ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...2460 2023.12.13
ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ... ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ...

სამემკვიდრეო სამართალი

ივლიტეს სიყვარულისა და სავალდებულო წილის ამბავი:

- ივლიტე ძალიან იმედგაცრუებულია. მას ახლახანს დაეღუპა მეუღლე, თევდორე. მათ მალე ერთად ყოფნის 50 წელი შეუსრულდებოდათ, მაგრამ თევდორეს შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა და მოულოდნელად ათეროსკლეროზის (არტერიის კედლების შესქელებისა და სისხლის მიმოქცევის გაძნელების) გამო მოულოდნელად გარდაიცვალა.
 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თევდორეს სიკვდილამდე გამზადებული ჰქონია ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მეუღლეს, ივლიტეს და თავის შვილს, დემნას არაფერი დარჩათ და მთელი ქონება საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუტოვა. ამ ანდერძმა ივლიტე და დემნა ძალიან აღაშფოთა, რადგან არ ელოდნენ თევდორესგან ამგვარ საქციელს.
 

მათ აინტერესებთ ეკუთვნით თუ არა რამე თევდორეს ქონებიდან, რადგან მისი ასეთი გადაწყვეტილება უსამართლოა და შეუძლებელია „ჰაერში“ დაეტოვებინა ოჯახი.

 

სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგება

გსმენიათ რაიმე სავალდებულო წილის შესახებ?

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამ შემთხვევაში სახეზეა ანდერძი.
 

განვსაზღვროთ სუბიექტები. სახეზეა მამკვიდრებელი - თევდორე, მეუღლე - ივლიტე და შვილი - დემნა. გაქვთ ინფორმაცია, რომელი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან ისინი? ამ საკითხს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). გამოდის, რომ ივლიტე და დემნა პირველი რიგის მემკვიდრეები არიან.
 

პირველი რიგის მემკვიდრეთათვის კანონი ითვალისწინებს სავალდებულო წილის ინსტიტუტს 1371-ე მუხლით, რომელიც ადგენს, რომ მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა.
 

ამდენად, ივლიტესა და დემნას უფლება აქვთ მოითხოვონ სავალდებულო წილი თევდორეს ქონებიდან.

 

და თქვენც, თუკი იმყოფებით მსგავს სიტუაციაში და გაქვთ კითხვები სავალდებულო წილთან, მისი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტთან, მოცულობის განსაზღვრასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მოგვმართეთ და ჩვენ დაგეხმარებით.