სასამართლომ მოქალაქეს  სასამართლოსთვის მიმართვის უფლება შეუზღუდა1280 2017.09.21
სასამართლომ მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება შეუზღუდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის თაობაზე (საქმე #ა- 998-ა-7-2011). აღნიშნული სამოქალაქო საქმე ეხებოდა განცხადებას, რომლითაც იგი მოითხოვდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებას. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა ათზე მეტი განცხადება შეიტანა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ერთსა და იმავე საქმეზე. პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ასეთი სახის მოქმედებები არ ემსახურებოდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას და იგი მიზნად ისახავდა საქმის განხილვის ხელოვნურად გაჭიანურებას. პალატამ აღნიშნა ასევე, რომ სასამართლოში შეტანილი განცხადებები შინაარსობრივად ეთრგვაროვანი იყო და თითოეული მათგანი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ დავის გაგრძელებისა და საქმის სასამართლოს წარმოებაში ყოფნის გახანგრძლივების მცდელობას. აღნიშნული კი, პალატის მოსაზრებით, სცილდებოდა მართლმსაჯულების და, მითუმეტეს, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი ბოროტად იყენებდა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, ვინაიდან მისი განცხადებები და საჩივრები მიზნად არ ისახავდა მხარის კანონიერი უფლების დაცვას და ლახავდა მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს. შესაბამისად, პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ განმცხადებელს უნდა შეზღუდვოდა მოცემულ საქმეზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, კერძოდ, რეაგირების გარეშე უნდა დარჩენილიყო მოცემულ დავაზე მის მიერ შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი).