ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება1661 2022.01.22
ალიმენტის გადახდისთვის ჯიუტად თავის არიდება

სტატიის მიზანია ალიმენტის სამართლებრივი მოწესრიგების არსის შემეცნება და მისი რეგულირების განხილვა სისხლის სამართალში. 

სიტყვა ალიმენტი ლათინური წარმოშობისაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. რაც შეეხება იურიდიულ შესატყვისს, ის უნდა განიმარტოს როგორც ხარჯი,  რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება ოჯახისგან განცალკევებით მყოფ, მოშორებულ პირს, ამ შესრულების ადრესატები კი შესაძლოა იყვნენ არასრულწლოვანი/შრომისუუნარო შვილები ან ოჯახის სხვა წევრები. მოცემული საკითხი საოჯახო სამართლის განხილვის საგანს წარმოადგენს და სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მისი დაკისრების ფარგლებსა და შემთხვევებს.კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად:,, როცა მეუღლენი არ არიან შეთანხმებული განქორწინების შემდეგ შვილების საცხოვრებელ ადგილსა და მათ სარჩენად გადასახდელ სახსრებზე, სასამართლო მოვალეა განქორწინებასთან ერთად განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა გადახდეს სარჩო (ალიმენტი).’’საოჯახო სამართალში ურთიერთობათა მოწესრიგება  მორალურ პრინციპებს ეფუძნება.   ოჯახის წევრებს აქვთ ერთმანეთზე ზრუნვის ვალდებულება რაც ზნეობრიობას ეფუძნება, თუმცა,  კანონისმიერი რეგულირებაც არსებობს ამ საკითხისა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი:,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.’’ზრუნვა კონკრეტულ შემთხვევებში გამოიხატება ქონებრივი ვალდებულების შესრულებაშიც- საჭიროების დროს მატერიალური დახმარება ერთი მეორისა.

 საალიმენტო ვალდებულებათა კლასიფიკაცია შესაძლებელია სუბიექტთა წრის მიხედვით.დოქტრინა იცნობს მშობლების საალიმენტო ვალდებულებებს შვილების მიმართ, შვილების ამავე სახის ვალდებულებას მშობლების მიმართ,მეუღლეთა საალიმენტო ვალდებულებებს და ოჯახის სხვა წევრთა ვალდებულებებს ფაქტობრივად აღზრდილთა მიმართ(მაგალითად და-ძმის, ბებია/ბაბუისა და შვილიშვილების, მამინაცვალ/დედინაცვლისა და გერების). საინტერესოა საალიმენტო ვალდებულების დაკისრების საფუძვლები. 2 სახეა გავრცელებული: საალიმენტო შეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველი გულისხმობს სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ვალდებული პირი მოთხოვნის უფლების მქონეს უხდის ალიმენტს. მოცემული ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი არსებითი პირობებია მატერიალური სარჩოს ოდენობის, ფორმებისა და გადახდის წესის განსაზღვრა. ოდენობა ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებაზეა დაფუძნებული, ხოლო შემთხვევებს როცა სასამართლო წყვეტს აღნიშნულს ,მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით:,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.’’ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება მიზანშეწონილია, რათა თავიდან ავირიდოთ მისი გაბათილების შესაძლებლობა. პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოეშობა გაფორმებისთანავე. ვალდებულების შესრულებაზე უარის გაცხადების უფლება კონკრეტულ შემთხვევებში გამოირიცხება, საალიმენტო ვალდებულებაც ამ კატეგორიასაა მიკუთვნებული გერმანული სამართლით. თუმცა რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ვალდებული პირის გათავისუფლება ალიმენტის გადახდის მოვალეობისგან, რაც კანონით განმტკიცებულია 1237-ე მუხლით:,,1. ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.2. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.’’ 

 საინტერესოა,  ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები: ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება, შეთანხმების ვადის გასვლა ან შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა საფუძველი(სამოქალაქო კოდექსის 1238-ე მუხლი). ალიმენტის მიმღების ინტერესების დაცვა შესაძლებელია სასარჩელო წესით, მაშინ როცა ალიმენტვალდებული პირი არაჯეროვნად ასრულებს ან საერთოდ არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას. სასამართლო წესით, მოპასუხისგან შესაძლებელი არის ალიმენტის შემდეგ სახეთა მოთხოვნის შესაძლებლობა: 1.წარსული ალიმენტის, რაც გულისხმობს სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის გადასახდელი სარჩოს მოთხოვნას, რა დროსაც სასამართლოს მოსარჩელის მხრიდან უნდა წარედგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ რომ მოსარჩელე ცდილობდა ალიმენტის მიღებას და მოპასუხის მატერიალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;2. მომავალი დროის ალიმენტი- სარჩელის აღძვრის მომენტიდან დაკისრება ამ ვალდებულებისა;3.ერთჯერადად თანხის გადახდის ვალდებულება მაშინ როცა მიმღები სუბიექტის ჯანმრეთლობის მდგომარეობა მძიმეა ან მხარეთა მიერ შეთანხმებული პატივსადები მიზეზების არსებობისას. 

რაც შეეხება სტატიის მთავარ თემას, განვიხილოთ ალიმენტის გადახდისგან თავის ჯიუტად არიდების შემთხვევათა სამართლებრივი შედეგები სისხლის სამართალში. კონკრეტულ საკითხს არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლი, რომლის თანახმად:,,სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება, –ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.’’ მოცემული მოწესრიგების სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტს წარმოადგენს ალიმენტის მიმღებთა არახელსაყრელ პირობებში განთავსების დაუშვებლობა- რომლებიც გამოწვეულია  ანგარიშვლადებული პირის მატერიალური დაუხმარებლობის შედეგად. მიმღები პირებისთვის ალიმენტი აუცილებელია როგორც ნორმალური განვითარების , ისე ელემენტალური საარსებო პირობების შექმნისთვის და უფლება-მოვალეობების თანაბრად გადანაწილებისთვის იმ პირებს შორის, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ერთმანეთზე ზრუნვაში მორალური თუ კანონისმიერი დანაწესებიდან გამომდინარე. მოცემული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის პირველ საფეხურს წარმოადგენს განვსაზღვროთ რა ფორმითაა დაშვებული ამ ტიპის დანაშაულთა ჩადენა. ზოგადად,  სისხლისსამართლებრივი გაგება ქმედებისა გულისხმობს, ადამიანის ნებისგან მომდინარე და მისი ნების ბატონობის ქვეშ მოქცეულ ან მოქცევად სოციალურად მნიშვნელოვან ქცევას.ქმედება შესაძლოა გამოიხატებოდეს როგორც აქტიური მოქმედებით ასევე უმოქმედობითაც. 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული უმოქმედობით გამოიხატება, კერძოდ, ჯიუტად თავის არიდებით ვალდებულების შესრულების მიმართ. რა შეიძლება მივიჩნიოთ ჯიუტად თავის არიდებაში, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გონივრული მსჯელობისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფარდების ხარჯზე. თვალსაჩინოებისთვის შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი, რომლებიც ცდაჰყოფს ჯიუტად თავის არიდების შემთხვევებს: ანგარიშვალდებული პირი ხანგრძლივი დროის მანძილზე არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, პირმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი, არ წარმოადგინა ან ყალბი ინფორმაცია წარმოადგინა საკუთარ სამსახურთან მიმართებით, რომელიც მოწმობდა მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას( ასევე იგულისხმება შემთხვევები, როცა პირი არაოფიციალურად მუშაობს და სასამართლოს უმალავს ინფორმაციას ამ საკითხთან მიმართებით). მოცემული დანაშაული დენად კატეგორიას მიეკუთვნება და გრძელდება მანამ სანამ არ შეწყდება დანაშაული ან იმ გარემოების დადგენამდე, როდესაც პირი თავისუფლდება ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან. სუბიექტური შემადგენლობის განსაზღვრისას აღსანიშნავია, რომ პირს უნდა ამოძრავებდეს პირდაპირი განზრახვა და განცობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა.პირდაპირი განზრახვის ცნებას სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი გვთავაზობს:,,ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.’’

 საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული საკითხის მოწესრიგება ვალდებულებით დაფუძნებულ დელიქტს ემყარება და საოჯახო სამართლის ფრიად მნიშვნელოვანი განმარტებების მოხმობის გარეშე მხოლოდ კონკრეტული მუხლის შემადგენლობის განხილვა არ იქნებოდა საკმარისი. 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მ.ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი, ,,სისხლის სამართლის კერძო ნაწილი’’(წიგნი 1-ლი,მე-7 გამოცემა)გამომცემლობა,,მერიდიანი’’, თბილისი, 2019;

  2. ე.სოლოღაშვილი, ,,საოჯახო სამართალი’’, თბილისი, 2011;

  3. რ. შენგელაია, ე. შენგელაია, ,,საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი’’, თბილისი, 2017;

  4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

  5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;


 

ავტორი: ნინი ტორაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.