ლარში ფასდადების დარღვევის გამო კომპანიები 47 000 ლარით დაჯარიმდა908 2017.09.14
ლარში ფასდადების დარღვევის გამო კომპანიები 47 000 ლარით დაჯარიმდა
1 ივლისიდან დღემდე ლარში ფასდადების დარღვევის 248 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 209 შემთხვევაში მეწარმე სუბიექტები მხოლოდ გაფრთხილდნენ, ხოლო 39 შემთხვევაში ფულადი სანქცია დაეკისრათ. ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 37 მეწარმე სუბიექტს 1 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო 2 მეწარმეს 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ. შესაბამისად, სამართალდარღვევებზე ჯამში, 47 000 ლარის ოდენობის ჯარიმაა გამოწერილი. როგორც ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ფასის ლარით მითითების წესს ძირითადად სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები და ტუროპერატორები არღვევენ. შეგახსენებთ, 2017წლის 1-ლი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონებისრეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1 000 ლარით განისაზღვრება. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს ეხებათ. თუმცა, არიან გამონაკლისი მეწარმეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. მათ შორის იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან; როუმინგის მომსახურებასთან; უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან და ა.შ.