მოსაზრება არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღნიშნული ტელეოლოგიურად განვმარტოთ და ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს ადამინის უფლებები თვით კონსტიტუციით დადგენილ ზღვარზე მეტად თანაზომიერების პრინციპთან შეუსაბამისობაში. რაც მთავარია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის რეალური ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რადგანაც მხოლოდ ასეთ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა რეალურად დაიცვას ადამიანის ღირსება და თავისუფლება, ამასთანავე, შებოჭოს სახელმწიფო და ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის განვითარებას. 


 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. საქართველოს კონსტიტუცია, ხელმისაწვდომია: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

  2. https://www.echr.coe.int/documents/convention_eng.pdf

  3. https://www.britannica.com/topic/judicial-independence

  4. https://www.ohchr.org/en/professionalinterest/pages/independencejudiciary.aspx

  5. https://www.ejtn.eu/PageFiles/18794/LECTURE%20POWERPOINT%20SHEETS%20S.%20DIJKSTRA%202020%202.pdf

  6. ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, შესავალი საკონსტიტუციო სამართალში, 2016.

  7. ვ. გონაშვილი, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, ი. კახიძე, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, თბილისი, 2020.

  8. დ. გეგენავა, თ. პაპაშვილი, ქ. ვარდოსანიძე, გ. გორაძე, რ. ბრეგაძე, თ. თევზაძე, ლ. ცანავა, პ. ჯავახიშვილი, ზ. მაჭარაძე, გ. სიორიძე, ბ. ლოლაძე, შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში, 2019.

 

ავტორი: მარიამ აფციაური, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე