თანაზიარ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა ერთ-ერთი მეუღლის მიერ და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები1231 2022.02.23
თანაზიარ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვა ერთ-ერთი მეუღლის მიერ და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები

პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის უძველეს და ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. თავის მხრივ, ქორწინება მეუღლეებს შორის წარმოშობს საკმაოდ რთულ და მრავალმხრივ ურთიერთობებს. ქორწინების ცნება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში, რომლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).  აქედან გამომდინარე, საქორწინო-სამართლებრივი ურთიერთობა საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობას წარმოადგენს,რომლის წარმოსაშობად საკმარისი არაა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანხმობა დაქორწინების შესახებ , ასევე საჭიროა ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფო ორგანოში, რადგან სწორედ რეგისტრაციის შემდეგ წარმოექმნებათ მხარეებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობები. სწორედ რეგისტრაციის მნიშვნელობას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე  მუხლი,რომლის მიხედვითაც მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს ,როგორც პირად არაქონებრივ , ასევე ქონებრივ ურთიერთობებსაც. ქონებრივი ურთიერთობები უფრო დეტალურადაა მოწესრიგებული სამართლის ნორმებით,რასაც ვერ ვიტყვით პირად  ურთიერთობებზე. ქონებრივია ყველა ის საზოგადოებრივი ურთიერთობა,  რომელიც დაკავშირებულია განსაზღვრულ ქონებასთან, მის მფლობელობასთან,  სარგებლობასა და განკარგვასთან. საოჯახო კანონმდებლობის მიხედვით, მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად - ინდივიდუალურ და საერთო თანაზიარ საკუთრებად, ანუ თანასაკუთრებად. რაც შეეხება ინდივიდუალურ საკუთრებას, ინდივიდუალურია ქონება,რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაწვრილებით აღარ შევჩერდები, თუმცა აღვნიშნავ რომ ამ საკითხს ეხება სსკ-ის 1161-ე მუხლი. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის მიხედვით, თითოეული მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა, თუ საქორწინო შეთანხმებით სხვა რამ არ არის განმარტებული.  ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება,  რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თუ ქონების ღირებულება რომელიც წარმოადგენდა ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას, ქორწინების პერიოდში მიმდინარე რემონტის, ან დაბანდების საფუძველზე გაიზარდა, თუმცა არა მნიშვნელოვნად, ეს არ შეიძლება გახდეს ქონების თანასაკუთრებად გადაქცევის საფუძველი, გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება,  გადაკეთება,თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სამართლებრივად მნიშნველოვანი, თუ ქონების ღირებულება გაიზრდება მნიშვნელოვნად. 

რაც შეეხება უშუალოდ თანასაკუთრებას, ახლა განვსაზღვროთ თუ რა მოიაზრება მეუღლეთა თანასაკუთრებაში. მეუღლეთა თანასაკუთრებას ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე  მუხლი,რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.  ხოლო მე-2 ნაწილი გვეუბნება შემდეგს - ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანაზიარი საკუთრება, ინდივიდუალური საკუთრებისგან განსხვავებით,  ერთობლივად ეკუთვნით მეუღლეებს, მათ თანაბარი უფლებები გააჩნიათ აღნიშნულ ქონებაზე. ასეთ ქონებაში მოიაზრება  მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება, მეუღლეთა ერთობლივი მოხმარების საგნები, ხელფასი, ფულადი შემოსავლები, მათი მიღების წყაროს მიუხედავად.

 სადავო საკითხთან მიმართებით კი შეუძლებელია არ ვახსენოთ საჯარო რეესტრი და მისი დანიშნულება ამ საკითხთან მიმართებით. საჯარო რეესტრს საკმაოდ დიდი როლი გააჩნია საოჯახო სამართალში, კერძოდ კი მეუღლეთა თანასაკუთრების ჭრილში, როგორც ვიცით სამოქალაქო სამართალში მოქმედებს საჯარო რეესტრის სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, რომელიც ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლში. მიუხედავად ამ ინსტიტუტის უდიდესი მნიშვნელობისა, ის პრაქტიკაში გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი მეუღლეა დარეგისტრირებული მესაკუთრედ, რეალურად კი ქონება წარმოადგენს თანაზიარ საკუთრებას, მეორე მეუღლე ამ დროს დიდი შანსია დარჩეს საკუთრების უფლების გარეშე. საკითხი უფრო მეტად აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს მანამ, ვიდრე მისი საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. შესაბამისად, მესამე პირებისათვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად მათი უზუსტობის დამტკიცებამდე. ამდენად საჯარო რეესტრი ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო მეორე მხრივ, იგი სრულ კონსესუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. სწორედ ამიტომ უნდა დადგინდეს, რა ფუნქციას ასრულებს საჯარო რეესტრი მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების რეჟიმის მოწესრიგებაში, კერძოდ კი , საჯარო რეესტრში მონაცემების ასახვა წარმოშობს საკუთრების უფლებას თუ მონაცემების აღრიცხვამდეც არსებობს საკუთრების უფლება, რომელიც უბრალოდ, საჯაროდ აღიარებას საჭიროებს.  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.  ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი გვეუბნება შემდეგს - მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკაში შესაძლოა გარკვეული გაუგებრობა წარმოიშვას თანაზიარი საკუთრების უძრავი ქონების ერთ-ერთი მეუღლის მიერ განკარგვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილია, ის ფაქტი, რომ მოძრავი და უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა განსხვავებულია. უძრავ ქონებაზე უფლებების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მისი სახელმწიფო რეგისტრაცია. ასეთი ქონება შეიძლება დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მეუღლის სახელზე, რითაც ამ მეუღლეს განსაკუთრებული უფლებამოსილება ენიჭება, ვინაიდან, მხოლოდ მის სახელზე წარმოიშობა საკუთრების უფლება. პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მეორე მეუღლე თანამესაკუთრეს წარმოადგენს, მაგრამ საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი მეუღლეა რეგისტრირებული, შესაბამისად, მესამე პირისთვის შეუძლებელი ხდება იმის გაგება რომ ეს ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას და არა მხოლოდ რეგისტრირებული მეუღლის საკუთრებას. ჩემი აზრით, ეს უკანასკნელი საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და აუცილებელია თანაზიარი უძრავი ქონების რეგისტრაცია მოხდეს ორივე მეუღლის სახელზე. ვინაიდან, ერთ-ერთი მეუღლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს ორი გზით: პირველი, ასეთი მეუღლე არ შეიძლება იყოს თანამესაკუთრედ აღიარებული; მეორე, როცა ერთ-ერთი მეუღლე არაა დარეგისტრირებული მფლობელად, მან შეიძლება დაკარგოს საკუთრების უფლება, თუ მეორე მეუღლემ თანასაკუთრებაში შემავალი ქონება გაყიდა ან შეიძლება მას უარი ეთქვას პარტნიორთა საკუთრებიდან მისი წილის ფლობაზე განქორწინების ან დაქვრივების გამო.  

როგორც უკვე აღვნიშნე, რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისთვის ეს ფაქტი უცნობია. შეგვიძლია ვთქვათ რომ ამ დროს ნამდვილი მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება და ინტერესათა კონფლიქტის დროს დასადგენია თუ რომელს ენიჭება უპირატესობა. კანონმდებელმა კეთილსინდისიერ მეუღლესა და კეთილსინდისიერ შემძენს შორის ინტერესთა კონფლიქტის დროს, პრიორიტეტი კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას მიანიჭა, იქიდან გამომდინარე,რომ თანამესაკუთრე მეუღლემ არაფერი იღონა იმისათვის, რომ საკუთარი საკუთრების უფლება კანონით დადგენილი წესით ყოფილიყო გაფორმებული (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული).საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ გასათვალისწინებელია კეთილსინდისიერი მეუღლის, როგორც თანამესაკუთრის, ინტერესების დაცვის საჭიროება, მაგრამ კეთილსინდისიერი შემძენისაგან განსხვავებით, მას კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს სამართლებრივი საშუალება, საჯარო  რეესტრში რეგისტრაციის გზით დაიცვას თავისი უფლება ხელყოფისაგან, რასაც ვერ ვიტყვით კეთილსინდისიერ შემძენზე. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც,რომ  მესამე პირებისთვის რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, რადგან მათ იცავთ საჯარო რეესტრისადმი არსებული საჯარო ნდობა. საჯარო შეესაბამება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან.

ასევე ამ პოზიციას განამტკიცებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება უკავშირდება  სუბიექტურ ფაქტორს და არა ობიექტურს. ამასთან, კეთილსინდისიერება არსებობს  უფლების წარმოშობამდე. ამ თვალსაზრისით თუ შევადარებთ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 187-ე მუხლებს, აშკარად დავინახავთ განსხვავებას. კერძოდ, კოდექსის 187-ე  მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.  ხოლო  185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი  ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში,  გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო  მესაკუთრე. ამდენად, მოძრავი ნივთების შემთხვევაში, შემძენის კეთილსინდისირების  შემოწმების არეალი უფრო ფართოა, ვიდრე უძრავი ნივთების შემთხვევაში. რაც შეეხება საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნას, პალატა განმარტავს, რომ უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნას, რის გამოც ჩანაწერია უზუსტო. 

შეგვიძლია ვთქვათ,რომ საჯარო რეესტრი წილის რეგისტრაციით უზრუნველყოფს ერთ-ერთი მეუღლის საკუთრების უფლების დაცვასა და აღიარებას.  საბოლოოდ, გამოდის, რომ თუ თანამესაკუთრე მეუღლემ არ გამოიყენა უფლების დარეგისტრირების შესაძლებლობა, თვითონვე იღებს საკუთარ თავზე საკუთარი წილის საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობის იურიდიულ შედეგებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი შემძენი უფრო მეტად იმსახურებს დაცვას, ვიდრე კეთილსინდისიერი თანამესაკუთრე. 

საბოლოოდ კი, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს იმას, რომ კეთილსინდისიერ შემძენსა და დაზარალებულ თანამესაკუთრეს შორის უპირატესობა კეთილსინდისიერ შემძენს ენიჭება, თუნდაც საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციიდან გამომდინარე, რადგან კეთილსინდისიერი შემძენი ეყრდნობა სწორედ ამ პრეზუმციას. მე ვეთანხმები  სასამართლო პრაქტიკას იმ მხრივ, რომ მართალია უპირატესობა დავის დროს კეთილსინდისიერ შემძენს უნდა მიენიჭოს, თუმცა დაუცველი არ უნდა დარჩეს მეორე თანამესაკუთრის ინტერესი, რადგან ის დაარღვევს მეუღლეთა თანაზიარი საკუთრების არსს. თუ თანაზიარი საკუთრება გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მხარეს თანაბარი უფლებები უნდა გააჩნდეთ თანასაკუთრების განკარგვის შემთხვევაში, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მაშინ უნდა იყოს შექმნილი ისეთი სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც არ დაარღვევდა მეორე მხარის ინტერესს უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.  აქედან გამომდინარე, მესამე პირის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ამ ვითარებას გამოვა რომ სახეზეა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე, თავის მხრივ არ ჩანს მეორე თანამესაკუთრე მეუღლე, რომლის ინტერესები წესით უნდა იყოს დაცული, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის მეორე მხარისგან არ არის ინფორმირებული და შესაბამისად არც თანხმობა აქვს მიცემული, ხოლო სასამართლო პრაქტიკა უპირატესობას მესამე პირს ანუ კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს. ჩემი  პოზიციიდან გამომდინარე, დაცული უნდა იყოს არამარტო კეთილსინდისიერი შემძენის, ასევე მეორე მეუღლის უფლებები და ინტერესებიც. როდესაც, საქმე გვაქვს უძრავი ქონების თანასაკუთრებასთან, ივარაუდება რომ მესაკუთრე არის ის ვინც ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. კანონმდებელმა უნდა შემოიღოს ისეთი დანაწესი, რომლითაც აუცილებელი იქნება საჯარო რეესტრში მეორე მეუღლის რეგისტრაცია თანამესაკუთრედ. ამ შემთხვევაში აღარ გვექნება სახეზე კეთილსინდისიერი შემძენის და მეორე მეუღლის ინტერესთა კონფლიქტი. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ამ გზით არსებული პრობლემა აღმოიფხვრება.

 

 ავტორი: ანა სიმონიშვილი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.

ბიბლიოგრაფია

  1. რ.შენგელია, ე.შენგელია , საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი , თბილისი , 2017 წელი.

  2. ბ.ზოიძე,  ქართული სანივთო სამართალი , თბილისი , 2003 წელი .

  3. მ. ბიჭია , მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობების რეჟიმის თავისებურებები საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მართლმსაჯულება და კანონი , N1’19, 2019 წელი.

  4. საქართველოს უზენაესი სასამართლო , 08.09.2006 , იხ: საქმე 33-489-06

  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9  დეკემბრის №3კ-932-02 გადაწყვეტილება

  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის Nას‑189‑182-2013 გადაწყვეტილება

  7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული ვერსია 28/12/2021. 

https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=116

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე