შესაძლოა მშობლის უფლება ჩამოგერთვათ1448 2017.10.10
შესაძლოა მშობლის უფლება ჩამოგერთვათ
საქართველოს კანონმდებლობა მშობელს არასრულწლოვანი შვილის მიმართ არაერთ უფლება-მოვალეობას აკისრებს. მშობლები ვალდებულნი არიან ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე იზრუნონ მის ნორმალურ რჩენა-აღზრდაზე და შექმნან საამისოდ საჭირო პირობები. ისეთ შემთხვევაში, როდესაც მშობელი ზიანს აყენებს არასრულწლოვანი შვილის ინტერესს, რაც ზღუდავს მისი განვითარების საუკეთესო ინტერესებს, მეორე მშობელს უფლება აქვს სარჩელის შეტანის გზით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მეორე მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის მიუხედავად, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი საალიმენტო ვალდებულებების შესაბამისად. სასამართლოს ასევე შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომელიც წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის ადვოკატის ანა გორდეზიანის განმარტებით, მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა, ამასთან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მშობელი ვალდებულია სასამართლოს დაუსაბუთოს და დაამტკიცოს რა მოქმედებით მიაყენა კანონიერმა წარმომადგენელმა არასრულწლოვანს ზიანი“ გასათვალისწინებელია, რომ საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს არასრულწლოვანსაც 14 წლის ასაკიდან.