სიურპრიზი ავტომობილის შეძენისას...799 2024.06.10
სიურპრიზი ავტომობილის შეძენისას...

გსმენიათ რაიმე საცილო გარიგების შესახებ?

ლევანისა და ირაკლის ამბავი

- ლევანს სურდა ახალი მანქანის შეძენა და გადაწყვიტა მისვლა ქალაქში სახელგანთქმულ მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე ირაკლისთან. დაუსრულებელი საცობებიდან გამომდინარე, ლევანს უნდოდა ეკონომიური მანქანის ყიდვა.

 

ირაკლის ავტოპარკის დათვალიერების შემდგომ, მან არჩევანი შეაჩერა TOYOTA-ის მარკის ორ ავტომობილზე - 2014 წლის გამოშვება, Camry Hybrid-ზე, რომლებიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.

 

ამ ორიდან ლევანმა აირჩია ერთ-ერთი, დროებითი სანომრე ნიშნით - TT-001-CC, რომლის ღირებულებადაც განსაზღვრული იყო 7 000$. ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ირაკლიმ ოფისში მიიპატიჟა ლევანი, თუმცა ორივეს შეეშალა და ხელშეკრულება გაფორმდა მეორე ავტომობილზე, სანომრე ნიშნით - TT-010-CC. ეს ავტომობილი კი შედარებით ძვირი ღირდა, 10 000$.

 

ხელშეკრულების გაფორმებისას, ორივე დარწმუნებული იყო, რომ ხელშეკრულება გააფორმეს ე.წ. პირველ ავტომობილზე (დროებითი სანომრე ნიშნით - TT-001-CC). ლევანს თანხა ერთიანად არ ჰქონდა და უნდა აეღო სესხი ბანკიდან, რასაც გარკვეულიდ დრო დასჭირდებოდა. ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ლევანი ირაკლის 10 დღეში გაუვლიდა, თანხას გადაუხდიდა და წაიყვანდა ავტომობილს.

 

სახლში მისულმა ლევანმა აღმოაჩინა, რომ 3 000$-ით იაფად ყიდულობდა მანქანას და დიდად გახარებული იყო ამ ფაქტით, რასაც ვერ ვიტყოდით ირაკლიზე... ლევანმა აიღო სესხი და მივიდა ირაკლისგან ავტომობილის წამოსაყვანად, თუმცა ირაკლი, ცხადია, არ იყო თანახმა...

 

აქვს თუ არა ლევანს ძვირიანი ავტომობილის მოთხოვნის უფლება ირაკლისგან?

რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

პირველ რიგში, გავიხსენოთ გარიგების ცნება, რომელიც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლში, რომლის მიხედვით:

 

გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

თუმცა, ჩვენს შემთხვევაში იკვეთება საცილო გარიგების ნიშნები:

რა არის საცილო გარიგება?

გარიგება შესაძლებელია საცილო გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.

 

არსებითია შეცდომა, მაგალითად, როცა:

• პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა;

• პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა;

არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად და სხვ.

 

სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კი:

საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება.

 

როგორ ფიქრობთ, ექნებოდა ლევანს ძვირიანი ავტომობილის მოთხოვნის უფლება ირაკლისგან?

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.