ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრაქტიკის ანალიზი1353 2022.02.19
ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრაქტიკის ანალიზი

 

ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანთა უფლებების ძალიან უხეში და სერიოზული დარღვევაა. ეს ტერმინი გულისხმობს პირის ან გარკვეული პირთა წრის მიერ ადამიანთა დამონებას გარკვეული მიზნებისთვის. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება იძულებითი შრომის, კომერციული მიზნების ან პროსტიტუციის მიზნით. ამ დანაშაულის მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში ქალები და ბავშვები არიან. მოძალადეები სრულიად უკანონოდ უღკვეთავენ ადამიანებს თავისუფლებას და მათ უმძიმეს პირობებში ამყოფებენ. უმეტესად ბავშვებს ისინი უნერგავენ აზრს რომ მათ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ და შესაბამისად, ცდილობენ ამით ჩაუხშონ გაქცევის მოტივაცია. მათ არ ეძლევათ განათლების, სოციალური ინტეგრაციის საშუალება რაც უდიდესი პრობლემაა.

ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხების თანამედროვე გადაწყვეტის გზა მოგვცა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 2000 წლის 15 ნოემბერს მიღებულმა გაეროს კონვენციამ, უშუალოდ კი მისმა დამატებითმა ოქმმა „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წლის 12 დეკემბერს. მასში ჩამოყალიბებულია ტრეფიკინგის თანამედროვე და საერთაშორისოდ აღიარებული დეფინიცია შემდეგი სახით: ა) ტრეფიკინგი ნიშნავს ადამიანების გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას და მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით, ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაცია გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, მონურ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას. ბ) თუ გამოყენებულია ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება, ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლის თანხმობას აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს; გ) ბავშვის გადაბირება, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება ან მიღება ექსპლუატაციის მიზნით, უნდა ჩაითვალოს „ტრეფიკინგად“ მაშინაც კი, როდესაც გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება; დ) „ბავშვი“ გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს 18 წლის ასაკამდე. აღნიშნული დეფინიცია, მისი სწორად აღქმის მიზნით, პირობითად სამ ნაწილად არის გაყოფილი:

 პირველ ნაწილში მოცემულია კონკრეტული მოქმედებები, რომლებიც ცალკე და ერთობლიობაში თუ ადამიანის ექსპლუატაციის მიზნით არის გახორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებია - ადამიანების გადაბირება, ტრანსპორტირება, გადაყვანა, შეფარება ან მიღება; მეორე ნაწილში მოცემულია ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც აღნიშნული მოქმედებები ხორციელდება, კერძოდ, მუქარა, ძალის გამოყენება, იძულება, გატაცება, თაღლითობა, მოტყუება, საკუთარი უფლებამოსილების ან სხვისი უმწეობის ბოროტად გამოყენება, იმ პირისათვის საფასურის მიცემა, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა ადამიანზე; ხოლო მესამე ნაწილში მოცემულია დანაშაულის მიზანი - ადამიანის ექსპლუატაცია.

როდესაც ტრეფიკინგზე ვსაუბრობთ, აუცილებელია აღვნიშნოთ 2005 წლის ევროსაბჭოს კონვენცია, სადაც მოცემული დეფინიცია თითქმის იდენტურია გაეროს დეფინიციის და მოცემულია შემდეგი სახით: ა) „ადამიანებით უკანონო ვაჭრობა“ რომელიც ნიშნავს ექსპლუატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემას, მუქარის ან ძალის ანდა იძულების სხვა ფორმის გამოყენების ან თაღლითობის, ან მოტყუების, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე.

ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, გულისხმობს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, კატორღულ მუშაობას ან ორგანოების ამოცლას; (ბ) „ადამიანებით უკანონო ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა, გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის, არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალებით. (გ) ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება განიხილება როგორც „ადამიანებით უკანონო ვაჭრობა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალება; (დ) „ბავშვი“ ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. (ე) „მსხვერპლი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ობიექტს ამ მუხლის განსაზღვრების შესაბამისად." 

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მსოფლიოში არაერთი უნივერსალური თუ რეგიონული დოკუმენტი მოქმედებს. მსოფლიოში 1904 წლიდან დაიწყეს ამ უმნიშვნელოვანეს პრობლემაზე საუბარი და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება. თავდაპირველად, მოხდა სეგმენტური კატეგორიის დაცვა (თეთრკანიანი ქალების), თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით მეტად იხვეწებოდა მსოფლიოში ის საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ იყო მიმართული.

ისტორიულად ამ უნივერსალურ სამართლებრივ დოკუმენტთა ქრონოლოგია ასეთი იყო. უპირველესად 1904 წლის 18 მაისს მიღებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულება ,,თეთრი ადამიანების მონობასთან ბრძოლის შესახებ“, მალევე უკვე 1910 წელს მიიღეს საერთაშორისო კონვენცია ,,თეთრი ადამიანების მონობასთან ბრძოლის შესახებ“. 

,,უფრო მოგვიანებით, ერთა ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ, 1921 წელს ერთა ლიგის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო კონვენციით ,,ქალებით და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, კიდევ უფრო გაფართოვდა ქვეყნების ჩამონათვალი ევროპული მასშტაბით, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები არც ამ კონვენციას მიერთებია. წინა ორი დოკუმენტისგან განსხვავებით, აღნიშნული კონვენციით ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება უზრუნველყონ კონტროლის დაწესება ქალებისა და ბავშვების დაცულობასა და უსაფრთხო გადაადგილებაზე არა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო საზღვრებზე, არამედ გადაადგილების ნებისმიერ საშუალებაზე და მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში“.

ამასთან იყო არაერთი დოკუმენტი მათ შორის: 1930 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია „იძულებითი შრომის შესახებ“; 1933 წლის 11 ოქტომბრის საერთაშორისო კონვენცია „სრულწლოვანი ქალებით ვაწრობის წინააღმდეგ“;  1948 წლის 10 დეკემბრის გაეროს „ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“; 1949 წლის ჟენევის კონვენცია „ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირის მიერ პროსტიტუციის ექსპლუატაციასთან ბრძოლის შესახებ“. 

  უნივერსალურ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებთან ერთად გვაქვს რეგიონული საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებიც იცავენ ამ უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლებს. რეგიონული სამართლებრივი დოკუმენტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს  2000 წელს მიღებული სპეციალური კანონი - „ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის აქტი 2000“, რომლითაც აღიარა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ისინი დაცვითა და დახმარებით. ამ კანონით მოხდა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია და შეიქმნა დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის სისტემა.

საქართველოს კანონმდებლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საკანონმდებლო მექანიზმებით იწყება 2003 წლიდან, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) დანაშაულად განისაზღვრა. ამის შემდეგ დაიწყო საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების და მათ შორის სხვა ნორმატიული კანონების შემოღების საკითხი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ, საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ საერთაშორისო სამართლებრივი კონვენციების შესაბამისად წარმართა კანონმდებლობის დახვეწის პროცესი. 

,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში _ ,,კანონი“) მიღებასთან ერთად გამოიცა და დაიხვეწა ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოს მიერ მკაფიოდ გამოვლენილი ნების – განეხორციელებინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებები ამ დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებებით – ინსტიტუციური განმტკიცება და შესაბამისი პრაქტიკის სწრაფი დანერგვა განაპირობა.“1

2003-2007 წლები ზუსტად ის პერიოდია, როდესაც საქართველოში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იმ დროისთვის შეძლებდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით.  2007 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით დასჯადი გახდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურებით სარგებლობა. 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი სანქციებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის მექანიზმების შემოღების პარალელურად 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს.

კანონმდებლობის მოწესრიგებასთან ერთად მნიშვნელოვანია სრულყოფილი და სამართლებრივად გამართული იყოს ქვეყანაში სასამართლო პრაქტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ფუნქციონირებისთვის. სწორედ ამიტომ  საქართველოს პრაქტიკას ამოწმებენ ქართულთან ერთად, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგ: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ამასთან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ პროგრესის მონიტორინგს ახორციელებს ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სტანდარტების დამდგენი საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია-ევროპის საბჭო, რომელიც პერიოდულად GRETA-ს მონიტორინგის საფუძველზე, აქვეყნებს ანგარიშს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ფარგლებში ამ სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

2021 წელს ევროპის საბჭომ GRETA-ს მონიტორინგის საფუძველზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 2015-2019 წლის მონაცემებით არის 66, ხოლო 2011-2014 წლებში იყო 63 მსხერპლი. ეს მონაცემი მიუთითებს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის ტენდენციისკენ, რაც მეტ ყურადღებას საჭიროებს საქართველოს მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან. ამასთან, მოცემული კვლევის მიხედვით, 2018 წლამდე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უმრავლესობა იყვნენ ქალები (25), მათ შორის 13 იყო უცხო ქვეყნის მოქალაქე. რაც შეეხება ბავშვთა ჩართულობას ტრეფიკინგში 2017-2018 წლის და 2019 წლის მონაცემები სავსებით განსხვავდება ერთმანეთისგან. 2019 წელს ფიქსირდება მეტად მზარდი სტატისტიკა ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბავშვთა ჩართულობის. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დანაშაულის მსხვერპლ ბავშვთა უმრავლესობა გოგონები არიან, რომლებზეც უმეტესად სექსუალურ ძალადობა ხორციელდება.

ამასთან, როგორც აღნიშნულ იქნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც პერიოდულად იკვლევს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის პრობლემას და აქვეყნებს საჭიროებათა შეფასებას: ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. კვლევის ,,მონაცემების მიხედვით ადამიანით მოვაჭრეები ქალებიც არიან და მამაკაცებიც. კვლევის ერთმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ქალი ექსპლუატატორები ძირითადად სექსუალურ ექსპლუატაციაში ჭარბობენ, იძულებით შრომაში კი მამაკაცები. ქალი რეკრუტერები თავად ყოფილი სექს მუშაკები არიან, რომლებსაც ახლა სხვები მიჰყავთ ძირითადად თურქეთში და ხანდახან არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. მამაკაცი რეკრუტერები ძირითადად მსხვერპლების ქმრები, საქმროები ან ნათესავები არიან.“ ამასთანავე აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველოში, ტრეფიკინგის პრობლემა მართლაც მწვავედ დგას, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის შესაბამისი ორგანოები აქტიურ საკანონმდებლო საქმიანობას ახორციელებენ. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს, რადგან დღესდღეობით ამ დანაშაულის მსხვერპლთა ისევ და ისევ მზარდი სტატისტიკაა, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ხუციშვილი ქ. ,,ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა და დახმარება საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციის მიხედვით“. 
2. მ. მესხი, სადისერტაციო ნაშრომი ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სამართლებრივი ასპექტები, მასთან ბრძოლის მეთოდები, გამოცდილება და პერსპექტივათა ხედვა“, ხელმძღვანელი: პროფესორი, ქეთევან ხუციშვილი
3.  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საჭიროებათა კვლევა ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, 2016წ.
4.  შალვა ნინიძე, ,,ტრეფიკინგი საერთაშორისო სამართლის და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით“, 2020 წ.
5. Council of Europe Convention on Action against Trafficking in Human Beings. Warsaw, 16.V.2005 
6. https://rm.coe.int/greta-report-on-the-implementation-of-the-council-of-europe-convention/1680a1c79a 
7.  https://matsne.gov.ge/ka/document/view/1203547?publication=0~ 
8.  https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/1394035?publication=0 

 

ავტორი: ნინო მაისურაძე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე