რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?1835 2020.11.24
რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

„ვუდგებით თავდებში ლევან ზურაბაშვილს“ - რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სი-ს შენობაში შეჭრილი ლევან ზურაბაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა. იდეის ავტორს მიაჩნია, რომ „ლევან ზურაბაშვილი არის ის ადამიანი რომელმაც აიყვანა მძევლები და მოითხოვა ის, რასაც უნდა აკეთებდეს პარლამენტი ისედაც. ანუ კანონიერი მოთხოვნა დააყენა უკანონო ქმედებით. უკანონო ქმედებით რომ მოეთხოვა უკანონო ქმედება, ის ჩვეულებრივი კრიმინალი იქნებოდა, მაგრამ მან კანონიერი მოთხოვნა დააყენა უკანონო მეთოდით, რისი პატიებაც შეიძლება და ჩვენ, ამ პეტიციას ხელს ვინც ვაწერთ, თავდებში ვუდგებით ლევანს, რომ ის გააგრძელებს იდეისთვის ბრძოლას კანონიერი მეთოდებით“.

 გარდა პეტიციისა, ზოგადად, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მისი საქციელი რომანტიზებულად აღიქვა და ღიად გამოთქვა მოსაზრება, რომ ზურაბაშვილის ქმედება არა თუ დანაშაული, არამედ გამბედავი და სწორი საქციელია, რის გამოც მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. 

 ზურაბაშვილის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის ფაქტის რომანტიზებას ცდილობს ბრალდებულის დედაც, რომელიც ამბობს, რომ მის შვილს აღნიშნილი სიდუხჭირემ და გაჭირვება, გააკეთებინა. „საზოგადოებამ, ვინც კი უყურა, ყველა მეუბნება, კამერაში ჩაწერილია, იქ თურმე ლევანი რომ შევიდა უთქვამს, ვისაც გინდათ წადითო. ლევანს იქ არავინ დაუკავებია. ერთი მოხუცი კაცი იჯდა, უთხრეს წადიო და ალბათ რაღაცა სეირის ყურება უნდოდა და აღარ წავიდა. გოგოები მაგიდაზე ისხდნენ და იცინოდნენ, ხუმრობდნენო, ლევან, ყავა ხო არ მოგიტანოო.რის გამო გააკეთა ასეთი რაღაცა? იცით, აქამდე არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ სიდუხჭირემ და გაჭირვებამ გააკეთებინა,“-განმარტავს ბრალდებულის  დედა.

 

რა არის რომანტიზმი?

ეს არის ვისიმე ან რისამე წარმოდგენა, წარმოსახვა რომანტიკული სახით, იგივე გაიდეალება.

 

რამ გამოიწვია ზურაბაშვილის ქმედების რომანტიზება? 

თავიდანვე, როდესაც მამაკაცი ემ -ბი-სი-ს შენობაში შეიჭრა, მან გაავრცელა ვიდეო, სადაც არ მალავდა არც სახეს, არც ვინაობას და შესაბამისად, სანაცნობო წრის მეშვეობით, მისი, როგორც ერთი ჩვეულებრვილი მოქალაქის პირადი ტრაგედია დაკავებამდევე გახდა ცნობილი. მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული სიუჟეტებით, მეზობლები ჰყვებიან, რომ ოჯახი პედაგოგი დედის პენსიით ცხოვრობდა, თავად დამნაშავე კი, სავარაუდოდ, აზარტული თამაშების მოყვარული იყო. ფაქტს, რომ ლევან ზურაბაშვილი აზარტული თამაშების მსხვერპლია, ადასტურებს მისი უფლებადამცველიც, რომელიც განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრა ზურაბაშვილის მხრიდან არა ძარცვის, არამედ, ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო. სწორედ ამიტომ მძარცველმა არა ფული, არამედ სესხებზე პროცენტის შემცირება და აზარტული თამაშების აკრძალვა მოითხოვა. 

გამომდინარე იქიდან, რომ აზარტული თამაშების უარყოფითი შედეგები საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრებზე აქვს გამოცდილი, ძალიან სენსიტიური საკითხია. წლებია, საზოგადოება მის აკრძალვას ან რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს. სენსიტიური და აქტუალური საკითხია სიღარიბეც,  რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძიმედ დაეტყო მოსახლეობას. შემცირდა სამუშაო ადგილები, ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა და ადამიანებმა ზურაბაშვილის სიდუხჭირეც როგორც საკუთარი პრობლემა ასე აღიქვეს. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ  ადამიანებმა ზურაბაშვილის ქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ცალსახად შეიცავდა სხვადასხვა სახის დანაშაულს, მაინც საგმირო საქმედ მიიჩნიეს. 

 ზურაბაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების რომანტიზებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელიც   აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. 

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი! სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა - პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში ( ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!“, - წერს ლომჯარია.

 

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა და ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლა.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.