თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!2812 2022.02.23
თმენის ვალდებულება–სად გადის ზღვარი?!

„შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი იწყება.“ ეს სიტყვები მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი აწესებს გარკვეულ ზღვარს და გვეუბნება, რომ არაფერია აბსოლუტურად შეუზღუდავი, მათ შორის არც თავისუფლება. კონსტიტუციის 44–ე მუხლის მე–2 პუნქტშიც ეს აზრია გატარებული: „ადამიანის უფლებათა და თავისუფებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები.“ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც კონსტიტუციითაა განმტკიცებული, ერთმანეთთან მოდის კონკურენციაში. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოხდეს ამ უფლებათა რეალიზაციის სწორი შეფასება. ქართული სამართლის სიტემა იცნობს თმენის ვალდებულების ინტიტუტს, რომელიც არაერთხელ გამხდარა უფლებით სარგებლობის შეზღუდვის ერთგვარი ინდიკატორი. თმენის ვალდებულების ზუსტი დეფინიცია მოცემული არ გვაქვს, რადგან მოთმინება შეფასებითი ცნებაა და იგი ყოველ კონკრეტულ ვითარებაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. იგი რამდენიმე ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, მათ შორის ერთ–ერთია საჯარო და კერძო პირების თმენის ვალდებულება კრიტიკასთან მიმართებით.

სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლი იცავს პირის არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის პატივს, ღირსებას, საქმიან რეპუტაციას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. კანონმდებლობა განსხვავებულად აწესრიგებს კერძო და საჯარო პირების ცილისწამების საკითხს, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ტოვებს უსამართლობის განცდას. საქართველოს კანონით: „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, საჯარო პირთან შედარებით კერძო პირის უფლებები მეტად დაცულია. საჯარო პირს, თავისი სტატუსიდან გამომდინარე მეტი მოთმინება მოეთხოვება და კრიტიკის ფარგლებიც მის მიმართ საკმაოდ ფართოა. საინტერესოა, ხომ არ არის ეს დისკრიმინაციული მიდგომა და რამდენად გამომდინარეობს იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საჭიროებიდან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მასმედიის მეშვეობით ვრცელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები. საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მის პარალელურად კონსტიტუციითვეა განმტკიცებული ღირსების ხელშეუვალობა(მე–9 მუხლის 1–ლი ნაწილი). ჩვენი აზრით, აზრის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იძლეოდეს უფლების ბოროტად გამოყენების საშუალებას და არ უნდა სარგებლობდეს დაცვის მეტი უპირატესობით. საჭიროდ მიგვაჩნია გარკვეული ზღვარის დაწესება და ვთვლით, რომ იგი დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის და ადამიანების ინტერესების დაცვისთვის უნდა შეიზღუდოს კიდეც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დაუსაბუთებელ და შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხება. 

ქართული სასამართლო პრაქტიკა უმეტესწილად მაღლა აყენებს მასმედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს. უზენაესმა სასამართლომ ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: „პრესის საშუალებით ინფორმაციებისა და იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა.“ ვფიქრობთ, რომ ამგვარ მიდგომას არ უნდა ჰქონდეს რადიკალური ხასიათი და მან პიროვნებისგან არ უნდა მოიხოვოს შეუსაბამოდ დიდი მოთმინება.

თმენის ვალდებულებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ასევე სამეზობლო სამართალშიც. ქართული ანდაზის მიხედვით - „კარგი მეზობელი ამომავალ მზეს სჯობიაო“. თითოეულ მოქალაქეს უწევს მისი ცხოვრების განმავლობაში მეზობლისათვის ანგარიშის გაწევა, მასთან ურთიერთობა. საქართველოში არსებული ტრადიციის მიხედვით, მეზობელი დახმარების წყარო და ერთგვარი იმედია. თუმცა, ამასთანავე, ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მეზობელთან გარკვეული კონფლიქტები წარმოიშობა. კერძო სამართალში გათვალისწინებულია ისეთი გარემოებები, რომლის დროსაც გარკვეული უფლების მესაკუთრე ნებადართულია პირადი შეხედულებით, ექსკლუზიურად და სხვათა (უმეტეს შემთხვევაში მეზობლების) ჩართვის გარეშე ისარგებლოს საკუთარი უფლებით. კერძო სამართალში დადგენილია მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის აკრძალული და დასაშვები შემთხვევები. ამ დროს მესაკუთრის მეზობლებს ეკისრებათ თმენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.“ თუ პიროვნებას არსებითი ზიანი არ ადგება და მისი ყოველდღიური რუტინა მეზობლის ქმედებით არ ირღვევა, მას არ შეეძლება მოითხოვოს მეზობლისგან კონკრეტული ქმედების აღკვეთა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი განმარტებულია იგივე წესის მოქმედება იმ შემთხვევაშიც, როდესაც პიროვნების ქმედება არსებითად ხელყოფს მისი მეზობლის უფლებებს, თუმცა ეს გამოწვეულია ნაკვეთითა ან უძრავი ქონებით ისეთი ჩვეულებრივი სარგებლობით, რომელიც, ზოგად ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსგავსი ქონების ნებისმიერი მოსარგებლისთვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. არსებითი ხელყოფის დადგენის შემთხვევაში, თუ ის ნამდვილად ქონების ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგად წარმოიშვა, დაზარალებულს შეუძლია მეზობლისგან მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ასეთ ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად შეგვიძლია დავასახელოთ აუცილებელი გზის სახით მეზობლის ნაკვეთის გავლა საკუთარ უძრავ ქონებასთან მისასვლელად. მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს კი, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია.

მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ არსებითი და არა არსებითი ხელყოფის დიფერენცირებისთვის კანონში კონკრეტული დათქმა არ არსებობს. თმენის ვალდებულება კონკრეტულ ჩარჩოებში არ არის მოქცეული, რაც ისევ მოქალაქეთა სასარგებლოდ მეტყველებს. დარღვევის შეფასება ხდება ინდივიდუალურად, შესაბამისი ქონების ჩვეულებრივი მოსარგებლის მასშტაბით და არა მხოლოდ დაინტერესებული პირის სუბიექტური აზრის გათვალისწინებით. ამ გზით მოქალაქეთა უფლებები სრულყოფილად არის დაცული და მათ ეძლევათ შესაძლებლობა თავიდან აირიდონ საკუთარ ნაკვეთზე მეზობლისგან შექმნილი არაკომფორტული პირობები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს კონსტიტუციის 44–ე მუხლის მე–2 პუნქტი, მისი მე–17 მუხლის 1–ლი პუნქტი და მე–9 მუხლის 1–ლი პუნქტი. იხ. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

  2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლი.

იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=116

  1. საქართველოს კანონით: „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე–13 და მე–14 მუხლები. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=6

  2. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 1, 2017. გვ.125

იხ. http://ewmi-prolog.org/images/files/9994CCCvol1.pdf

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 175. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702?publication=116 

  2. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი II. სანივთო (ქონებრივი) სამართალი, 2018. გვ.93-95

  3.  „სანივთო სამართალი“, თ. ზარანდია, 2019. 

  4. №ას-712-712-218 ,  29 ივნისი , 2018 წელი.

 

ავტორები: მარიამ თურქაძე და მედეა სიფროშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–2 კურსის სტუდენტები.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე