ევენტუალური განზრახვა და მისი შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა3517 2022.02.23
ევენტუალური განზრახვა და მისი შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა

ევენტუალური განზრახვის ცნება და ზოგადი მიმოხილვა:

 დღესდღეობით ევენტუალური განზრახვის საკითხი საკმაოდ პრობლემატური და აქტუალურია. ამ საკითხზე განსახვავებული მიდგომა არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალში. ქართული სამართალი განიხილავს მას განზრახვის სახედ, ისევე, როგორც სხვა მრავალი ქვეყანა, ამერიკული, ინგლისური, ფრანგული სამართალი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მას განიხილავენ თვითიმედოვნებასთან ერთად სუბიექტური მხარის დამოუკიდებელ ფორმად, რომელიც განზრახვაზე მეტად გაუფრთხილებლობის გამომხატავია. იქედან გამომდინარე, რომ სამართალში არ არსებობს ერთი ჭეშმარიტება და ,,სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრია’’, არ არის საკვირველი ასეთი მიდგომა ამ საკითხისადმი. როგორც უკვე აღინიშნა, განზრახვის ერთ-ერთ სახედ ევენტუალური, ე.წ. არაპირდაპირი განზრახვა მოიაზრება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში სსკ), 9.3 მუხლი ზუსტად იძლევა არაპირდაპირი განზრახვის განმატებას. პირდაპირ და არაპირდაპირ განზრახვას ერთმანეთისგან განასხვავებს ნებელობითი ნიშანი.  ანუ, ევენტუალური განრზრახვა ნების არარსებობის ელემენტით განსხვავდება პირველი ხარისხის პირდაპირი განრაზვისგან. ასევე, არასწორი მიდგომაა, თუ გაიგივებული იქნება ევენტუალური განზრახვა და მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა. პრაქტიკაში ეს გაიგივება ძალიან ხშირია და მარტივად შეიძლება გაიგოთ სხვადასხვა მეცნიერ-იურისტისგან, ვინაიდან, ,,მე-2 ხარისხის პირდაპირი განზრახვის დროს დამნაშავე მიისწრაფვის სხვა მიზნისკენ, ხოლო შედეგი წარმოადგენს მიზნის განსახორციელებლად ჩადენილ გარდაუვალ ქმედებას. აი, ამ ფაქტის გამო აიგივებენ მათ და აღიქვამენ მათი მსგავსების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევენტუალური განზრახვის დროს, შედეგი არის სავარაუდო, არა გარდაუვალი.’’

პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის ერთმანეთისგან გამიჯვნა

 პირდაპირი განზრახვის დეფინიციის აღქმა შედარებით მარტივია არაპირდაპირთან, ვინაიდან ამ დროს ხდება დანაშაული, რომლის შედეგიც პირის მიერ გამიზნული იყო, ამიტომაც ყველანაირი ,,შემთხვევის’’ გარეშე, სრულიად გაცნობიერებულად ხდება. ამ შემთხვევაში არსებობს იმის ცოდნა და ნებელობა, რასაც პირი ჩადის. საქართველოში დღევანდელ მონაცემებზე დაყრდნობით უფრო ხშირია პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულები, ვიდრე არაპირდაპირით. რაც შეეხება სანქციასა და სასჯელს, საკითხავია აქვს თუ არა არსებითი მნიშვნელობა ამ ფორმების არსებობას? იმის და მიუხედავად, რომ პირდაპირი განზრახვა აღქმულია როგორც ბრალის უკიდურესად მაღალი ხარისხი და მეტად მძიმე დანაშაული, მაინც სანქციებს შორის არსებითი განსხვავება არ არის. თუმცა, ანალოგიურის თქმა შეუძლებელია სასჯელთან დაკავშირებით, ვინაიდან სასჯელის ზომაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, თუ რომელი მიიჩნევა მეტად მძიმე დანაშაულად და რომელს აქვს ბრალის უფრო მაღალი ხარისხი. საინტერესოა, რომ ქართულ მიდგომას არ ეთანხმება გერმანია, რომელიც თავის მხრივ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას სულაც არ აქცევს განზრახვის ფორმას. ,,არც პირდაპირი განზრახვაა მკვლელობის დროს სასჯელის დამამძიმებელი გარემოება და არც ევენტუალური განზრახვა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ფაქტორი’’

სიტყვა ,,არაპირდაპირი’’ არ უნდა იქნას გაგებული ეტიმოლოგიურად, აქცენტი უნდა გაკეთდეს მის შინაარსობრივ მხარეზე. კერძოდ, არაპირდაპირობაში იგულისხმება ის, რომ დამნაშავის ნებელობითი ქმედება ირიბად მიიმართება მართლსაწინააღმდეგო შედეგისკენ, რაც განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე ესწაფვის სხვა შედეგს და არა ამ კონკრეტულს, 

რომელიც მართლსაწინააღმდეგოა. ,,საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს, ხალხის მიმართულებით უმისამართო სროლისას დამნაშავის მოქმედების მიზანი არის არა კონკრეტული პიროვნების მოკვლა, არამედ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშინება, რათა დემონსტრაციის მონაწილეები დაიშალონ.’’ ამგვარ ვითარებაში თუნდაც ერთი მოქალაქის დაღუპვაც კი, ნიშნავს იმას, რომ დამნაშავემ, როგორც მინიმუმ, არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს, თუ იგი უშვებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას ან გულგრილად ეკიდებოდა მას. პირს, რომელიც ,,დანაშაულებრივ შედეგს გამოიწვევს არა „გაძლიერებული სურვილით“, არამედ „სუსტი სურვილით“, მაშინ, როდესაც მას შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, არცერთ შემთხვევაში არ შეუძლია, ამტკიცოს ის, რომ ეს შედეგი მას საერთოდ არ სურდა. ანუ, ,,ევენტუალური განზრახვა კი არის შედეგის დადგომის შესაძლებლობის არა მარტო უბრალო გათვალისწინება და შედეგისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ანდა შედეგის შეგნებული დაშვება, არამედ, სურვილის არარსებობის მიუხედავად, ქმედების ჩამდენი პირის მიერ შედეგის დადგომის შინაგანი მოწონებაც, რაც თავის მხრივ, მის ნებელობით მომენტზე მიუთითებს.’’

ევენტუალური განზრახვით დანაშაულის მცდელობა

 ასევე ძალიან აქტუალურია პრობლემა ევენტუალური განზრახვით მცდელობის შესაძლებლობის შესახებ. ქართულ სამართალში დანაშაულის მცდელობას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ემხრობა სამართლის მეცნიერთა დიდი ნაწილი, ვინაიდან მიჩნეულია, რომ მიზანი არის მცდელობის მთავარი ელემენტი. ისინი თვლიდნენ, რომ არაპირდაპირი განზრახვისთვის მიზანი და შედეგის დადგომის სურვილი არ არის დამახასიათებელი, თუმცა ნელ-ნელა თანამედროვე სისხლის სამართლის დოგმატიკასა და სასამართლო პრაქტიკაში მკვიდრდება აზრი არაპირდაპირი განზრახვით მცდელობის შესაძლებლობის შესახებ. შესაბამისად, სხვადასხვა მეცნიერ-იურისტი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით წყვეტს, შესაძლოა თუ არა აღნიშნული იყოს დანაშაულის მცდელობა ევენტუალური განზრახვით. 

 მაშასადამე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ევენტუალური განზრახვა და მისი მიმოხილვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური და აქტუალური საკითხია სისხლის სამართალში. არაპირდაპირი განზრახვა პირდაპირი განზრახვისაგან უმთავრესად ვოლუნტატური ელემენტით განსხვავდება. კერძოდ, ეგანზრახვის დროს დამნაშავეს არ აქვს გადაწყვეტილი იმ შედეგის გამოწვევა, რომლის დადგომასთან დაკავშირებით არც სურვილი აქვს და არც მისი დადგომის გარდაუვალობას ითვალისწინებს. ასეთ დროს დამნაშავეს სიამოვნებას უფრო ჰგვრის შედეგის თავიდან აცილება, ვიდრე შედეგის დადგომა.ს მოიაზრებს, რომ  თუ პირდაპირი განზრახვის დროს დამნაშავეს სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, არაპირდაპირი განზრახვის დროს ასეთი სურვილი დამნაშავეს არ გააჩნია. პირდაპირი განზრახვის დროსაც შეიძლება დამნაშავეს არ ჰქონდეს შედეგის დადგომის მკვეთრად გამოხატული სურვილი, მაგრამ იგი უნდა ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის გარდაუვალობას, მაშინ, როცა ევენტუალური განზრახვის დროს, შედეგის დადგომის მხოლოდ შესაძლებლობას უშვებს. 

 

ბიბლიოგრაფია:

ნორმატიული აქტები:

(ხელმისაწვდომია : სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge))

1.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
2.  Lackner/Kühl, Strafgesetzbuch, Kommentar, 28. Aufl ., München, 2014, S. 338, §46)

სამეცნიერო სტატიები/ლიტერატურა:

1.  ავტორთა კოლექტივი, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო თბ. 2007.
2.  მერაბ ტურავა, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი “დანაშაულის მოძღვრება”, თბ., 2011.
3. Bruns J., Recht der Strafzumessung, Köln, 1985, S. 214; Jescheck/Weigend, Lehrbuch des Strafrechts,. Aufl ., Berlin, 1996, S. 887; Lackner/Kühl, Strafgesetzbuch, Kommentar, 28. Aufl ., München, 2014.
4. მაღლაკელიძე, განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი) (დისერტაცია) თბ. 2012.
5. ირაკლი დვალიძე (2008). სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი.

 

ავტორი - ანი ზანდუკელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე