შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი შემცირება სასამართლოს მიერ252 2021.05.21
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მისი შემცირება სასამართლოს მიერ

რა შემთხვევაში ხდება სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება

რომანულ-გერმანული სამართლის სისტემაში პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებას, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია. სათავეს იღებს რომის სამართლიდან, სადაც იხსენიებდნენ „stipilatio poenae”. პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. იგი აქცესორული ბუნებსაა და მისი ნამდვილობა დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების ნამდვილობაზე.

პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ფორმა

ამ ხელშეკრულებაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმებიდან მკაფიოდ უნდა ჩანდეს პირგასამტეხლოს არსებითი პირობები, როგორიცაა ძირითადი ვალდებულება და მისი დარღვევისთვის დაწესებული ფულადი თანხის ოდენობა. იცოდეთ, რომ ხშირად ხელშეკრულებაში „პირგასამტეხლოს“ თავისი სახელით არ მოიხსენიებენ და წერენ როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის სახით მითითებული თანხა, ჯარიმა, საურავი, გადასახდელი და ასე შემდეგ. შეთანხმება უნდა იყოს წერილობითი ფორმით დადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათილად მიიჩნევა. მისი გადახდის პირობების მითითება როგორც წესი ხელშეკრულებაში ხდება, თუმცა შესაძლებელია მხარეებმა ცალკეც შეადგინონ. ხელშეკრულების სწორად შედგენისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს.

რა შემთხვევაშია სასამართლო უფლებამოსილი შეამციროს პირგასამტეხლო?

პირგასამტეხლოს დაკისრება არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურებას, თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი მიყენებულს აღემატება, მაშინ ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა და ამის უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. სასამართლო უფლებამოსილია პირგასამტეხლო შეამციროს, თუ კრედიტორის მოთხოვნა გადახდაზე წარმოშობილია. მოვალეს შეთანხმების დარღვევის მომენტიდან ეკისრება მისი გადახდის ვალდებულება. ზოგადად სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის შუამდგომლობის საფუძველზე წყვეტს ოდენობის შესაბამისობის საკითხს. შესაძლებელია რომ ერთი და იგივე რაოდენობის პირგასამტეხლო ერთ შემთხვევაში მაღალი აღმოჩნდეს ხოლო სხვა შემთხვევაში კი არა, რადგან თითოეული საქმის განხილვისას სასამართლო მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის გარემოებები და კრედიტორის ინტერესი, რომელიც მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნია. ასევე უნდა გაითვალისწინოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი მისი ხარისხი და მოცულობა. სამოქალაქო კოდექსში არ არის განმარტებული რა იგულისხმება შეუსაბამოდ მაღალ პირგასმტეხლოში, რასთან უნდა იყოს იგი შეუსაბამო, მოვალის ქონებრივ მდგომარეობასთან, მიყენებულ ზიანთან თუ დარღვეული ან შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან. მიუხედავად იმისა რომ სასამართლო შეფასებისას აქტიურად იყენებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს კრიტერიუმების დადგენა მაინც საკმაოდ რთულია, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი საქმე სადაც სასამართლომ შემცირების საფუძვლად მიიჩნია ის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად აღემატებოდა ძირითად ვალს (მაგ.4 ჯერ) და ჩათვალა შეუსაბამოდ მაღლად. სასამართლო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ შეუსაბამობის კრიტერიუმები შეიძლება იყოს ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი; თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე; ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. გირჩევთ ასეთ შემთხვევაში მიმართოთ გამოცდილ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ინტერესების დაცვაში.

პირგასამტეხლოს განსხვავება სხვა ინსტიტუტებისგან

ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ხელშეკრულებიდან გასვლისთვის დაწესებული საჯარიმო თანხა და პირგასამტეხლო. რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ცნობს ხელშეკრულებიდან გასვლისთვის საჯარიმო თანხის დაწესების ინსტიტუტს, ამიტომ მხარეების შეთანხმებაზეა დამოკიდებული საჯარიმო თანხა შეიძენს თუ არა პირგასამტეხლოს ფუნქციას. ასევე უნდა გავმიჯნოთ „ბე“, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, რადგან მისი გადახდით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები : პირგასამტეხლოს ცნება; ვის და რა შემთხვევაში ეკისრება პირგასამტეხლო; როდის იხდის მოვალე პირგასამტეხლოს

სხვა სიახლეები
21 ივნ

ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

18 ივნ

რა არის ბინადრობის ნებართვა და როგორ მოვიპოვოთ ის

14 ივნ

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

09 ივნ

რას ნიშნავს და როდის ხდება სარჩელის უზრუნველყოფა?

04 ივნ

რა სამართლებრივი რისკებია ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას?

31 მაი

რა სახეები არსებობს სასჯელისგან გათავისუფლების, შეცვლის ან შეჩერების

28 მაი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები

24 მაი

თაღლითობა სოციალური ქსელის საშუალებით

17 მაი

რა უფლებებით სარგებლობს დაზარალებული

14 მაი

სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას გასაჩივრების წესი და ვადები