პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცების გამო  პირს სისხლისა1760 2017.09.21
პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცების გამო პირს სისხლისა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლითაც ცალსახად განისაზღვრა პირადობის მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების კანონით გათვალისწინებული ნიშნები. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად, ო. მ-ძემ ქვით ჩაამტვრია ქუჩაში გაჩერებული, მოქალაქე თ. მ-ძის კუთვნილი, ,,კია სპორტაგე“-ის მარკის ავტომანქანის საბარგულის საქარე მინა, ნაკაწრების სახით დააზიანა უკანა შუშის ზედაპირი და საღებავი ავტომანქანის უკანა, მარჯვენა კარის სახელურთან, გამოგლიჯა უკანა სანომრე ნიშნის სამაგრი, შეაღწია ავტომანქანაში და, მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მაგნიტოფონის 6 ცალ HD ფირფიტას, `სბერბანკის“, პროკრედიტ ბანკის~ სახელფასო პლასტიკურ ბარათებს, ,,ვისოლის~ ბენზინგასამართი სადგურის ფასდაკლების პლასტიკურ ბარათს. გარდა ამისა, მსჯავრდებული დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ მოწმობას. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ ნივთების დაუფლებისას მსჯავრდებული მოქმედებდა სიბნელეში და მანქანაში არსებულ ნივთებს, რაც ხელში მოხვდებოდა, ტომარაში ყრიდა. საკასაციო პალატამ, გაიზიარა რა ქვემდგომი სასამართლოების პოზიცია ო. მ-ძის ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილში მსჯავრდებასთან დაკავშირებით, არასწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით. პალატამ განმარტა, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების გატაცება, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მოტივსა და სხვისი დოკუმენტების დაუფლების მიზანს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი უდავოდ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულს პირადობის მოწმობის გატაცების განზრახვა და მიზანი არ ჰქონია. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.