„ხულიგნობისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი“5224 2018.04.19
„ხულიგნობისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი“

 ხულიგნობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი. ობიექტური მხრივ ხულიგნობა არის ქმედება, რომელსაც ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

 

1) პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი; რაც გამოიხატება იმაში, რომ ხულიგნობის ჩადენას ადგილი აქვს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, იქ, სადაც იმყოფება საზოგადოება.

2) ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას. რაც გამოიხატება იმაში, რომ ხულიგნობის ჩამდენ პირს სურს, დაუპირისპირდეს საზოგადოებას და დაანახოს მას, რომ იგი არაფრად არ აგდებს საზოგადოებაში გაბატონებულ ზნეობრივ ნორმებს და რომ იგი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მას სურს.

3) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ძალადობაში კი, თავის მხრივ, იგულისხმება ისეთი აგრესიული ქმედება, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაიზანება, მაგ: როგორიცაა ცემა. შესაბამისად ხულიგნობა, როგორც კანონსაწინააღდეგო ქმედება, ჩადენილი ნებისმიერი სახით, წარმოადგენს საქართველოს სსკ- ის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას.

 

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

 

 საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს ხულიგნობის განმარტება, მოგიყვანთ შემდეგ პრაქტიკულ მაგალითს:

 

 პირების ერთობლივი მოქმედებით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა უცენზურო გამონათქვემებს, უმისამართო ლანძღვა-გინებას და ხელჩართული ჩხუბს, ამასთან, მათი ქმედება გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ვინაიდან ხულიგნობის ჩადენის ადგილას გახლდათ საერთო საცხოვრებელი. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებდა ის გარემოება, რომ ისინი მოუწოდებდნენ ხულიგნურ ქმედებებში მონაწილეებს, დაწყნარებულიყვნენ და შეეწყვიტათ ჩხუბი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი განაგრძობდნენ ერთმანეთში ჩხუბს, რამაც ძალიან შეაწუხა იქ მაცხოვრებლები და დაურღვია მყუდროება. რაც შეეხება ძალადობას ან ძალადობის მუქრას, მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნულსაც ასევე ადგილი ჰქონდა განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დროს, ვინაიდან ჩხუბში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქმედებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩხუბის მონაწილეები ერთმანეთს ურტყამდნენ ხელკეტებს და ქვებს, იყო ხმამაღალი ყვირილი და გინება.

 

სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ხულიგნობა უნდა განვასხვავოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული - „წვრილმანი ხულიგნობისაგან“,  რომლის თანახმადაც, წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

განსხვავება სისხლის სამართლის დანაშაულსა და სამართალდარღვევას შორის არის ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომელიც თან ერთვის პირის ქმედებას, როდესაც სჩადის სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებულ ხულიგნობას.

 

საქნციაც განსხვავებულია მოცემულ ორ შემთხვევაში, იმდენად რამდენადაც ხულიგნობისთვის მაქსიმალური სანქცია გახლავთ თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ხოლო წვრილმანი ხულიგნობისათვის - ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.