რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?3565 2018.06.27
რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. კანონის მიხედვით, საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან მკვიდრდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის  სისხლის სამართლის საქმეებისთვის. ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით, მკვლელობაში ბრალდებული პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად, ახლა უკვე უნდა დადგინდეს ნაფიცი მსაჯულების მიერ, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

 

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.  

 

რამდენი მსაჯულისაგან შესდგება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ჩვეულებისამებრ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაჯლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები მძიმე დანაშაულთა კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.

 

გათვალისწინებულია თუ არა ნაფიცი მსაჯულისთვის (მსაჯულობის კანდიდატისთვის) სოციალური დაცვის გარანტიები?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ნაფიც მსაჯულთა სოციალურ გარანტიებს (როგორც იმ მსაჯულებისთვის, რომლებიც შერჩევაში მონაწილეობენ, ასევე მათთვისაც, ვინც ფაქტობრივად ფიცის ქვეშ ნაფიც მსაჯულად იმსახურებს ნაფიცი მსაჯულების სასამართლოში), კერძოდ: ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რაც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის განხორციელებასთან. ამასთან, დღიური, სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. 

გარდა ამისა, საჯარო მოსამსახურეებსა და სახელმწიფოს ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება უნარჩუნდებათ.  

 

ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი თუ: 

1.  იგი სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი; 

2.  იგი ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას. საქართველოში სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე აფხაზურ ენაზე;  

3.  იგი ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც იმ სასამართლოს განსჯადობაში შედის, სადაც პროცესი მიმდინარეობს; 

4.  მას შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას. 

 

არსებობს თუ არა საქმის განხილვაში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები?

დიახ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ასეთ გამონაკლისებს ითვალისწინებს, კერძოდ, პირი ვერ მიიღებს მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და იგი:  

1.  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია; 

2.  გამომძიებელია;

3.  პოლიციელია; 

4. ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 

5.  სასულიერო პირია; 

6.  აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; 

7.  ბრალდებულია; 

8.  ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;

9.  მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად ამ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;

10. ფსიქოლოგია;

11.  ფსიქიატრია;

12. იურისტია. 

 

შეუძლია თუ არა პირს უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის განხორციელებაზე?

დიახ, პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ: 

1. უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; 

2. იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; 

3. ჯანმრთელების მდგომარეობის გამო; 

4. ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; 

5. იგი 70 წელს გადაცილებულია. 

 

როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა?

თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე სამოქალაქო რეეტრის მონაცემთა ბაზიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, მის მიერვე განსაზღვრული ბიჯის გამოყენებით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას 50 პირის შემადგენლობით. 

 

აქვთ თუ არა ნაფიც მსაჯულობის კანდიდატებს რაიმე მოვალეობა?

დიახ, ვიდრე პირველად გამოცხადდებიან სასამართლოში, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს გარკვეული მოვალეობები აქვთ, კერძოდ:

1.  მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შესახებ, რაც ასახულია სპეციალურად მათთვის გაგზავნილ აცილების ფორმაში, აცნობოს სასამართლოს, უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. 

2.  ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელ მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვალდებულნი არიან, უპასუხონ კითხვებს და დაუბრუნონ იგი მოსამართლეს კითხვარში მითითებულ ვადაში. 

3.  და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსაჯულობის კანდიდატები ვალდებულნი არიან სასამართლოში გამოცხადდნენ უწყებაში მითითებულ დროს და ადგილას. 

 

როგორ შეირჩევიან ნაფიცი მსაჯულები?

სპეციალურად ამისათვის სასამართლოში ტარდება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა, სადაც მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რაც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს.  

გარდა თვითაცილებისა, მხარეებსაც აქვთ უფლება იშუამდგომლონ მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ.  

გარდა ამისა, მოსამართლე ყველა იმ გარემოებას ამოწმებს, რომელიც შეიძლება მსაჯულობის კანდიდატის აცილების საფუძველი გახდეს და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე. 

მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხი გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში ხელი შეუშალოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმეში მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ მოსამართლეს სთხოვონ ნაფიცი მსაჯულობის რამდენიმე კანდიდატის აცილება დასაბუთებული მიზეზით, რაც დაკავშირებულია მოსაზრებასთან, რომ მას არ შეუძლია იყოს კომპეტენტური, ყურადღებიანი, ან იმოქმედოს ნაფიცი მსაჯულის ფიცის (ციტირებულია ქვემოთ) შესაბამისად. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების თაობაზე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება ან უკუგდება მოსამართლეზეა დამოკიდებული. დასაბუთებული მიზეზით ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების გარდა, მხარეებს უფლება აქვთ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი აიცილონ კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე. ამგვარი სახის აცილებას `დაუსაბუთებელი აცილება~ ეწოდება. დაუსაბუთებელი აცილების გამოყენების წესს და მათ რაოდენობას კანონი განსაზღვრავს.   

აცილების შემდეგ დარჩენილი თორმეტ კანდიდატს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს როგორც სათადარიგო მსაჯული.  

 

ვინ არის სათადარიგო მსაჯული და რა ფუნქცია აქვს მას?

სათადარიგო ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმის ხელახალი განხილვა, თუ რომელიმე მოქმედ ნაფიც მსაჯულს გაუთვალისწინებელი რამ შეემთხვევა (მაგალითად, ავადმყოფობა). 

სათადარიგო მსაჯული სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს ესწრება. სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. 

 

ვინ არის უფროსი ნაფიცი მსაჯული და რა ფუნქცია აქვს მას?

სანამ ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში გავლენ, სხდომის თავმჯდომარე შერჩეულ მსაჯულთაგან ერთ-ერთს ნიშნავს უფროს მსაჯულად, რომელიც აირჩევა ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე მსაჯულთა მიერ. უფროსი მსაჯული თათბირს ხელმძღვანელობს და საჭიროების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. იგი გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრის საერთო შედეგებს აჯამებს, შესაბამის დოკუმენტებს ადგენს, სხვა მსაჯულებთან ერთად ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.

 

რა არის ნაფიცი მსაჯულის ფიცი?

უფროსი მსაჯულის დანიშვნის (არჩევის) შემდეგ მსაჯულები ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს სხდომის თავმჯდომარე კითხულობს, რის შემდეგაც ყოველი მსაჯული, მათ შორის სათადარიგო მსაჯულები ამბობენ: `ვადასტურებ!~. 

ფიცის ტექსტი იკითხება შემდეგნაირად:

`ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა, გავითვალისწინო ყველა კანონიერი მტკიცებულება, გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!~. 

 

აქვთ თუ არა ნაფიც მსაჯულებს უფლებები?

ნაფიცი მსაჯულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უმნიშვნელოვანესი რგოლია და, რასაკვირველია, მათ მთელი რიგი უფლებები გააჩნიათ, კერძოდ: 

ნაფიც მსაჯულს უფლება აქვს, თავის წერილობით მიმართვაზე მიიღოს: 

1. სასამართლოსგან განმარტება გამოსაყენებელი კანონის თაობაზე;

2. წინასწარი ინფორმაცია საქმის გარემოებებისა და გამოსაკვლევი მტკიცებულებების შესახებ; 

3. სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება: 

ა) სხდომის თავმჯდომარისაგან _ კანონის შესახებ; 

ბ) მოწმეთაგან _ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; 

გ) მხარეთაგან _ დასკვნითი სიტყვის შესახებ; 

4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირის დროს დამატებითი განმარტება მოსამართლისაგან კანონის შესახებ. 

გარდა ამისა, მსაჯულებს შეუძლიათ სხდომის მიმდინარეობისას გააკეთონ ჩანაწერები. ჩანაწერები მხოლოდ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ნაფიცი მსაჯულების მეხსიერებას დაეხმაროს. ჩანაწერებმა მსაჯულებზე ზედმეტი გავლენა არ უნდა მოახდინონ. მათ ასევე სათათბირო ოთახში გასვლამდე ეძლევათ სასამართლო სხდომის ოქმი, გარდა იმ ნაწილებისა, რომლებიც დაუშვებელ მტკიცებულებებს ეხება. 

 

აქვთ თუ არა ნაფიც მსაჯულებს მოვალეობები? 

უფლებების გარდა, ნაფიც მსაჯულებს მთელი რიგი მოვალეობები აკისრიათ, რომელთა შესრულებაც მნიშვნელოვანია, კერძოდ ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ: 

1.  სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება; 

2.  ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით; 

3.  განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;  

4.  განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სასამართლო სხდომის ფარგლებს გარეთ; 

5.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა; 

6.  სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა. 

 

როგორ უნდა მოიქცეს ნაფიცი მსაჯული იმ შემთხვევაში, თუUკითხვები გაუჩნდა სასამართლო განხილვის მსვლელობისას?

ასეთ შემთხვევაში, ნაფიცი მსაჯული მანდატურის მეშვეობით თავის შეკითხვას წერილობითი სახით საქმის განმხილველ მოსამართლეს გადასცემს.  

 

ვინ იქნებიან სასამართლო სხდომის დარბაზში? რას მოიმოქმედებენ ისინი? 

გარდა მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულებისა და მხარეებისა, სასამართლო დარბაზში სხვა პირებიც იქნებიან. ქვემოთ წარმოდგენილი სია განგიმარტავთ, თუ ვინ არიან ისინი და რას მოიმოქმედებენ სასამართლო დარბაზში ყოფნისას: 

1.  ბრალდებული _ პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან დანაშული ჩაიდინა.  

2.  მხარე _ ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი (დაცვის მხარე); გამომძიებელი პროკურორი (ბრალდების მხარე).   

3.  სასამართლო სხდომის მდივანი _ იგი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს, სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს. 

4.  მანდატური _ იგი იცავს წესრიგს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სასამართლოში და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს.

 

რა ძირითად ეტაპებს მოიცავს საქმის განხილვა?

საქმის განხილვის დაწყებისას პროკურორი თავის შესავალ სიტყვას წარმოადგენს, სადაც განმარტავს ბრალდებულის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს, რის შემდეგაც დაცვის მხარეც უფლებამოსილია წარმოადგინოს დაცვის შესავალი სიტყვა. მხარეთა შესავალი სიტყვები მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ და, შესაბამისად, მსაჯულებმა ისინი მტკიცებულებებად არ უნდა მიიჩნიონ. ამის შემდეგ იწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე და პირიქით. მტკიცებულებათა გამოკვლევის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, დასკვნითი სიტყვები წარადგინონ. დასკვნითი სიტყვა თითოეულ მხარეს საშუალებას აძლევს ნაფიც მსაჯულებს მოახსენოს, თუ რას ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი აზრით და რატომ უნდა იქნეს მიღებული კონკრეტული სახის გადაწყვეტილება. შესაძლოა, დასკვნითი სიტყვები ნაფიც მსაჯულებს დაეხმაროს საქმის მრავალი დეტალი გაიხსენონ. დასკვნითი სიტყვების წარმოდგენის შემდეგ ორივე მხარე უფლებამოსილია ისარგებლოს რეპლიკით, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.    

 

რა ხდება ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის შემდეგ?

საქმის არსებითი განხილვისა და სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები სათათბირო ოთახში გადიან ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება, სათათბირო ოთახში იმყოფებოდეს და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მსაჯულებს კითხვა გაუჩნდებათ, ან რაიმე სახის დახმარება დასჭირდებათ, ისინი მანდატურს მიმართავენ, რომელიც დაუყოვნებლივ აღმოუჩენს მათ დახმარებას. 

 

რა არის ვერდიქტი?

ვერდიქტი არის ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ბრალდებულის უდანაშაულობის ან ბრალეულობის შესახებ. შესაბამისად, ვერდიქტი შეიძლება იყოს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი.

 

როგორ ხდება ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის მიღება?

სათათბირო ოთახში ნაფიცი მსაჯულები განსჯიან და იღებენ გადაწყვეტილებებს ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული თანმიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამატყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით. 

თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას საკითხისადმი, მხარს უჭერს ან პირიქით, უარყოფს მას. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. 

 

რა ხდება გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ? 

სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი. გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა, მისი შეცვლა  მოსამართლის მიერ ან გასაჩივრება დაუშვებელია.

რა ხდება, თუ ვერდიქტი გამამტყუნებელია?

გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე სხდომის თავმჯდომარე სასჯელის დანიშვნის სხდომის თარიღს ნიშნავს. სასჯელის დანიშვნის სხდომა ვერდიქტის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 3 დღისა უნდა გაიმართოს.  

 

შეუძლია თუ არა მოსამართლეს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმება?

სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ:

1.  აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას;

2.  უსაფუძვლოა; 

3.  გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. 

 

მონაწილეობენ თუ არა ნაფიცი მსაჯულები მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის პროცესში და როგორ წარიმართება ეს პროცესი?

სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარეები საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე სხვა წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს წარუდგენენ მოსაზრებებს სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით. 

თუ უარს არც ერთი მხარე არ განაცხადებს, ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობენ და ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს სასჯელს უნიშნავს ნაფიც მსაჯულთა მიერ სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით. კერძოდ:  

თუ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცი მსაჯულები ხმათა უმრავლესობით სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას მიიღებენ, სხდომის თავმჯდომარე არ არის უფლებამოსილი, ბრალდებულს დაუნიშნოს ამ დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედზე მეტი, ხოლო თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მინიმალური ზღვარი აღემატება  მაქსიმალური ზღვრის ორ მესამედს, მსჯავრდებულს ენიშნება მინიმალური სასჯელი.

თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ შესწევს უნარი, მიიღოს სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია, სასჯელს ნიშნავს სხდომის თავმჯდომარე. 

სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს. 

 

როგორ უნდა მოიქცეს ნაფიცი მსაჯული, თუ მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი სასამართლო განხილვის შესახებ სასამართლო დარბაზის გარეთ, ან ვინმე დაუკავშირდა, ან იგი გააცნობიერებს, რომ ფლობს სპეციფიკურ ინფორმაციას საქმესა და სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით? 

ასეთ შემთხვევაში ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს მომხდარის შესახებ.  

 

რა დროის განმავლობაში მოუწევს ნაფიც მსაჯულს მოვალეობის შესრულება? 

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება შესაძლებელია გაგრძელდეს იმ დროით, რაც საჭიროა მოცემული საქმის განხილვისთვის, რომლისთვისაც ის შერჩეულია ნაფიც მსაჯულად. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ მოსამართლე ნაფიც მსაჯულს მსაჯულობის მოვალეობისაგან ათავისუფლებს. 

 

სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე ნაფიც მსაჯულს მიეცემა თუ არა შესაძლებლობა მიიღოს საორიენტაციო ინფორმაცია?

წინამდებარე საინფორმაციო ბროშურაში მოცემული ინფორმაციის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო ნაფიც მსაჯულთა საორიენტაციო პროგრამას ახორციელებს, რომელიც ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაგაცნობთ. საორიენტაციო შეხვედრისას განგემარტებათ სასამართლოში თქვენი გამოცხადების აღრიცხვის პროცედურები, თუ როგორ უნდა გაარკვიოთ გამოცხადების თარიღი, სასამართლოს სამუშაო საათები და როგორც მოქმედმა ნაფიცმა მსაჯულმა რა უნდა მოიმოქმედოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას. 

დაცულია თუ არა ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოება?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის უსაფრთხოების ზომების მიღება.

ხმათა რა რაოდენობა ჭირდება ვერდიქტის მიღებას?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისაგან და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ათზე ნაკლები ნაფიცი მსაჯული. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისგან ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; 

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება არის თუ არა ანაზღაურებადი?

ნაფიცი მსაჯულის მიერ მოვალეობის შესრულება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვს დროულად მიიღოს სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამასთან საჯარო მოსამსახურეს და სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება. 

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შეუსრულებლობისათვის რამდენია ჯარიმა?

სასამართლო განხილვისას ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, ხოლო ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

 

 

წყარო: http://www.msajuli.ge