რა უფლებები აქვს ე.წ ატსტუპნიკს?1848 2017.10.27
რა უფლებები აქვს ე.წ ატსტუპნიკს?

დღესდრეობით, საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი ვერ ახერხებს საკუთრების უფლების დარეგისტრირებას იმის გამო, რომ მან უძრავი ქონება შეიძინა სანოტარო ფორმადაუცველი ხელშეკრულების საფუძველზე. მსგავსი ტიპის სამართალურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს კანონი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ. საადვოკატო კომპანია ,,OK&CG”-ს ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, რომ მოსარგებლე, რომელმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადო წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით, სარჩელის შეტანის გზით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. რაც შეეხება მოსარგებლეებს, რომლებმაც მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადეს წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ 30 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ფლობს საცხოვრებელ სადგომს, უფლებამოსილია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით. სავალდებულოა, რომ სარჩელს თან დაერთოს ექსპერტიზის დასკვნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების თაობაზე, აგრეთვე, საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი საბუთი. თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა.