კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში5777 2022.02.12
კანონიერი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ სამართალში

 

კანონიერი ნდობის პრინციპი, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ადმინისტრაციულ სამართალში, რამეთუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, თავისი არსით, სუბორდინაციული ხასიათისაა. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა ასევე უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობას სახელმწიფოში. კანონიერი ნდობის პრინციპი ნიშნავს იმასაც, რომ „მოლოდინები, რომლებიც წარმოიშვა ადმინისტრაციულ ორგანოთა ქმედებების საფუძველზე, კანონით იქნება დაცული“. კანონიერი ნდობის პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა იმდენად, რამდენადაც ის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს. გერმანელ მეცნიერთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი კონსტიტუციური რანგის პრინციპია და მისი ფესვები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპშია. მათი მოსაზრება გამყარებულია ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაც ვკითხულობთ, რომ „სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა... მოქალაქისათვის სამართლებრივი სტაბილურობა ნიშნავს, პირველ რიგში, ნდობის დაცვას“.

ამდენად, გერმანული სამართალი იცავს ლეგიტიმური მოლოდინების პრინციპს, რომელიც კავშირშია ნდობის დაცვის ფუნდამენტურ პრინციპთან, რომლებიც არც თუ ისე მცირე შემთხვევათა დროს, გაიგივებულია ერთმანეთთან და სახელმწიფოს სამართლის სისტემაში განსკაუთრებულ ადგილს იკავებენ. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმებისას კანონიერი ნდობის გადამოწმება ხდება როგორც ადრესატის ინტერესის დაცვის მიზნიდან გამომდინარე (კანონიერი ნდობის სუბიექტური მხარე), ასევე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნიდან გამომდნარე (კანონიერი ნდობის ობიექტური მხარე). ამდენად, „მნიშვნელოვანია გადამოწმდეს არა მხოლოდ ის თუ რა სუბიექტური შედეგის მომტანი იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება, არამედ აუცილებელია, გააზრებულ იქნეს გაუქმების შემთხვევაში კანონიერი ნდობის პრინციპის უგულვებელყოფით იმ ობიექტური ზიანის მოცულობაც, რომელიც დადგება საჯარო ინტერესის საზიანოდ“.

სამართლებრივი სახელმწიფო, რომ სამართლებრივი სტაბილურობის წინაპირობაა, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს კანონიერი ნდობის დაცვას, მიუთითებს საკასაციო სასმართლოც, რომელიც თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „...აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში“. 

ამდენად, კანონიერი ნდობის დაცვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც წარმოადგენს არა ბლანკეტურ დებულებას, არამედ მრავალგანზომილებიან, მრავალ ასპექტიან ბაზისურ პრინციპს.

შეიძლება ითქვას, რომ „კანონიერი ნდობის ინსტიტუტის ხელშეწყობა აიძულებს ხელისუფლებას უფრო მეტად იზრუნოს ხარისხიანი ინფორმაციის გაცემაზე, რათა თავიდან აიცილოს გაცრუებული მოლოდინების შედეგად დადგენილი პასუხისმგებლობა“. კანონიერი ნდობის პრინციპი ემსახურება იმ მიზანსაც, რომ გასაგები  გახდეს, რომ „თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შეიძლება წარმოშვას ნდობა, რაც პოლიტიკურად საციცოცხლო მნიშვნელობისაა. აქედან გამომდინარე, მათი საზრუნავი საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება ხდება, რომ ეს განცხადებები თუ უკვე განხორციელებული ფაქტობრივი ქმედებები ზერელე და შესაბამისად, მათზე დამყარებული ნდობა გაუფასურებული არ ყოფილა“. ამასთან, მთლიანობაში კანონიერი ნდობის პრინციპი უზრუნველყოფს კარგი მმართველობის დამყარებას, რამეთუ როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის უზენაესმასასამართლომ აღნიშნა, „კარგი მმართველობა დამოკიდებულია მართულსა და მმართველს შორის ნდობის არსებობაზე“.

საქართველოს კანონმდებლობისდა შესაბამისად, კანონიერი ნდობის წარმოშობა, შეიძლება დავუკავშიროთ ადმინისტრაციული ორგანოს სამ მოქმედებას - 1. როცა ადმინისტრაციული ორგანო ახორციელებს დაპირებას; 2. როცა ადმინისტრაციული ორგანო ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და 3. როცა ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს ძალადაკარგულად აცხადებს. ამასთან, სანტერესოა არარა აქტებისა და კანონიერი ნდობის ურთიერთმიმართებაც, რომლის მიმართაც კანონიერი ნდობა არ ვრცელდება. კანონიერი ნდობის საკითხი აქტის ბათილად თუ ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევებში ნაკლებად პრობლემატურია (თუმცკი აღნიშნულ შემთხვევებშიც არაერთი გარემოებაა გასათვალისიწნებელი). 

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანონიერი ნდობა წარმოადგენს „მყარ რწმენას იმისა, რომ განხორციელდება გარკვეული სახის ქმედება“. ამასთან, მართალია, კანონიერი ნდობის პრინციპი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია ადმინისტრაციულ სამართალში, თუმცა მის გვერდითვეა, არანაკლები რანგისა და მნიშვნელობის, სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ მმართველობა კანონსა და სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უკანონო მოქმედებით დარღვეული კანონიერი მდგომარეობა აღადგინოს. ამდენად, იმ შემთხვევაში როდესაც სახეზე გვაქვს აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, მომზადებული თუ გამოცემული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით (მაშასადამე, ბათილია), თავს იჩენს ერთგვარი წინააღმდეგობა, კოლიზია ზემოხენებულ ორ უმნიშვნელოვანეს პრინციპს შორის - ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს დაინტერესებული მხარის ლეგიტიმურად განპირობებეული კანონიერი ნდობა ბათილი აქტის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, მის საპირწონედ კანონიერების პრინციპი დგას, რომლის მაქსიმალურად გარანტირება და დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. 

აღნიშნული კოლიზიისას, ადმინისტრაციული ორგანო უნდა შეეცადოს, რომ მიიღოს მაქსიმალურად გონივრული და თანაზომიერი გადაწყვეტილება, რადგანაც სახეზე გვაქვს ორი ურთიერთდაპირისპირებული პრინციპი, რომელთა კონსტიტუციური რანგიც თანაბარია და ორივე მათგანი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპის კონკრეტიზირებული ქვე-პრინციპებია. მაშასდამე, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა კანონიერების დაცვის პრინციპს. ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი ის არგუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა კანონიერი ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ აქტის გაუქმების უპირატესობას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უპირატესობა ენიჭება კანონიერების პრინციპს, კანონიერი ინტერესი არ კარგავს თავის უფლებადამცავ ფუნქციას, არამედ ის ხდება აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი“.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ კანონიერი ნდობის პრინციპი გამომდინარეობს სამართლებრივი სახლემწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპიდან. კანონიერი ნდობა დაინტერესებული მხარის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა დემოკარატიულ საზოგადოებაში. კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპი, ორივე წარმოადგენს კონსტიტუციური რანგის პრინციპს და მათი კოლიზიისას აუცილებელია მოხდეს კონტექსტზე მორგებული, გონივრულ-რაციონალური და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება, რათა განხორციელდეს მათი ურთიერთჰარმონიზაცია და რელევანტური ბალანსის დაცვა.

 

ბიბლიოგრაფია:

1. R. Thomas, Legitimate Expectations and Proportionality in Administrative Law, Oxford, 2000, 41.

2. პ. ტურავა, კანონიერი ნდობის პრინციპი (შედარებითსამართლებრივი ანალიზი), ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 10, #2-3, 2007 წელი, გვ. 222.

3. Potestà M., Legitimate Expectations in Investment Treaty Law: Understanding the Roots and the Limits of a Controversial Concept, 7

https://lk-k.com/wp-content/uploads/potesta-legitimate-expectations-inv.-treaty-law-2013.pdf [16.06.2021].

4. McKinnon T., The Doctrinal Foundations of Legitimate Expectations, 2013, 7.

5. Rennert K., The Protection of Legitimate Expectations under German Administrative Law Paper given on the occasion of the seminar on the protection of legitimate expectations of the Association of Councils of State and Supreme Administrative Jurisdictions of the European Union (ACA-Europe) on 21 April 2016 in Vilnius, Lithuania

https://www.bverwg.de/medien/pdf/rede_20160421_vilnius_rennert_en.pdf [16.06.2021].

6. Wolff H. J., Bachof O., Stober R. – “Verwaltungsrecht I”, 10. Aufl. Muenchen, 1994, 745.

7. ე. ქარდავა, ი. კასრაძე, უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი საფუძვლები და ფაქტობრივი წინაპირობები, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ჟურნალი №1, 2020, გვ. 209. 

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ სამქეთა პალატის 2009 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმეზე ბს-535-506(კ-09).

9. S.  Schonberg, Legitimate Expectations in Administrative Law, Oxford, 2000, 25.

10. P. Reynolds, Legitimate Expectations and the Protection of Trust in Public Officials (October 8, 2010). Public Law, Vol. 2011, 31.

11. Ch Forsyth, Legitimate Expectations Revisited, ALBA Summer Conference, 29 May 2011, 2.

12. Eichhorn, Verwaltungslexikon, 2. Aufl. Baden-Baden, 1991, 871.

13. პ. ტურავა, კანონიერი ნდობის პრინციპი (შედარებითსამართლებრივი ანალიზი), ქართული სამართლის მიმოხილვა, ტომი 10, #2-3, 2007 წელი, გვ. 236.

 

 

ავტორი: გიორგი ხომასურიძე, 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.