ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები775 2022.02.23
ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები

 ოჯახში ძალადობა რომ კვლავ აქტუალური თემაა, ამაზე არავინ დაობს. მასმედიის საშუალებით ხშირად ვისმენთ ოჯახში ძალადობის გამაოგნებელ ისტორიებს. უპირველესი პრობლება, ჩემი აზრით, იმაშია, რომ ადამიანები გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხს და მას „ოჯახურ“ პრობლემად თვლიან, ამიტომაც ხშირად თავს იკავებენ მასში ჩარევისაგან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების, ისე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებებისა და ადექვატური, მოქნილი მექანიზმების არსებობის შესახებ, რასაც კანონმდებლობა მათ სთავაზობს. აღნიშული სტატიის მიზანიც ესაა და ვეცდები მოკლედ მიმოვიხილო ოჯახში ძალადობის მძიმე ხასიათი და მისი გამოვლენისა და აღკვეთის არსებული მექანიზმები. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც შეაფასა პოლიციის საქმიანობის და გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზის, 112–ის ეფექტიანობა. 2020 წლის მარტი–ივნისის კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ 44%–მა გამოიძახა პოლიცია. იმათ კი, ვინც პოლიციას არ დაუკავშირდა, ამას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ხშირად ესაა უნდობლობა (გამოკითხულთა 35%) და ინფორმაციის ნაკლებობა(გამოკითხულთა 30%). დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი, რომელიც აქტიურად თანამშრობლობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფართან“ აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგები უკეთესი სერვისების შექმნაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ ბოლო წლების ვითარებას. პრეზიდენტის დეკრეტით საქართველოში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა, ამან კი ხელი შეუწყო მსხვეპლისა და მოძალადის ერთ სივრცეში იზოლაციას. კრიზისულ პერიოდში კი, მათ შორის ეპიდემიის დროს არსებობს ქალთა მიმართ ძალადობის ზრდის ტენდენცია. ამასთან თითქმის ყველა ქვეყანაში გაიზარდა ძალადობის მსხვერპლი ქალების რიცხვიც, რაზეც გაეროს მონაცემები მეტყველებს. მაგალითად, საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების რიცხვი კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30%-ით გაიზარდა, არგენტინაში - 25%-ით, კვიპროსში - 30%-ით, სინგაპურში - 33%-ით. ძალადობის რისკს სხვადასხვა გარემოება ამწვავებს, მათ შორისაა სტრესი, ცხოვრების შიში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, აგრესია და ა.შ

ახლა კი განვიხილოთ ქართული კანონმდებლობა ოჯახში ძალადობასთან მიმართებით და სახელმწიფოს მიერ გატარებული მნიშნელოვანი ღონისძიებები. ოჯახში ძალადობა სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და იგი სისხლის სამართლის კოდექსის 126’ მუხლითაა გათვალისწინებული. იგი 2012 წელს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილს. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მიხედვით სს დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი პატივი და ღირსება, ასევე მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება. ეს ჩამონათვალი კი გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჩამოყალიბებაზე. ცნობილია, რომ ოჯახში ძალადობა ხშირად წარუშლელ კვალს ტოვებს მსხვერპლთა ფსიქიკაზე და უყალიბებს მათ მრავალ კომპლექსს. მათ უჩნდებათ მუდმივი შიში, თანდათან შორდებიან მეგობრებისა და ახლობლების წრეს. საქართველოს კანონი: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ოჯახში ძალადობა შემდეგნაირადაა განმარტებული: „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.“ ხშირ შემთხვევაში იგი სისტემატიურ ხასიათს იძენს და მსხვერპლთა მიმართ სხვადასხვა ფორმით მჟღავნდება, მათ შორის: დამცირებით, შანტაჟით, ცემით, შეურაცხყოფით და სხვა.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმებიდან ხაზი უნდა გავუსვათ დამცავ და შემაკავებელ ორდერებს. შემაკავებელ ორდერს უშუალოდ ფაქტზე რეაგირების დროს გამოსცემს პოლიციის თანამშრომელი. იგი დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მოქმედებს 1 თვემდე ვადით. ხოლო დამცავ ორდერს გამოსცემს სასამართლო. კანონის თანამად, დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის უფლებით სარგებლობენ როგორც მსხვერპლი, ისე მისი ოჯახის წევრები ან პირი, რომელიც მსხვრპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას. ამის თაობაზე აღნიშნულმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასამართლოს, რომელიც განცადებას განიხილავს 10 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას. იგი 6 თვემდე ვადით გამოიცემა, თუმცა შესაძლებელია მისი გახანგრძლივება 3 თვემდე ვადით. მსხვერპლის დაცვის კიდევ ერთი  მექანიზმია ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება მოძალადის მიმართ, რომელიც მსხვერპლის ძალადობისაგან დაცვის დროებით ღონისძიებას წარმოადგენს. მისი მეშვეობით კონტროლდება მოძალადის მსხვერპლთან მიახლოება. 

ერთ–ერთ მიზეზს იმისას, თუ რატომ არჩევენ დუმილს ძალადობის მსხვერპლნი არის ის, რომ ისინი ეკონომიკურად არ არიან დამოუკიდებლები. ბევრ მათგანს არ გააჩნია საკუთარი ბინა და არ სურთ ნათესავებისათვის საკუთარი პრობლემების თავზე მოხვევა. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი ამ პრობლემის გადასაჭრელად არის კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების არსებობა. კრიზისული ცენტრი სახელმწიფო მომსახურებაა და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან. კრიზისული ცენტრის მნიშვნელობას მისივე დანიშნულება განაპირობებს. იგი დაზარალებულებს უწევს უფასო ფსიქოლოგიურ, სამედიცინო, სოციალურ და სამართლებრივ დახმარებას. მაგრამ იგი არ არის თავშესაფარი და მასში განთავსება ყველაზე მეტი 12 დღითაა შესაძლებელი, ისიც მხოლოდ თბილისის კრიზისულ ცენტრში. თავშესაფარში განთავსება კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პირს მსხვერპლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს კი გარკვეულ სირთულეებს ქმნის, რადგან ზოგჯერ მოძალადის იდენტიფიკაცია და საკმარისი საბუთების შეგროვება დროში იწელება ან ვერ ხდება ძალადობის გამომჟღავნება გარკვეული მიზეზების გამო. ეს კი აბრკოლებს მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას და ადამიანები ვეღარ სარგებლობენ თავშესაფრით. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს აღნიშნულის მიმართ და გამოყოს გონივრული რაოდენობის ფინანსები კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების აშენებისა და მათი გამართული ფუნქციონირებისათვის.

მიუხედავად ყველაფრისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. იგი ყველანაირად ცდილობს გაზარდოს მოსახლეობის პოლიციისადმი მიმართვიანობა. ვფქირობ, რომ სხვერპლის დაცვის ზემოაღნიშნული მექანიზმების გარდა, ერთ–ერთი გადამწყვეტი თვითონ საზოგადოების ჩართულობა და გააქტიურებაა. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა და მათში ნდობის გაზრდა, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეამცირებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მზია ლეკვიაშვილი, გოჩა მამულაშვილი,ნონა თოდია, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი 1) მეშვიდე გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2019, გვ 170–173.

  2. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/presscenter/pressreleases/2021/covid-domestic-violence-police-112.html

  3. კორონავირუსის პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე იხ.

https://idfi.ge/public/upload/Blogs/COVID-19GEO.pdf

  1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N 126, 2020 წლის 26 აგვისტო, ქ.თბილისი, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. მუხლი 3.1 და 3.2 იხ. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4974072?publication=0

  2. საქართვეოს კანონი: ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მე–3 მუხლი, მე–4 მუხლის ი) და ლ) ქვეპუნქტი, მე–10 მუხლი. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/26422

  3. სისხლის სამართლის კოდექსის 126​1 მუხლი. იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/16426?publication=238#!

  4. კრიზისული ცენტრები - მნიშვნელოვანი მომსახურება ძალადობის მსხვერპლებისთვის, იხ. https://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2019/03/crisis-centres---an-important-service-for-victims-of-violence

 

სტატიის ავტორი: ირაკლი სიფროშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე–3 კურსის სტუდენტი.

 

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე