Breaking News: მეზობლის გამო სახლი როგორ გავყიდო?!774 2023.12.08
Breaking News: მეზობლის გამო სახლი როგორ გავყიდო?!

ამბავი სამეზობლო სამართლის შესახებ

მართალი ყოფილა - ავი მეზობლისგან, ცეცხლიც ნუ გინდაო...

- დიდი ხანია თბილისური ქაოსისგან გაქცევა მინდა. ძლივს მოვახერხე და შევიძინე აგარაკი მანგლისში. მაგრამ, რად გინდა?! მეზობელშიც ხომ უნდა გაგიმართლოს... როგორაა ნათქვამი? მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო... ხოდა ამ ჩემმა მეზობელმა დამიკარგა სინათლეც და თვალის ჩინიც.

 

რამდენჯერაც ჩავალ, ხან რა მხვდება დაყრილი ჩემს ეზოში და ხან რა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეზოში ვერ გამივლია ნორმალურად. ალუბლისა და თუთის ტოტები ჩემს ეზოშია გადმოსული და ნაყოფი ძირს იყრება, საერთოდ არ უვლის თავის მოსავალს. ეჰ, ნეტა ერთი ხე მაინც მომცა, როგორ მოვუვლიდი, მაგრამ იქ ხშირად ასვლას ვერ ვახერხებ. ჩემი იშვიათი სტუმრობა კი ყოველთვის გაბრაზებითა და დათხუფნული ფეხსაცმელებით სრულდება. აღარ ვიცი რა ვქნა.

 

სამეზობლო სამართლის მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსში

გსმენიათ რაიმე სამეზობლო სამართლის შესახებ?

მას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე და შემდგომი მუხლები. დასახელებული ნორმის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

 

მაგრამ, გვესმის, რომ მხოლოდ ეს ჩანაწერი თქვენ ვერ დაგეხმარებათ. საჭიროა მივმართოთ 178-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას ნაყოფზე, რომლის მიხედვით, თუ ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობელ მიწის ნაკვეთზე დავარდა, იგი ჩაითვლება ამ ნაკვეთის ნაყოფად და ამასთან, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა.

 

ამიტომ, მეგობარო, სჯობს კიდევ ერთხელ გადახედო სამოქალაქო კოდექსს. მაგრამ თუკი შეკითხვები დაგრჩება, ამაზე ჩვენ გაგცემთ პასუხს.