მიკროსაფინანსოს ჩამოსაყალიბებლად 250 ათასის ნაცვლად, 1 მილიონი ლარის კაპიტალი იქნება საჭირო989 2017.09.18
მიკროსაფინანსოს ჩამოსაყალიბებლად 250 ათასის ნაცვლად, 1 მილიონი ლარის კაპიტალი იქნება საჭირო
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების საკითხმა პარლამენტში დებატები გამოიწვია. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების ერთი მიმართულება აღნიშნულ სექტორზეც ვრცელდება.საპარლამენტო უმრავლსესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირება კომერციული ბანკებისთვის ახალი ბაზრის ხელში ჩაგდების მიზნით იგეგმება.„მიკროსაფინანსოების კონტროლი ემატება ეროვნულ ბანკს და ხდება იმის არგუმენტირება, რომ არ გადაკეთდნენ „პირამიდებად“. აქამდე მე მგონი, საკმაოდ კარგად მუშაობდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ეს საკმაოდ დიდი ბაზარია. ჩვენ ვთვლით, რომ ბანკებისთვის ეს ბაზარი მიმზიდველი გახდა და ამ კანონის ინიცირება ემსახურება ამ ბაზრის შემცირებას და იმას, რომ ბანკებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ ბაზრის ჩაგდება“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია კი ამ მიმართულებით გათვალისწინებულ რეგულაციებს მოსახლეობის თანხების უფრო მეტად დაცვის მიზნებით ხსნის.„ვინც მოსახლეობის თანხებს ხელს კიდებს, ეს ხალხი - მენეჯერები, თუ ბიზნესის წარმომადგენლები მკაცრი ლიცენზირების და რეგულირების პირობებს უნდა ემორჩილებოდნენ, მათ შორის ლიკვიდობასთან, მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებით და ა.შ“, - განმარტა კიკორიამ.შეგახსენებთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მათ ვისაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ჩამოყალიბება სურთ, 250 ათასი ლარის ნაცვლად, მინიმუმ 1 მილიონი ლარის განაღდებული კაპიტალის ქონა მოეთხოვებათ. კანონის ამოქმედებამდე, რეგისტრირებულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2019 წლის 1 იანვრამდე უნდა შეავსონ. წყარო: Business Media Georgia