"ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში..."1157 2023.12.18
"ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში..."

ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ერთი ოჯახის ისტორია:

- მე და ჩემმა მეუღლემ ძლივსშეგროვებული თანხით თბილისში შევიძინეთ ბინა, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას, მეტროსთან ახლოს. ჩვენი ბიჭიც უკვე წამოიზარდა და აბა, უბინაოდ ხომ არ დავტოვებდით. დიდი შემოსავალი არ გვაქვს და ნაყიდი ბინის გაქირავება გადავწყვიტეთ. ფასიც მისაღები დავადეთ. რავიცი, ისე დარჩენას, დაბალი და სტაბილური შემოსავალი ვამჯობინე. ვიფიქრე, ოჯახი ცოტა წელში წამოიმართებოდა, მაგრამ...

 

- ეს ვინ შემოვუშვი სახლში! ვიფიქრე, უცხოელია, სტუდენტი გოგოა და არ შემიქმნის პრობლემას, - მეთქი. ხოდა, სწორედ მანდ შევცდი. ჯერ ხომ თავისი ორი დაქალიც მიიპატიჟა საცხოვრებლად, მერე საერთოდ ძაღლი და 3 კატა მიიყვანა. რას ვიფიქრებდი, ეს მე თუ დამემართებოდა. არ აღმაწერინოთ, სახლი რა დღეშია. სისუფთავეზე აღარაფერს ვამბობ, სახლიდანაც აღარ გამოდიან. რა გზას აღარ მივმართე! 6 თვეზე ვიყავით შეთანხმებული და აი, უკვე მე-11 თვე მოტრიალდა, რაც ასე ვიტანჯები.

 

- აღარ ვიცი, რა ვქნა - ან ესენი როგორ გამოვიყვანო ბინიდან ან ვის მივმართო საერთოდ. წყალში ჩამეყარა ამხელა შრომა, ნერვი აღარ მივარგა...

 

სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგება

გსმენიათ რაიმე ვინდიკაციის შესახებ?

მას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი. დასახელებული ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ტერმინი ვინდიკაცია ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას გულისხმობს.

 

გვესმის, მხოლოდ ნორმის წაკითხვა ვერ დაგეხმარებათ. განგიმარტავთ წინაპირობებს.

 

აუცილებელია კმაყოფილდებოდეს სამი პირობა: 

1. თქვენ უნდა იყოთ ნივთის მესაკუთრე,

2. ნივთი უნდა იყოს სხვის მფლობელობაში და

3. მფლობელობა უნდა იყოს არამართლზომიერი (არ უნდა ჰქონდეს ფლობის უფლება).

 

ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან იუსტიციის სახლს, თუმცა საჭიროა შესაბამისი დოკუმენტაცია გქონდეთ ხელთ, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

 

საქმის სასამართლოში საწარმოებლად ჩვენ დაგეხმარებით და გაგცემთ პასუხს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.