რელიგიური სიმბოლოების გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით927 2022.02.28
რელიგიური სიმბოლოების გამოყენება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით

რელიგია ლათინური სიტყვაა და თაყვანისცემას, მორწმუნეობას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნების ჩამოყალიბება მეორე საუკუნეს (და ამ პერიოდში მოღვაწე ორატორს - ციცერონს) უკავშირდება, იგი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს პიროვნული განვითარების ხელშეწყობაში. მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა ხაზგასმულია თუნდაც იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რწმენის თავისუფლება ადამიანის თვითშეგნების საწყისად მიიჩნია. რწმენის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშიც, რომლის მეცხრე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მეთექვსმეტე მუხლის მსგავსად, ამ უფლებას ორ ასპექტში წარმოადგენს: იგი მოიცავს აზროვნებისა (forum internum) და მოქმედების სფეროებს (forum externum). პირველი მათგანი განამტკიცებს  შესაძლებლობას, იქონიო გარკვეული რწმენა, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები (the right to hold a belief), მეორე კი გულისხმობს რწმენის საჯაროდ გამჟღავნების უფლებას, სწავლების, აღმსარებლობის თუ რელიგიური სიმბოლოების ტარების გზით (the right to manifest a belief). ამგვარ გამიჯვნას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც „აზროვნების სფერო“ აბსოლუტურადაა დაცული სახელმწიფოს ჩარევისგან, ხოლო „მოქმედების სფერო" კი ქმნის საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, ამიტომ შეზღუდვას ექვემდებარება. შეზღუდვის გამამართლებელი ლეგიტიმური საჯარო მიზანი კი შესაძლოა იყოს სხვათა უფლებები (მაგ: ნეგატიური რწმენის თავისუფლება), ჯანმრთელობა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოება. 

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რწმენის თავისუფლება როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ასპექტებს აერთიანებს. ნეგატიური რწმენის  თავისუფლება გულისხმობს პირის უფლებას, იცხოვროს და განვითარდეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პირობებში, ხოლო პოზიტიური ასპექტი აქტიური მოქმედების, რწმენის გამჟღავნების და პროზელიტიზმის უფლებას მოიცავს. 

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, რელიგიური სიმბოლოების ტარება „მოქმედების სფეროს" განეკუთვნება. მის ფარგლებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა რამდენადაც ევროპის მასშტაბით საკითხზე კონსესუსის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, სახელმწიფოთათვის მინიჭებული თავისუფალი შეფასების არეალი საკმაოდ ფართოა. ეს სულაც არაა გასაკვირი  საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილების ანალიზი დაგვეხმარება განვსაზვროთ შეფასების სწორი მასშტაბი და  მოწინავე სახელმწიფოთა მიერ არჩეული მიდგომები.

  1. ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ - საქმე ეხება სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელმაც გააპროტესტა უნივერისტეტის რექტორის ბრძანება ისლამური თავსახვევის აკრძალვასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული აკრძალვა იმ პერიოდის თურქეთშია მიღებული, როდესაც ქვეყანაში სეკულარიზმის პრინციპი „ყვაოდა" და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საწინდრად მიიჩნეოდა. ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ სახელმწიფოს პოზიციას დაუჭირა მხარი და აღნიშნა, რომ რელიგიური ნეიტრალიტეტის ჩამოყალიბება საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პრინციპებს სრულად შეესაბამებოდა.

  2. ლაუცი იტალიის წინააღმდეგ - მოცემულ საქმეში ლაუციმ იტალიის ერთ-ერთ სკოლაში (სადაც მისი შვილები სწავლობდნენ) საკლასო ოთახებში ჯვარცმის სცენის გამოსახვა გააპროტესტა. იგი თვლიდა, რომ ჯვარცმა კედელზე ქმნიდა გარემოს პროზელიტიზმის (ქრისტიანული რელიგიის გავრცელების) ხელშეწყობისათვის. თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ამგვარი სიმბოლოების გამოსახვა მიზნად არ ისახავდა მოსწავლეთა ნეგატიური რწმენის თავისუფლების შეზღუდვას და მხოლოდ ისტორიული დატვირთვა ჰქონდა. ამიტომ რელიგიური სიმბოლოების გამოყენება სკოლაში არ იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მიერ შეფასების თავისუფალი სივრცის გადაჭარბებად.

  3. დალაბი შვეიცარიის წინააღმდეგ - დალაბი მასწავლებელი იყო, რომელმაც ისლამი მიიღო და რელიგიური თავსახვევის ტარება დაიწყო. ეს ფაქტი სკოლის ინსპექტორმა გაასაჩივრა, დავამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და ევროპულ სასამართლომდე მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ დალაბის პოზიციით რელიგიური თავსახვევის ტარების აკრძალვა რწმენის მანიფესტაციის უფლებაში ჩარევას წარმოადგენდა, ჰიჯაბი იქნა მიჩნეული „აქტიურ სიმბოლოდ", რომელიც ბავშვზე ზეგავლენის მოხდენის რისკს ზრდიდა. ამას ხელს უწყობდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული იერარქიული ურთიერთობა. ამიტომ, ევროპული სასამართლო მოცემულ შემთხვევაშიც სახელმწიფოს პოზიციას განამტკიცებს. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ შვეიცარიაში თურქეთის მსგავსად სეკულარიზმის პრინციპს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ზემოთ განხილული საქმეები ცხადად მოწმობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რელიგიური სიმბოლოების გამოყენების საკითხი იმ სახელმწიფოთა მიდგომების საფუძველზე ფასდება, რომლებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პატოვს სცემს სახელმწიფოთა მიერ არჩეულ პრინციპებს, მათ შორის სეკულარიზმის პრინციპსაც.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას ის, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები (განსაკუთრებით სავალდებულო საფეხურები) არ უნდა იქცნენ პროზელიტიზმის წყაროდ და მოსწავლეებით მანიპულირების იარაღად. თუმცა იმავდროულად აუცილებელია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მაქსიმალური სტანდარტით იყოს დაცული თითოეული ჩვენგანის უფლებები მათ შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური რწმენის თავისუფლება. შეუძლებელია საზოგადოების განვითარება იმ პირობებში, როცა მის წევრებს საკუთარი (არა)რელიგიური შეხედულებების გამომჟღავნების ეშინიათ. სტატიას კი ჯულიან კასაბლანკასის საინტერესო ფრაზით დავასრულებ: რელიგია არასდროსაა პრობლემა. პრობლემა მათშია, ვინც რელიგიას ძალაუფლების მისაღებად იყენებს.



 

გამოყენებული ლიტერატურა

კონსტანტინე კუბლაშვილი, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, 2019 წელი.

European court of human rights, guide on article 9 of the european convention of human rights, 2021.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება. 

ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ, 2005 წელი.

დალაბი შვეიცარიის წინააღმდეგ, 2001 წელი.

ლაუცი იტალიის წინააღმდეგ, 2011 წელი.



 

ავტორი: მარიამ აფაქიძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე