იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?2297 2020.11.02
იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

  21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა იარაღის მუქარით მძევლები აიყვანა და შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარი, ასევე ვერტმფრენით ან მანქანით მძევლებთან ერთად ტერიტორიის დატოვების გარანტია მოითხოვა, ტერორიზმად შეფასდა.

 როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, „საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“. იქამდე კი, უშუალოდ თავდასხმის დღეს შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღისუკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა დამძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

 

რატომ გადაკვალიფიცირდა ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად?  

 საინტერესოა, წარმოადგენს თუ არა აღნიშნული, ანუ საქმის ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირება სწორ სამართლებრივ შეფასებას; აღნიშნულთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, იურისტი თამარ ხაჩირაშვილი საუბრობს.

 იურისტს, მიაჩნია, რომ „პროკურატურის მიერ გამოძიების 323-ე და 329-ე მუხლებით დაწყება არასწორად აფასებს იმ ქმედებას, რაც რეალურად ჩაიდინა ბრალდებულმა. ადამიანთა მძევლად ხელში ჩაგდება,  იარაღის გამოყენებით და მათი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და მნიშვნელოვანი ქონებრივრივი ზიანის საფრთხის შექმნა არ ნიშნავს ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზანით მძევლად ხელში ჩაგდებას. ქმედება რომ ამგვარად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, რომ პირს ამოძრავებდეს ტერორისტული მიზანი. შესაძლო  დანაშაულის ჩამდენი პირის მოთხოვნა რომ სახელმწიოს მიმართ იყო, ეს გარემოებაც ცალსახად  არ ნიშნავს იმას, რომ თავდამსხმელს გააჩნდა ტეტორისტული მიზანი“.

ხაჩირაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურა ცდილობს, მკაცრად დასაჯოს დამნაშავე, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, სასამართლოში საქმის გაგზავნამდე,  შესაძლოა, პროკურატურამ თავადვე შეცვალოს კვალიფიკაცია, გამოძიების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

  „შესაძლებელია, პროკურატურას დასაბუთებული  ვარაუდის სტანდარტით მიაჩნია,  რომ ბადრი ესებუას  მოსახლეობის დაშინების მიზანი გააჩნდა იმ მოქალაქეთა მძევლად ხელში ჩაგდებით, რომლებიც ბანკში იმყოფებოდნენ, მაგრამ ამ  შემთხვევაშიც ბრალდების მხარე ვალდებულია, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოკვეთოს ტერორისტული მიზანი - ანუ მოსახლეობის დაშინების მიზანი და მოტივი.  მოსახლეობაში მოიაზრება ქვეყანაში მაცხოვრებელთა ერთობლიობა, მასშტაბურობა, და გულისხმობს რაოდენობრივად ფართო მოქალაქეთა ჯგუფს. მოსახლეობის დაშინების მიზნის არსებობა ბრალდების მხარის მტკიცების ტვირთია,“-განმარტავს იურისტი.

 ხაჩირაშვილის განმარტებით, დანაშაულის მოტივი და მიზანი სისხლის სამართალში საშულებას იძლევა, არამარტო დანაშაულებრივი ქმედება გაიმიჯნოს არადანაშაულებრივისაგან, არამედ მსგავსი დელიქტები უნდა  გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან. ვინაიდან  დანაშაული ნებელობითი მოქმედებაა, კონკრეტული დანაშაულის მოტივის და მიზნის დადგენა ქმედების სწორი კვალიფიკაციის აუცილებელი პირობაა.

       ტერორიზმი - არის ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა, მიმართული ფიზიკური ან იურიდიული პირების წინააღმდეგ, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, კომუნიკაციების და სხვა მატერიალური ობიექტების განადგურება-დაზიანება ან მათი განადგურება-დაზიანების მუქარა იარაღის, ასაფეთქებელი მასალების, ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური თუ სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერების გამოყენებით ან ადამიანის გატაცებითა თუ მძევლად აყვანით, რათა ხელისუფლება ანდა მისი რომელიმე ორგანო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული გახდეს, განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავი შეიკავოს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან, რომელიც ტერორისტების მართლსაწინააღმდეგო ინტერესებში შედის;

     ტერორისტული აქტი – აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანზე თავდასხმა, იარაღის გამოყენება ან სხვა ქმედება, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, ან ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა;

      ტერორისტული მიზანი − მოსახლეობის დაშინება ან ხელისუფლების ორგანოს, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ორგანოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ან ქვეყნის/უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური პოლიტიკური, კონსტიტუციური, ეკონომიკური ან სოციალური სტრუქტურების დესტაბილიზაცია ან განადგურება;

  „თუ დანაშაულებრივი ქმდების განხორციელების პროცესში გამოიკვეთა პირის ტერორისტული მიზანი,  მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთხოვნა შეასრულა საქართველოს ბანკმა, შესაძლებელია, ქმედება დაკვალიფიცირდეს მძევლად ხელში ჩაგდებად ტერორისტული მიზნითა და ტერორისტულ აქტად,  მაგრამ თუ  ეს მიზანი არ გამოკვეთილა და  შესაძლო დანაშაულის ჩამდენმა პირმა მძევლად ჩაიგდო ხელში მოქალაქეები და შემდგომ მოითხოვა ფულადი თანხა, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც მძევლად ხელში ჩაგდება ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით.
  გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ უნდა შეაგროვოს ტერორისტული მიზნის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ ასეთი არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეცვალოს კვალიფიკაცია. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ  ბრალის წარდგენის ეტაპზეც უნდა არსებობდეს ტერორისტული მიზნის დამადასატურებელი მტკიცებულებები (ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა), რათა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველზე მოხდეს ბრალის წარდგენა თავმდამსხმელის მიმართ“-ამბობს თამარ ხაჩირაშვილი.