ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა1633 2022.05.16
ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

ცილისწამება უძველესი დროიდან აქტუალური თემაა, აღნიშნული დანაშაულის სუბიექტს  დროის სხვადასხვა მონაკვეთში განსხვავებულად სჯიდნენ. ცილისწამებისთვის ადამიანები სიკვდილითაც დასჯილან. ისტორიულ კონტექსტს, კერძოდ დაშვებულ შეცდომებს თუ გავითვალისწინებთ, არამიზანშეწონილია სისხლისსამართლებრივი სანქციის, როგორც ბერკეტის მინიჭება ხელისუფლებისთვის, რათა ცენზურა დაუწესოს სიტყვის თავისუფლებას, დასაჯოს მისთვის არასასურველი პირები აღნიშნული მუხლის გამოყენებით. რისკების პრევენცია სახელმწიფოს განვითარების უწყვეტი ჯაჭვის მნიშვნელოვანი ელემენტია.  

  პირველ რიგში, განვმარტოთ ცილისწამება, მისი დეფინიცია მოცემულია ცილისწამების ზოგად შემადგენლობაში , რომელსაც ვხვდებით ბაგრატ კურაპალატის სამართლის ნორმაში( ბექა-აღბუღას სამართლის 120-ე მუხლი) ,,ცილისა წამებისა ასრე  არს: თუ მართალსა კაცსა ასმიოდეს, საყვედური განმრავლდეს, თუ მტერობით შეეყივლოს,  მაშინ ფიცოს,-არა ზედააც. თუ არა ფიცოს სისხლი ზღოს. ”  ნორმის თანახმად, კანონმდებელი ცილისწამების ცნებაში დასმენასაც მოიაზრებდა, სხვა ჩამოთვლილ ქმედებებთან ერთად. დამნაშავე კი ისჯებოდა სისხლის ფასის გადახდით.  მარტივი ენით ცილისწამება არის ვინმესთვის რაიმეს უსაფუძვლოდ დაბრალება. სამართლებრივად კი საქართველოს კანონის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ პირველი მუხლის,, ე” ქვეპუნქტში ვკითხულობთ: ,, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“. 

  არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დაახლოებით მაინც გვიჩვენებს ცილისწამების შემთხვევების რაოდენობას, თუმცა ერთი შეხედვითაც მარტივია დავინახოთ, რომ დღეს მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სტატიის მიზანი არა ცილისწამების აქტუალობიდან, არამედ მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, რომელთა თანახმად აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის გზა ცილისწამების კრიმინალიზაციაა, რაც, ჩემი აზრით, ცალსახად არასწორია.

  ისტორიულ რაკურსს რომ დავუბრუნდეთ, ცილისწამების დასჯადობის თვალსაზრისით შეგვიძლია მოვიშველიოთ დანიელ ო’გორმანის სტატია: ,,mutilation and spectacle in Anglo-saxson Legislation”-სხვა მრავალ საინტერეო ისტორიულ ფაქტთან ერთად, სტატიიდან ვიგებთ, რომ ცილისწამება მე-9, მე-10 საუკუნეებში ინგლისში ენის მოკვეთით ისჯებოდა.  

  ცილისწამების აქტუალობას არ განაპირობებს სისხლისსამართლებრივი სანქციის არარსებობა და ამაზე ვფიქრობ, დავაც არ ღირს, მისი მიზეზები განათლების, საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონეა, ასევე სოციალურ, პოლიტიკურ-ეკონომიკური ფაქტორებიც ახდენენ დიდ გავლენას. სისხლისსამართლებრივი სანქციის დაწესება მარტივ გამოსავლად მოსჩანს,  გამოსავლად, რომელიც მოკლებულია არგუმენტაციას. რეალურად  გამოსავალი არის განათლების სისტემაში გასატარებელი რეფორმები, საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლად მუშაობა და არა მარტივი სანქცია, რომელმაც წლების მანძილზე სასიკეთო ვერაფერი მოიტანა. 2004 წლამდე არსებული სისხლისსამართლებრივი სანქციით არავინ დასჯილა, რაც მკაფიოდ მეტყველებს რამდენად აზრსმოკლებულია  მისი ამა თუ იმ ფორმით დაბრუნება .   ცილისწამების კრიმინალიზაცია ჰგავს სიმპტომურ მკურნალობს მიზეზის ძებნის გარეშე.  მემორანდუმში-,,საქართველოში ცილისწამების მარეგულირებელი სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების შესახებ,“ რომელიც ეუთოს მხარდაჭერით და ინიციატივით იქნა მიღებული, ვკითხულობთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს მიყენებულ ზიანთან ყოვლად შეუსაბამო სასჯელს, რითაც დარღვეულია პროპორციულობის საერთაშორისო მოთხოვნები. თუკი რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ არ იქნება გათვალისწინებული, როგორც მინიმუმ, ჩვენი რჩევა იქნება, იმ სახის კანონი იქნეს მიღებული, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებისთვის მძიმე სასჯელის დაწესებას.  გაერომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ცილისწამების სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აღიარების გამო რიგ ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყანათა უმრავლესობაში ცილისწამება სამოქალაქო დავის ნაწილია.

  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სტატისტიკური მონაცემების შესახებ, 2014-2018 (18 ოქტომბრის მდგომარეობით) წლებში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ცილისწამებასთან დაკავშირებით ჯამში 16 გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან 6 შემთხვევაში გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა (იხ. სურათი #1). მართალია, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია ვიმსჯელოთ სრულ სურათზე, ვინაიდან სტატისტიკა მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას ეყრდნობა, თუმცა შეგვიძლია ზოგად ტენდენციებზე ვიმსჯელოთ, რომლის თანახმადაც, 2014-2018 (18 ოქტომბრის მდგომარეობით) წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიდან 37.5% დასრულდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით.  

   თბილისის სააპელაციო სასამართლო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით საქმე №2ბ/1476-12- განმარტავს: ,, გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს და განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება. სააპელაციო პალატა აცნობიერებს და ითვალისწინებს, რომ პრესის მთავარი ფუნქცია საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციისა და იდეების გავრცელებაში მდგომარეობს და პრესის მიერ ამ ფუნქციის შეუსრულებლობა, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღებისა და მასზე თავისი შეხედულების ქონის უფლების წართმევის ტოლფასია. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შეხედულებებსა და პრაქტიკას იმის თაობაზე, რომ ,,ჟურნალისტი შეიძლება იყოს პროვოკაციული ან გააზვიადოს ფაქტები”, ამასთან, ,,მიუღებელია ჟურნალისტს ჩამოერთვას უფლება, გამოხატოს კრიტიკული შეფასებები, მსჯელობები, თუ ვერ შეძლებს მათი ჭეშმარიტების დამტკიცებას”. ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს იდეას პრესის თავისუფლების მაღალი ღირებულების შესახებ და მიაჩნია, რომ ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, შესაძლოა, უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა; ამასთან, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პრესის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს საამისოდ მნიშვნელოვანი საფუძველი.“

 ზემოთაღნიშნულ ფაქტების გაანალიზებით იქმნება სურათი,  რომელიც არ ამტკიცებს, რომ ცილისწამება მცირე მასშტაბის დანაშაულია, მართალია მას ხშირად კონფლიქტური სიტუაციები და სხვა  გართულებები მოჰყვება, რთულია დასჯერდე იმ სანქციას რასაც ცილისმწამებელს სამოქალაქო კოდექსი უწესებს, მეც დამეუფლებოდა უკმარისობის შეგრძნება ცილისმწამებლის  არასათანადოდ დასჯის თვალსაზრისით, მაგრამ  პირად ინტერესებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესების დაყენება ჩვენი ვალია. ამასთან სამართალი პრაგმატულად უნდა უდგებოდეს საკითხს და ემოციების გავლენა მასზე ნაკლები უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს ცილისწამებას სიტყვის თავისუფლების ეგიდით, დიახ, მსგავსი შემთხვევები არის და იქნება, თუმცა უნდა გვახსოვდეს რა დევს სასწორის მეორე პინაზე - რეალური შესაძლებლობა იმისა,  რომ სახელმწიფომ ცილისწამების ეგიდით შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება. სამართლის განვითარება ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს და ხშირად წინ უსწრებს მსოფლიო ქვეყნების განვითარების ტალღას, ცილისწამების კრიმინალიზაცია იქნებოდა ნაბიჯი უკან საერთო გზაზე, რომლის კომპლექსურობა არის სახელმწიფოს, როგორც სისტემის განვითარების გარანტი. 

  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კანონმდებელი ცილისწამებისაგან სამოქალაქო დავის მექანიზმით გვიცავს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით,  პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, ასევე უნდა დამტკიცდეს, რომ განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. პირი ცილისწამების პოტენციურ მსხვერპლად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება იყოს კონკრეტული პირისთვის ზიანის მომტანი და მისი სახელის გამტეხი. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული . მოქმედი კანონმდებლობით, მტკიცების ტვირთი იმგვარად არის განაწილებული, რომ უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტი. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ . კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია პირველ რიგში, გაირკვეს, საქმე გვაქვს აზრის გამოხატვასთან თუ ცილისწამებასთან, ვინაიდან კანონით  აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით , ფაქტისა და მოსაზრებების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისთვის. რაც შეეხება ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის ფორმას, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. კანონის თანახმად, დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში. თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება .

   ზემოთ დაისვა კითხვა, რა შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი სანქციის მიზანი ცილისწამებასთან მიმართებით. ჩემი აზრით, სამოქალაქო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სანქციები ბევრად რელევანტურია შედეგის მისაღწევად.  ინფორმაციის უარყოფა არა მხოლოდ დაზარალებულისთვისაა სასარგებლო, ეს თავისთავად სასჯელია დამნაშავისთვის. ამასთან, რა თქმა უნდა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც მნიშვნელობანი ბერკეტია.

  მოკლედ, ცილისწამება სერიოზული დანაშაულია, თუმცა ცილისწამების დეკრიმინალიზაციით მეტად გარანტირებულია სიტყვის თავისუფლების უფლება, როგორც  თითოეული ადამიანისთვის, ასევე მედიისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებისთვის. გამოსავალი არა სანქციის დაწესება, არამედ განუწყვეტელი მუშაობაა იმისთვის, რომ ღირსეული სამოქალაქო საზოგადოება ჩამოყალიბდეს საქართველოსა და მსოფლიოში.


 

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს კანონი სიტყვის გამოხატვისა და თავისუფლების შესახებ 

2004 წლის საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსი 

ივანე სურგულაძე-,,ქართული სამართლის ისტორია“

თბილისის სააპელაციო სასამართლო გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით საქმე №2ბ/1476-12

მემორანდუმი-,,საქართველოში ცილისწამების მარეგულირებელი სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების შესახებ,“

 

ავტორი: შოთა შერვაშიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე

სხვა სიახლეები
13 ივნ

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

13 მარ

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

13 მარ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

13 მარ

სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

13 მარ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში

13 მარ

ფორს-მაჟორის ცნების მისადაგება ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან