როგორ რეგულირდება პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება?3562 2018.01.23
როგორ რეგულირდება პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება?

უკანასკნელ დღეებში ძალზე აქტუალური გახდა პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების  საკითხი.  ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აწყდებიან ზემოხსენებულ ფაქტებს, თუმცა უმეტესად, მათ არ იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათთან ურთიერთობისას პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს.

 

  რას ნიშნავს და როგორ რეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება?
 

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი

 

  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის  მიხედვით, საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევით ;

 სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5  წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევით.

 ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:  არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი

 

 პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელი, თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრიმინაციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალე პრინციპებს.

 ამის მიუხედავად, მაინც ხშირია პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება, რაც  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას იწვევს.

 პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის IX თავის, რომელიც პოლიციის საქმიანობის კონტროლის თანახმად, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.

 

  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი - გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)  

 

  გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეთა საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას, ამავე სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი, გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი)  აკონტროლებს.

 გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციიის ფარგლებში, გამოავლენს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას.

 

 როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, თუკი ჩათვლის, რომ მასთან მიმართებაში პოლიციელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა?  

 

  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტების განმარტებით,  „„OK&CG“-ის აღნიშნული პრობლემით მოქალაქეები ხშირად გვაკითხავენ. სწორედ ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ზემოხსენებული შემთხვევები ძალიან ხშირია“.

 

 კომპანიაში განმარტავენ, რომ  მოქალაქეებს ძირითადად აინტერესებთ, არსებობს თუ არა რაიმე რესურსი, რითაც თავიანთი უფლებების დაცვას შეძლებენ.

 

 საადვოკატო ბიური „OK&CG“-ის ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, მოქალაქე, რომელიც ჩათვლის, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა მისი უფლება დაარღვია, შეუძლია, ეს ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.

 მისივე თქმით,  „ზემოხსენებული ფაქტის გამვლენისას, მოქალაქეს შეუძლია, აღნიშნული ქმედების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და შესაბამის ზომებსაც იღებს“.

 თუმცა, ქეთევან ქავთარაძე ასევე განმარტავს, რომ „ზემოხსენებული ინსპექციის მიმართვას პრაქტიკაში არსებითი ხასიათის, ჩვენთვის (ანუ განმცხადებლისთვის) დამაკმაყოფილი შედეგი არ ჰქონია, რადგან ხშირად  განცხადებაზე რეაგირებასაც კი არ ახდენენ“  და მიაჩნია, რომ გენერალური ინსპექცია უფრო აქტიურად და თანაც კანონმდებლობით გაწერილი ნორმების დაცვით უნდა მუშაობდეს.