დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი712 2022.08.03
დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლი დაკავების ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებს არეგულირებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად „გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.“ აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და გამორიცხავს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზებას. ცხადია, დაკავება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის შეზღუდვის საფუძველია და როდესაც ადამიანის თავისუფლება იზღუდება, მას per se  ერთმევა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებების რეალიზაციის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ადამიანის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი შეიძლება შეიზღუდოს ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში, თუმცა აუცილებელია დადგინდეს ლეგიტიმურ მიზანსა და შეზღუდულ სამართლებრივ სიკეთეს შორის პროპორციული ბალანსი. სწორედ, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთის დროს უნდა იხელმძღვანელოს თანაზომიერების ტესტით და ამ უკანასკნელის შეფასების შემდეგ გადაწყვიტოს პირის დაკავების აუცილებლობის საკითხი, ვინაიდან ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევა  უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio. თუმცა რა ხდება მაშინ, თუკი სასამართლომ არ გაითვალისწინა თანაზომიერების ტესტი ან არასათანადოდ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და გამოსცა დაკავების შესახებ განჩინება? აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, კერძოდ დაკავების შესახებ განჩინების კანონიერების შეფასების და ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. 

2019 წლის 5 დეკემბერს მიხეილ ხაინდრავამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დააყენა და სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციური სარჩელი ეხებოდა შემდეგს: 2019 წლის 27 ივნისს  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით N10340 დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა მიხეილ ხაინდრავას დაკავების შესახებ. მოცემულ განჩინებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებს ნება დაერთოთ, დააკავონ მიხეილ ხაინდრავა. განჩინებაში  სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ მომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადებიდან, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება. მოსარჩელის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა მიხეილ ხაინდრავას მიმართ დაკავების განჩინების გაცემის კანონიერება, თუმცა სასამართლომ სრულიად უკანონოდ, დასაბუთებული ვარაუდის არარსებობის პირობებში მიიღო ზემოაღნიშნული განჩინება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადებამ - „ეს განჩინება არ გასაჩივრდება“ მიხეილ ხაინდრავას წაართვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლება სამართლიან სასამართლოზე. დღევანდელი საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე კი მიხეილ ხაინდრავამ დაკარგა შესაძლებლობა, რომ ზემდგომ ინსტანციაში ედავა მის მიმართ გაცემული უკანონო განჩინების გაუქმების თაობაზე. გარდა იმისა, რომ მოცემული განჩინება არ საჩივრდებდა, პირველი წარდგენის სხდომაზე, სასამართლოს აღარ უმსჯელია და კანონისმიერადაც მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ ემსჯელა დაკავების საფუძვლების კანონიერების შესახებ. სასამართლომ ამ დროს შეაფასა მხოლოდ განჩინების აღსრულებისას ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის მიმართ მისი უფლებების დარღვევას. შესაბამისად, მივედით იმ მოცემულობამდე, რომ სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების განჩინებით სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით უაპელაციოდ დაადგინა, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. პირველი წარდგენის სხდომაზე, როდესაც სასამართლომ, ასევე, იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე, რა დროსაც იხელმძღვანელა სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვითაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ დაკავების განჩინებით სასამართლომ ერთხელ უკვე დადგენილად მიიჩნია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, სასამართლოში არ გამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციის განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მიუთითა სასამართლოს მიერ დაკავების განჩინებით დადგენილ გარემოებებზე. სასამართლოები პროცესის მიმდინარეობისას ცალსახად და არაორაზროვნად განმარტავენ, რომ თუ ისინი არ დაეთანხმებიან სასამართლოს მიერ დაკავების განჩინებაში დადგენილ გარემოებებს, მაშინ ეს იქნება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების რევიზია, რისი უფლებაც მათ არ გააჩნიათ. გარდა იმისა, რომ დაკავების განჩინებაში დადგენილი ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლებით შეზღუდულია პირველი წარდგენის სხდომის მოსამართლე, თავის მხრივ, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლო უკვე შეზღუდულია პირველი წარდგენის სხდომაზე სასმართლოს მიერ მიღებული განჩინებით და იგი სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, რევიზია განახორციელოს მოცემული განჩინების. ეს ყოველივე მოხდა სწორედ მიხეილ ხაინდრავას მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. 

ცხადია, რომ კონკრეტული უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ამ უფლების სასამართლოში დაცვის შესაძლებლობის არსებობა, სხვაგვარად უფლება, როგორც ასეთი, დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, უფლება–თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოს ხელმისაწვდომობის არარსებობა ან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ საფრთხეს უქმნის ასევე იმ უფლებას, რომლის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს სასამართლოსადმი მიმართვა. ამასთანავე, სამართლიანი სასამართლოს უფლება განამტკიცებს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს უნდა ჰქონდეს უფლების დარღვევაზე რეაგირების ეფექტური საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმისაწვდომობა სამართლიან სასამართლოზე, როგორც უფლება, იქცევა ფიქციად და მიიღებს მხოლოდ თეორიულ სახეს. ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. 

კონსტიტუციურს სარჩელზე „მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის ბოლო წინადადება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მოთხოვნებს და არ ცნო არაკონსტიტუციურად ზემოაღნიშნული იმპერატიული დათქმა. მოცემულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ გამოთქვა განსხვავებული აზრი და მას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად უნდა ეცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის ბოლო წინადადება. აღნიშნული განსხვავებული აზრის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, პირის უფლება გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ დამოუკიდებელ უფლებრივ კომპონენტს. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით იზღუდება დაკავების თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული იმ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რომლის საფუძველზეც პირს ეზღუდება თავისუფლება. თავის მხრივ, აღნიშნული შეზღუდვა შეიძლება გამართლდეს ისეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობით, როგორიცაა სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვა. ხოლო, თავად სადავო ღონისძიება კი იქნება აღნიშნული მიზნის მიღწევის როგორც გამოსადეგი, ასევე აუცილებელი საშუალება. ამავდროულად, სადავო ნორმით დაცული არაა სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ უფლებასა და ლეგიტიმურ მიზანს შორის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ცალკეული გადაწყვეტილების საბოლოობა, თავისთავად, გამორიცხავს ამ გადაწყვეტილების მცდარობის შემოწმების შესაძლებლობას. თუ არ არსებობს ზემდგომი სასამართლო, არ არსებობს შესაძლებლობა შემოწმდეს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. მართლმსაჯულების განხორციელებისას პრაქტიკულად შეუძლებელია ცალკეულ საქმეზე შეცდომის დაშვების რისკის აბსოლუტურად გამორიცხვა, მით უფრო, რომ, როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლეს უწევს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებაც. იმავდროულად, სასამართლოს განჩინების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და წარმოადგენს მოსამართლის მხრიდან თვითნებობის თავიდან აცილების მექანიზმს და მოსამართლეს უბიძგებს, თავიდან აიცილოს შესაძლო შეცდომები.“

ასევე ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, „ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს მისი დაპატიმრების საკითხს და ბრძანებს მის გათავისუფლებას, თუ ეს დაპატიმრება უკანონოა.“ აღნიშნული ნორმა ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უზრუნველყონ და დაიცვან სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, მით უფრო, როდესაც დღის წესრიგში დგას ადამიანის უფლების შესაძლო დარღვევის საკითხი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ უკანონოდ დააკავეს, აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება. ცხადია, როდესაც დაკავების განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს, შეუძლებელია მისი კანონიერების შეფასებაც, შესაბამისად, კომპენსაციის ქმედითი უფლებაც იზღუდება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების მნიშვნელობას. 

 

ბიბლიოგრაფია

  1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია (04/11/1950)

  2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (09/10/2009) - კონსოლიდირებული ვერსია

  3. საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/2/503,513, 11 აპრილი, 2013

  4. ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013

  5. კონსტიტუციური სარჩელი - „მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 5 დეკემბერი, 2019

  6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის №1/4/1464 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

 

ავტორი: გულჩინა ახმედოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი  

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.

სხვა სიახლეები
13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

13 მარ

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

13 მარ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

13 მარ

სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

13 მარ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში