კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუების საფუძველზე დადებული გარიგება2558 2022.02.22
კონტრაჰენტის მხრიდან მოტყუების საფუძველზე დადებული გარიგება

  სამოქალაქო სამართლის სუბიექტი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა სახის ურთიერთობებში შევიდეს და ამგვარი გზით შეძლოს საკუთარი თავის განვითარება. სამოქალაქოსამართლებრივ სივრცეში მყოფ ადამიანებს ასეთ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს გარიგებები, რომელთა დახმარებითაც პირს შეუძლია საკუთარი სამართლებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოს. მიუხედავად ამ ნათელი ფაქტისა, უნდა ითქვას ისიც, რომ გარიგებები ყოველთვის ასეთი პოზიტიური შედეგის მომტანი არაა. ერთ-ერთ შემთხვევაში ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმეში ერთვება ხელშეკრულებაში მონაწილე არაკეთილსინდისიერი მხარე, რომელსაც სხვადასხვა საშუალებით ცდომილებაში განზრახ შეჰყავს ხელშეკრულების მეორე მხარე. ზოგადად, ტყუილი გარიგებებში ყოველთვის ფიგურირებდა, ფიგურირებს და კიდევაც იქნება, თუმცა სათქმელია ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთმა გარიგებებმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რის საშუალებასაც იძლევა ე.წ. „ელექტრონული ვაჭრობა“, რომლის საშუალებითაც ერთმანეთთან კომინუკაციაში შედის უამრავი კილომეტრით დაშორებული ორი ადამიანი. ცხადია, ასეთ დროს, ტყუილისაკენ ნაბიჯის გადადგმა უადვილდება ხელშეკრულების მხარეს და მას თითქმის არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ გააჩნია იმისათვის, რომ უარი თქვას ამ ხელსაყრელ მომენტზე.

 მოტყუებით დადებულ გარიგებზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით გარიგების ცნებას, მის როლს სამართლებრივ სივრცეში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - გამოვლენილი ნებისა და გარიგების ურთიერთმიმართებას, ვინაიდან მოტყუებით დადებული გარიგება ნების ნაკლის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. გარიგება არის „ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“ (სსკ-ის 50-ე მუხლი). გარიგება სამოქალაქო სამართლის უნივერსალური ინსტიტუტია, იგი ხელშეკრულების თავისუფლებისა და კერძო ავტონომიის გამოხატულების ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომლის ფარგლებშიც სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს,      სახელმწიფოსა და მისი ორგანოებისგან დამოუკიდებლად, შეუძლიათ თავად წარმართონ ურთიერთობა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს - კონსესუსის გზით. ნების გამოვლენა და გარიგება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი ინსტიტუტია. თეორიულად და პრაქტიკულადაც, გარიგება ნების გამოვლენის გარეშე არ არსებობს. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ნების გამოვლენის შედეგად წარმოიშობა. ნების გამოვლენის საშუალებით, ადამიანები გარეგნულად გამოხატავენ იმას, რაც მათ შინაგანად სურთ.  ამხელა მასშტაბის გამო, თავის მხრივ, სამართალიც უწესებს გარკვეულ პირობებს ნების გამოვლენას, სახელდობრ, არის მატერიალური და ფორმალური კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია გამოვლენილი ნების ნამდვილ ნების გამოვლენად დაკვალიფიცირებისთვის. მატერიალური კრიტერიუმი მოიაზრებს პირის ადეკვატურ გონებრივ შესაძლებლობებს, რაშიც იგულისხმება ასაკი (პირის სრულწლოვნება) და ჯანმრთელობა (იგივე შერაცხადობა). ფორმალურ მოთხოვნაში კი, იგულისხმება იმ სამართლებრივი ფორმით ნების გამოვლენა, რომელსაც ექნება საკანონმდებლო ლეგიტიმაცია. უნდა აღინიშნოს, რომ გარიგება არის მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება ნების გამოვლენის ინსტიტუტი, რომელიც, ამ ლოგიკით, მიზნის მიღწევის საშუალება გამოდის. აუცილებელია, რომ გამოვლენილი ნება იყოს ნებელობითი, ცნობიერებიდან და თავისუფალი თვითგამორკვევიდან გამომდინარე აქტი. ისეთი ნების გამოვლენას, როდესაც გარეგნულად გამოვლენილი ნება არ შეესაბამება შინაგან ნებას, ეწოდება „ნების ნაკლი“. ნების ნაკლი თანამედროვე კერძო ხასიათის ურთიერთობების უდიდესი პრობლემაა, იგი შესაძლებელია სხვადასხვა გზით იქნეს გამოწვეული. სამოქალაქო კანონმდებლობა ნების ნაკლით დადებულ სამ ძირითად გარიგებას ასახელებს, ესენია: შეცდომით, მოტყუებითა და იძულებით დადებული გარიგება. თითოეული მათგანი საცილო გარიგებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნიშნავს, რომ დადებისთანავე ნამდვილია, თუმცა შესაბამისი პირის მიმართ შეცილების შემდეგ ქარწყლდება დადების მომენტიდან (სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი), 84-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დაცვის შემთხვევაში.

როგორც უკვე აღინიშნა, მოტყუებით დადებული გარიგება ნების ნაკლის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. ადამიანის მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებას ზღუდავს, რა დროსაც „ადამიანის ცდომილებაში განზრახ შეყვანა“  ხორციელდება. აბსოლუტურად მართებულია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოტყუება შესაძლებელია იყოს მხოლოდ განზრახი ქმედება, რაც პირდაპირ გამორიცხავს გაუფრთხილებლობით მოტყუებას. ამავე საკითხში ცოტა განსხვავებული გეზი აქვს აღებული გერმანიას, რომელიც კოდექსში განამტკიცებს ტერმინს - „განზრახი მოტყუება“, ამით კი იქმნება შთაბეჭდილება, რომ კანონმდებელი გაუფრთხილებლობით მოტყუების შესაძლებლობასაც უშვებს. 

 მოტყუების გარდა, ნების ნაკლს წარმოადგენს შეცდომაც, მაგრამ მათ შორის ამ საკითხში უზარმაზარი განსხვავებაა. სახელდობრ, შეცდომის დროს ნების ნაკლის წყარო არის თავად დაზარალებული, ხოლო მოტყუების დროს ნების ნაკლის გამომწვევი მიზეზი არის ხელშეკრულების მეორე მხარე, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ახორციელებს ნების გამომვლენზე. ამ ზემოქმედების დროს, ნების გამომვლენი გაუაზრებლად ექცევა კონტრაჰენტის გავლენის სფეროში  და ფაქტობრივად ასრულებს იმას, რასაც ესწრაფვის ტყუილის ავტორი. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოქმედება შეუმჩნეველია ნების გამომვლენისთვის, მეტიც, მას გარკვეული მადლიერების გრძნობაც კი უჩნდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ და დროის რაღაც მომენტში ჰგონია კიდეც, რომ გარიგებაში ძალიან გაუმართლა. ამ ასპექტში განსხვავდება ერთმანეთისგან მოტუების ნების ნაკლი და იძულების ნების ნაკლი, რომლის დროსაც პირი აცნობიერებს, რომ მისთვის არახელსაყრელ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს, მაგრამ ვერაფერს უპირისპირებს ამას.

გარიგების მოტყუებით დადებულად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია თვალსაჩინო იყოს, რომ ერთ მხარეს მიზნად ჰქონდა მეორე მხარის შეცდომაში განზრახ შეყვანა. მთავარია, სახეზე იყოს მომტყუებლის მორალურად გასაკიცხი/მართლსაწინააღდმეგო ქმედება, რომლითაც იგი ახერხებს და თავის „იარაღად“ აქცევს ხელშეკრულების მეორე მხარეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ  მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნამდვილი ნების გამოვლენას და ამის ნაცვლად, ყველა ნორმალური აზროვნების ადამიანში უნდა იწვევდეს არანამდვილი ნების გამოვლენას, ე.ი. ადამიანს ობიექტური განსჯის მიუხედავად, მოტყუების დროს არ უნდა ჰქონდეს ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და ცხადი უნდა იყოს, რომ ყოველი საშუალო და ნორმალური აზროვნების ადამიანის მოტყუებას უნდა იწვევდეს. სწორედ ეს არის ის „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რომლითაც ქართული სასამართლოები ხელმძღვანელობენ მოტყუებით დადებული გარიგებების გადაწყვეტის დროს.

მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში არ შეიძლება მხოლოდ მოვიაზროთ სახეცვლილი ინფორმაციის მიწოდება კონტრაჰენტისთვის, აქ ასევე იგულისხმება რაიმე ფაქტის დამალვაც, რაც ხდება გარიგების დადების საფუძველი. ე.ი. ტყუილის ორი ძირითადი სახე გამოიყოფა: აქტიური მოქმედებით მოტყუება და პასიური მოქმედებით მოტყუება.

 ყველაზე გავრცელებული გზა ტყუილისათვის არის მცდარი წარმოდგენის შექმნა ან არსებული ფაქტების გადაკეთება. სანამ ამ ხერხს მიმართავს მომტყუებელი, იგი დარწმუნებულია, რომ სახეცვლილი ფაქტების გარეშე გარიგება არ დაიდება. სწორედ ეს „პრეზუმფცია“ აიძულებს მას, გადააკეთოს არსებული ფაქტები და მაქსიმალურად მოსაწონი გახადოს ისინი. ამის შემდეგ იწყებს ზრუნვას არასწორი წარმოდგენის შექმნაზე, მის გამყარებასა თუ შენარჩუნებაზე. ცხადია, ყოველივე ამას ტყუილის ავტორი ისე ოსტატურად ახორციელებს, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე მთლიანად გამორიცხავს ტყუილის რაიმე ნიშან-წყალსაც კი, შეგვიძლია ვთქვათ კიდეც, რომ მომტყუებელი სარგებლობს კონტრაჰენტის არაკომპეტენტურობით კონკრეტულ საკითხში. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ მომტყუებელი მთელ თავის ძალისხმევასა და ენერგიას ახარჯავს ფაქტებზე საუბარს და არა საკუთარ აზრზე. ზოგადად, საკუთარი აზრიდან გამომდინარე მხარისეული შეფასება (თუნდაც არასწორი იყოს) სამართლებრივი თვალსაზრისით მართლსაწინააღმდეგო ქმედებად არ არის შეფასებული. ამის ნათელი მაგალითია დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს 1926 წლის 20 ივლისის განჩინება (AC 177), რომელიც მიიღო შემდეგ საქმეზე: ერთ-ერთმა ფერმერმა იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც, გამყიდველის აზრით, შეიძლებოდა 2000 ცხვარი დატეულიყო. გარიგების დადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად ასეთი ტევადობის არ ყოფილა, რის გამოც ფერმერმა მოტყუების საფუძვლით მოითხოვა გარიგების ბათილობა. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან 2000 ცხვარზე მითითება, მისი განმარტებით, წარმოადგენდა მხარის მოსაზრებას და არა მიზანმიმართულ ტყუილს. 

გარიგებებში ტყუილის მეორე გზა არის დუმილი, ანუ უმოქმედობა/პასიურობა. დუმილის მოტყუებად შერაცხვისათვის აუცილებელია მისი გადამწყვეტი მნიშვნელობის მოძებნა, რომლის არარსებობის პირობებში ნება გამოვლენილი არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი არის შეგნებული დუმილი, რომლის საშუალებითაც ხდება ხელშეკრულების მეორე მხარის დაყოლიება მომტყუებლის სასარგებლოდ. დუმილის მოტყუებად დაკვალიფიცირებისათვის ისიც აუცილებელია, რომ დუმილის დროს პირმა იცოდეს ან უშვებდეს მაინც იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მეორე მხარე არ ფლობს დამალულ ინფორმაციას. საფრანგეთისა და გერმანიის კანონმდებლობებით, ინფორმაციის გაუმჟღავნელობა გათანაბრებულია ტყუილთან, მხედველობაშია ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად მისაწოდებელია. მაგ., გერმანიის სასამართლო პრაქტიკით ასეთ აუცილებელ ინფორმაციად დადგენილია მანქანის მძიმე ავარიულობის ფაქტი. გერმანიის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხარეს აქვს შეკითხვის გარეშე ფაქტების გამხელის ვალდებულება (pflicht zum reden) მაშინ, როცა, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე გამყიდველი ვალდებული იყო, გაემხილა ეს ფაქტები ან, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოელოდა მათ.

მოტყუებით დადებული გარიგება, როგორც წესი, ზარალის მომტანია, სწორედ ამიტომ, სამართალი, სამართლებრივი დაცვის მიზნით, მოტყუებულს აძლევს შეცილების უფლებას, რაც გარიგების ბათილობის რეალური საფუძველია. მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ტყუილი ვერ იქნება გარიგების ბათილობის საფუძველი, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან უმნიშვნელო ტყუილები გააბათილებდა უამრავ გარიგებას და ერთგვარი „ანარქია“ დაისადგურებდა სამოქალაქო რეგულირების საკითხში. არ შეიძლება მოტყუებად ჩაითვალოს ზოგიერთი ფაქტის შელამაზება-გაზვიადება, რაც სამოქალაქო ბრუნვის თვალსაზრისით დაშვებულია. ასე ხდება ხშირად სავაჭრო ურთიერთობებში, სადაც ვაჭარი თავისი საქონლის ფასის ამატების მიზნით შელამაზებულად წარმოაჩენს მას. ზომიერი რეკლამა, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ბოროტი განზრახვა, ვერ ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო აქტად. შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: როგორი ტყუილი იწვევს გარიგების ბათილობას? საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ზოგადი ანალიზიდან ირკვევა, რომ ტყუილი მაშინ ხდება გარიგების ბათილობის საფუძველი, როდესაც აშკარაა, რომ მის გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ხოლო, პირიქით, როდესაც ტყუილის გარეშე გარიგება მაინც დაიდებოდა, მაშინ გარიგება ნამდვილია და პირს არ აქვს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი იმისათვის, რომ საცილო გახადოს იგი. ანუ, ბათილობას იწვევს „მოტყუება, რომელიც წარმოშობს ხელშეკრულებას და არა მოტყუება, რომელიც თვით ხელშეკრულებაშია“.

როგორც ცნობილია, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებაა, რაც გულისხმობს, რომ შეცილების უფლების გამოყენება აბათილებს მას. ზემოთ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორი გარემოება აძლევს დაზარალებულს შეცილების უფლებას, ქვემოთ კი, მსჯელობა იქნება სამოქალაქო კანონმდებლობის იმ მოთხოვნებზე, რომელთა დაცვით შეცილების უფლების გამოყენება ლეგიტიმურად ჩაითვლება: 

  1. შეცილება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ (სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილი) და ამისათვის სასამართლოსადმი მიმართვა საჭირო არაა, ამ საკითხში განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობდა საბჭოთა სამართალი, რომელიც შეცილებას სასამართლოში სარჩელის აღძვრის ფორმით მოითხოვდა და არა მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით, რომელიც ქართულ სამოქალაქო სამართალში დამკვიდრდა. კანონი შეცილებისათვის სპეციალურ ფორმას არ ითვალისწინებს, ამიტომ საჭიროა, მხოლოდ შეცილებიდან აშკარად ჩანდეს, რომ შემცილებელს არ სურს დადებული გარიგების ძალაში დატოვება. 

  2. სსკ-ის 84 მუხლის მიხედვით, შეცილების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს შეცილების საფუძვლის შეტყობიდან 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გარიგება ძალაში დარჩება. დროსთან დაკავშირებით საქართველოს მსგავსი პრაქტიკაა გერმანიაშიც, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ შეცილება გამორიცხულია, როდესაც ნების გამოვლენის მომენტიდან გასულია 10 წელი. საფრანგეთში დაზარალებულს ეძლევა 5-წლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც შეეძლება შეცილების განხორციელება. 

  3. საცილო გარიგების დადასტურებით შეცილების უფლების მქონე პირი თავად ამბობს უარს უფლების გამოყენებაზე და ამით გარიგებას ძალაში ტოვებს (სსკ-ის 61-ე მუხლის მესამე ნაწილი), ცხადია, ეს ეხება მოტყუებით დადებულ გარიგებასაც. დადასტურების შემდეგ შეცილების უფლების მქონე პირი კარგავს ამ უფლებას. დადასტურებისთვის კანონი სპეციალურ ფორმას არ აწესებს, ამიტომ დადასტურება შესაძლებელია როგორც აქტიური მოქმედებით, ისე დუმილით, როდესაც პირმა იცის შეცილების საფუძვლის შესახებ, მაგრამ დუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ დადასტურებას ნამდვილობისათვის არ სჭირდება მეორე მხარის მიერ მისი მიღება. ამ პირობიდან გამოდის, რომ შეცილების უფლების გამოყენებამდე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გარიგება დადასტურებული, იმისათვის, რომ შეცილება განხორციელდეს. 

   ასე და ამგვარად, ვფიქრობ, უკვე ნათელია თუ რა არის მოტყუებით დადებული გარიგება და როგორი სოციალური საფრთხის შემცველია იგი. წარმოდგენილი მსჯელობებიდან ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა: ა) ქართული სამოქალაქო კოდექსის მიდგომა ამ საკითხის მიმართ, ფაქტობრივად, იდენტურია ევროპული ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები) მიდგომებისა, თუ არ ჩავთვლით პატარა განსხვავებებს. ასეთ გარიგებებზე ცოტა განსხვავებულ მიდგომას ავლენენ ანგლოამერიკული სამართლის ქვეყნები, რომლებიც დუმილს არ თვლიან მოტყუების ერთ-ერთ ფორმად. ბ) სსკ-მა უკუაგდო საბჭოთასამართლებრივი აზროვნება და უფრო მოდერნიზებულ, განვითარებულ, ევროპულ საკანონმდებლო რეგულირების მოდელს მიანიჭა უპირატესობა, რაც, ცხადია, წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული იურისპრუდენციის განვითარების თვალსაზრისით. გ) გარიგების დადებამდე მნიშვნელოვანია გამჟღავნების ვალდებულების დათქმაც, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მხარისათვის ობიექტური და რეალური წარმოადგენების ჩამოყალიბებას გარიგების შინაარსში. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოტყუებით დადებული გარიგება არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო გარიგებას. მათ შორის განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს ის, თუ რა ნება-სურვილი გააჩნდათ მხარეებს გარიგების დადებისას. კერძოდ, კანონსაწინააღმდეგო გარიგების დროს, მხარეები კანონის გვერდის ავლით გარკვეული შედეგის მისაღწევად შეგნებულად მოქმედებენ, ხოლო მოტყუებით დადებული გარიგების დროს, კონტრაჰენტი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებით ადებინებს გარიგებას კეთილსინდისიერ მხარეს. მოტყუებით დადებული გარიგება არც თაღლითური გარიგებაა. მათ შორის არსებითი განმასხვავებელი ნიშანი არის ის მიზანი და მოტივი. მოტუების დროს, მისი მიზანი არის ან სარგებლის მიღება ან მოტყუებული მხარისათვის ზიანის მიყენება (აუცილებლად ერთ-ერთი; სსკ-ის 82-ე მუხლი), ხოლო თაღლითობის დროს, მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებით მხარე ორივე მიზნის მისაღწევად მოქმედებს. ამასთან თაღლითური გარიგება არარა გარიგებაა, ხოლო მოტყუებით დადებული გარიგება საცილო. 

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ მოტყუებით დადებული გარიგებები კაცობრიობის პერმანენტული, ხოლო სამოქალაქო სამართლის კარდინალური პრობლემაა. ამ პრობლემასთან ღირსეული ბრძოლისთვის კი აუცილებელია ეფექტური საკანონმდებლო რეგულირებით იქნეს მოწესრიგებული აღნიშნული საკითხი, რაზეც ქართული სამოქალაქო კოდექსის სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ პრობლემის თანმდევ გამოწვევებს ბრწყინვალედ უმკლავდება.


 

ბიბლიოგრაფია

 

  1. ფაჩუაშვილი ნ., ელექტრონული საშუალებებით დადებული ხელშეკრულებები, მათი ბათილობის, შეწყვეტის, მათზე უარის თქმის საფუძვლები და სამართლებრივი შედეგები, სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2019 წელი. ხელმისაწვდომია:   <https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Nino_Fachuashvili.pdf>.

  2. ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011.

  3. ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 81, გვ. 239, მუხლი 61.

  4. კიკოშვილი ს., ნების ნაკლი ქართულ სამართალში, ქართული სამართლის მიმოხილვა, სპეციალური გამოცემა, თბილისი, 2008.

  5. კალანდაძე ნ., მოტყუებით დადებული გარიგების ობიექტური შემადგენლობა და დუმილით მოტყუება, სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2019. ხელმისაწვდომია: <https://openscience.ge/bitstream/1/1005/1/samagistro%20kalandadze.pdf>.

  6. კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009. 

  7. ნაჭყებია ა., სამოქალაქოსამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014.

  8. კროჰჰოლერი ი., გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, სასწავლო კომენტარი, თბილისი, 2014.

  9. ჭიღლაძე მ., დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას, სამაგისტრო ნაშრომი, თბილისი, 2019.


 

სასამართლო გადაწყვეტილებები: 

 

  1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის #2ბ/1412-15;

  2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის #2ბ/4219-15


 

ავტორი: დავით იორამიშვილი -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე