აზრის თავისუფლების შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა1432 2022.02.28
აზრის თავისუფლების შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა

 აზრის თავისუფლება, რომელიც ასევე ცნობილია გამოხატვის თავისუფლების სახელით, ყველა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების საყრდენი ძირითადი უფლებაა. აზრის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია პლურალისტული საზოგადოების არსებობა.  აღნიშნული უფლების განსაკუთრებულ მნიშველობაზე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასილაშვილი, ვერა ბასილაშვილი და ლელა გურამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კერძოდ: აზრის თავისუფლება „...დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნქციონალურ ელემენტს წარმოადგენს“. აღნიშნული უფლების მნიშვნელობაზე, ასევე, საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომლის მე-10 მუხლის თანახმადაც: „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად“. საქართველოში კონსტიტუციის მე-17 მუხლი განამტკიცებს აზრის თავისუფლებას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად: „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ ამავდროულად, აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს კანონს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. აღნიშნულ კანონში მოცემულია მნიშვნელოვანი განმარტებები აზრის თავისუფლებასთან დაკავშირებული ტერმინებისა, როგორიცაა განცხადება, აზრი, გამოხატვის საგანი, მოწოდება,  ცილისწამება, უხამსობა და ა.შ. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად: „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“  აქ კიდევ ერთხელ ხაზგასმულია აზრის თავისუფლების, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლების უზენაესი ძალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო აზრის თავისუფლებასთან დაკავშირებით დავების განხილვისას ზემოთ გათვალისწინებულ ნორმებთან ერთად ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლსაც.

აზრის თავისუფლების არსის ნათელსაყოფად, უპირველესად, არსებითია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რას მოიცავს საქართველოს კონსტიტუციით და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული აზრის თავისუფლება და მისი ფარგლები. 

კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებული აზრის თავისუფლება არა უბრალოდ საქართველოს მოქალაქის, არამედ თითოეული ინდივიდის უფლებაა. ამავდროულად, აღნიშნული უფლების სუბიექტია კერძო სამართლის იურიდიული პირიც. აზრის თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ისეთ ძირითად უფლებებთან, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, თანასწორობის და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. წარმოუდგენელია თავისუფალი და სხვების თანასწორი ადამიანი, რომელსაც აზრის თავისუფლად გამოხატვის სამართლებრივად გარანტირებული უფლება არ გააჩნია. ამავდროულად, არსებითია ისიც, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება პირდაპირ კავშირშია ადამიანის თვითგანვითარების პროცესთან. ასევე, როგორც ზემოთაც აღინიშნა, აზრის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან არის დაკავშირებული, რამეთუ დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, თავისთავად უზრუნველყოფს ყველა ადამიანის უფლებას, რომ მათი აზრი თავისუფლად და დაუფარავად გამოხატონ. დემოკრატიულ წყობილებისათვის აზრის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მსჯელობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“. მაშასადამე, აზრის თავისუფლების ხარისხი განსაზღვრავს სახელმწიფოში დემოკრატიის ხარისხს. დემოკრატია ხალხის მმართველობაა, ხალხის მმართველობის და საზოგადოებრივ, პოლიტიკურ პროცესებში მათი პირდაპირი ჩართულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია სწორედ მათ მიერ აზრების, შეხედულებების თავისუფლად და დაუკბრკოლებლად გამოთქმის შესაძლებლობაა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ აზრის თავისუფლება ხასიათდება ორი მნიშვნელოვანი მახასიათებლით: ერთი მხრივ ის პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით განმტკიცებულ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპთან და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობს ფუნდამენტური საყრდენია; მეორე მხრივ კი ის კავშირშია ადამიანის ღირსებასა და სხვა ძირითად უფლებებთან, რამეთუ თავისუფალი, თანასწორი და ღირსება დაცული ადამიანის თვითგანვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. 

აზრის გამოხატვის თავისუფლება მოიცავს პოზიტიური აზრის თავისუფლებასა და ნეგატიური აზრის თავისუფლებას. პოზიტიური აზრის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული უფლებით დაცულია აზრის გავრცელება  და გამოხატვა ნებისმიერი ფორმით: ეს შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი, ან ნებისმიერი სხვა საშუალებით გავრცელებული აზრი. ნეგატიური აზრის თავისუფლება კი მოიცავს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება, რომ არ გამოთქვას აზრი, არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით. ნეგატიური აზრის თავისუფლება ასევე გულისხმობს იმას, რომ პირი დაცულია იმისგან, რომ ვინმეს იძულებით გამოთქვას რაიმე აზრი.

როდესაც ვსაუბრობთ აზრის თავისუფლებაზე, არსებითია, რომ ერთმანეთისგან გავმიჯნოთ აზრისა და ფაქტის ცნებები. აზრი გაჯერებულია სუბიექტივიზმით და ის გამოხატავს კონკრეტული პიროვნების სუბიექტურ დამოკიდებულებას , მისი რეალურობა, თუ მცდარობა კონკრეტული პირის სუბიექტურ ხედვაზე და წარმოდგენაზეა დამოკიდებული. აზრის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ კარგად ნაფიქრი, აწონ-დაწონილი და მისაღები გამონათქვამები, არამედ, ასევე დაცულია ძალზედ უხამსი, დაუფიქრებელი, სპონტანური, შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი გამონათქვამებიც. აზრის თავისუფლებით, ამავდროულად, დაცულია გამოთქმული აზრით ზემოქმედების განზრახვაც. რაც შეეხება ფაქტებს, განსხვავებით შეხედულების/ აზრისაგან ფაქტი ეს არის რეალურად მომხდარი და არსებული გარემოებები, მოვლენები, რომლებიც შესაძლოა დამტკიცდეს მტკიცებულებებით. ფაქტები ყოველთვის შეიძლება შეფასდეს ისე, როგორც სწორი ან მცდარი. მცდარი აზრები კი აზრის თავისუფლებით არ არის დაცული. მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას აზრისა და შეხედულების ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობას. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ აზრის თავისუფლების დაცვის ქვეშ ყოველთვის ექცევა კითხვები, რომლებიც იმის საშუალებაა, რომ პირმა მოიპოვოს შესაბამისი ადამიანებისგან ის ინფორმაცია, რომელიც მათივე ნებით არ იქნებოდა გაცემული.

მიუხედავად აზრის თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ადგილისა ქართულ რეალობაში და მისი დაცვის ძლიერი სამართლებრივი გარანტიების არსებობისა, იგი არ არის აბსოლუტური ძირითადი უფლება და შესაძლოა, შეიზღუდოს კონკრეტულ შემთხვევებში. აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, კერძოდ: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.“ ამდენად, კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ აზრის თავისუფლების შეზღუდვა ყოველთვის მოახდინოს მხოლოდ კანონის საფუძველზე, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ შემთხვევაში და იმ სამართლებრივი სიკეთეების დასაცავად, რომელიც მე-17 მუხლის მე-5 პუნქტშია მოცემული. ამავდროულად, რასაკვირველია, შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობისა პრინციპებს.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, აზრის/ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი უფლებაა. ის პირდაპირ კავშირშია ადამიანის თავისუფლებასთან და ძირითადი კანონით განმტკიცებულ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. წარმოუდგენელია თავისუფალი ადამიანი აზრის გამოხატვის თავისუფლების გარეშე, თითოეულ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის ნებისმიერი ფორმა უნდა იყოს მყარი სამართლებრივი ბერკეტებით გარანტირებული. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია  თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების სამართლებრივი მიდგომები და სასამართლო გადაწყვეტილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკა ძალზედ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ხშირ შემთხვევაში აშშ-ს უზენაესი ფედერალური სასამართლო ხშირად უპირატესობას ანიჭებს აზრის თავისუფლებას. როდესაც საქმე ეხება საჯარო პირებს, ოფიციალურ ქმედებებსა და საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს, აშშ-ს სასამართლო იხრება აზრის თავისუფლებისკენ და ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ძლიერდება და მყარდება. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია ის სტანდარტი, რომელიც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა 1964 წლის საქმეზე „New York Times Co. v. Sullivan”. კერძოდ, აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, საზოგადოებრივი კამათის დროს შეფასებითი გამონათქვამები ყოველთვის დასაშვებია, მიუხედავად იმისა, როგორი შეურაცხმყოფელი თუ უფლებათა შემლახველი შეიძლება იყოს ისინი. ასევე, დასაშვებია ფაქტები, მიუხედავად მათი სისწორისა თუ მცდარობისა. გამონაკლისია შემთხვევები, როცა ფაქტები გადმოცემულია შეგნებულად, მათი მცდარობის ცოდნის მიუხედავად ან სიმართლესთან აშკარად დაუდევარი მოპყრობის შედეგად (actual malice) ან როცა გამონათქვამი შეიცავს აშკარა უხამსობას“. ყოველივე აღნიშნული წარმოადგენს იმის კონსტატაციას, თუ რამდენად მაღალი სტანდარტია აშშ-ში დაწესებული აზრის თავისუფლებასთან მიმართებით: ცალსახად არის დაცული ნებისმიერი უხამსი, თუ სხვათა უფლებების შემლახველი მოსაზრებებიც კი. მეტიც, მცდარი ფაქტებიც დაცულია, თუ გადმომცემმა ისინი შეგნებულად არ გაავრცელა. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო გმობს შინაარსობრივად შემზღუდავი ფარგლების დაწესებას ადამიანთა მოსაზრებებისათვის. ამ მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია საქმე „Hustler Magazine v. Falwell” (1985): აქ საქმე ეხება “Hustler Magazine”-ის მიერ ფიქტიური სარეკლამო განცხადების სახით გამოქვეყნებულ სატირას, რომელიც ეხებოდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ფარველს. აღნიშნული სატირის მიხედვით, თითქოს ფარველი თავად აღიარებდა ინცესტს საკუთარ დედასთან. ამგვარი სატირის გამოქვეყნებით ჟურნალს ფარველის დამცირება და მისი მწვალებლად წარმოჩენა სურდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული მიიჩნია გამოხატვის ფარგლებს გადაცილებად, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა საჯარო ფიგურას და სასამართლომ აღნიშნა, რომ გამონათქვამები იყო ძალზედ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი. თუმცა, საგულისხმო და საინტერესოა აღნიშნულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, სასამართლოს თავმჯდომარე - უილიამ რექვინსტმა განაცხადა, რომ დამამცირებელი არ არის მისაღები და გამოსაყენებელი მასშტაბი გამონათქვამების დასაშვებობის თუ დაუშვებლობის განსასაზღვრავად. საზოგადოებრივი კამათის დროს დაშვებულ უნდა იქნეს თვით თავხედური და ვულგარული გამონათქვამები კომუნიკაციის, საჯარო დისკუსიის თავისუფლების ინტერესების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში დაწესებულია აზრის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი. გაბატონებული მოსაზრებით, აშშ-ში ღრმად სწამთ, რომ აზრის თავისუფლებისათვის აბსოლუტური უპირატესობის მინიჭება საზოგადო ინტერესების პირად ინტერესებზე მაღლა დაყენების ნათელი მაგალითია, რამეთუ მხოლოდ პრინციპი - „მეტი ლაპარაკი და არა დუმილი“-ა ჭეშმარიტების პოვნის საშუალება. ამავდროულად, მათ ღრმად სწამთ, რომ ამ თავისუფლებისგან წილს ყოველი ამერიკელი მოქალაქე იღებს და ამიტომაც, მათ აზრის თავისუფლების აბსოლუტური უპირატესობა უნდა აიტანონ იმ შემთხვევაშიც, როცა სახეზე გვაქვს შეურახმყოფელი, უხამსი, შოკისმომგვრელი და ა.შ. გამონათქვამები. 

განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისაგან, გერმანიაში ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის მოითხოვს, რომ მოხდეს საქმის გარემოებების საფუძველზე კოლიდირებულ სიკეთეთა შედარება და თავიდანვე ის არ უწესებს უპირატესობას რომელიმე კოლიდირებულ სიკეთეს. გერმანიის ძირითადი კანონის მე-5 მუხლის პირველი აბზაცის პირველ წინადადებაში ვკითხულობთ: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს და გაავრცელოს საკუთარი აზრი ზეპირად, წერილობით, ან გამოსახულების საშუალებით და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან“. აღსანიშნავია, რომ აზრის თავისუფლებას გერმანიაში არ აქვს მინიჭებული აბსოლუტური უპირატესობა და არ სარგებლობს განსაკუთრებული მდგომარეობით სხვა ძირითად უფლებებს შორის. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმაიის სამართალშემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ღირსების უფლებას, არც მას აქვს მინიჭებული განსაკუთრებული მდგომარეობა ძირითად უფლებებს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე, როდესაც ორ კოლიდირებულ სიკეთეს წარმოადგენს აზრის თავისუფლება და ადამიანის ღირსება, გერმანიაში საკითხი თავიდანვე არ არის გადაწყვეტილი რომელიმე უფლების სასარგებლოდ. გერმანიის ძირითადი კანონის მე-5 მუხლის მე-2 აბზაცში ადამიანის ღირსება და ზოგადი პიროვნული უფლებები მოხსენიებულია, როგორც აზრის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი, ამავდროულად, აღნიშნული მუხლი  აზრის თავისუფლების შეზღუდვისას აუცილებლად მოითხოვს კანონის არსებობას. აღსანიშნავია, რომ ფაქტებთან მიმართებით, როდესაც საქმე რეალურ ფაქტებს ეხება, აზრის თავისუფლებას ენიჭება ყოველთვის უპირატესობა, თუმცა არსებობს გამონაკლისები: ეს არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საქმე ადამიანის პირად ინტიმურ სფეროს ეხება, თუნდაც ფაქტები რეალური იყოს. ასევე, არ არის დაცული აზრის თავისუფლებით იმგვარი ფაქტები, რომლებიც ნდობის დარღვევის საფუძველზე მოიპოვა ადამიანმა. ამავდროულად, არის შემთხვევები, როცა სახეზე გვაქვს საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებული ფაქტები, მაგრამ უპირატესობა მაინც არ ენიჭება აზრის თავისუფლებას, ამ მხრივ კი აღსანიშნავია გერმანიაში არსებული პრეცენდენტი, როდესაც სატელევიზიო კომპანია - „ZDF”-ს აეკრძალა დოკუმენტური ფილმის გაშვება, რომელიც ეხებოდა ძალზედ გახმაურებულ საქმესა და დამნაშავეს. ამ შემთხვევაში აზრის თავისუფლებასთან მიმართებით უპირატესობა მიენიჭა  დამნაშავის რესოციალიზაციას. რაც შეეხება შეხედულებებს, ამ შემთხვევაშიც გერმანიის სასამართლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ აზრის თავისუფლება იხევს უკან, როდესაც ამა თუ იმ გამონათქვამით და შეხედულებით შელახულია ადამიანის ღირსება და ზოგადი პიროვნული უფლება. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია ზემოთ მოყვანილი ამერიკული სასამართლო პრეცენდენტის მსგავსი გერმანული პრეცენდენტი: ეს არის „შტრაუსის კარიკატურის საქმე“, კერძოდ, სატირულ ჟურნალში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ფრანც-იოზეფ შტრაუსი გამოსახული იყო ღორის თავით და ის სექსუალურ აქტს ამყარებდა სხვა - მოსამართლის ფორმით შემოსილ ღორებთან. აქ ჟურნალი მოიაზრებდა შტრაუსის მიერ მოგებულ ერთ-ერთ სასამართლო საქმეს. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ეს იყო აზრის თავისუფლების ფარგლებს გადაჭარბებული გამოხატვა, რომელიც უშუალოდ ლახავდა შტრაუსის ღირსებას და პიროვნულ უფლებებს, სასამართლომ ჟურნალს ფულადი ანაზღაურება დააკისრა. აღნიშნული საქმე, რომელიც ზემოთ მოხმობილ ამერიკულ პრეცენდენტს ძალიან ჰგავს, ცხადყოფს იმ განსხვავებას, რაც გერმანიასა და აშშ-ში აზრის თავისუფლების სტანდარტთან დაკავშირებით არსებობს.

საინტერესოა ის საკითხი, თუ რომელ სტანდარტთან არის მიახლოვებული ქართული სასამართლო პრაქტიკა. ამის ნათელსაყოფად მნიშვნელოვანია, მოვიხმოთ  ზემოთ განხილულ ამერიკულ და გერმანულ სასამართლო პრეცენდენტთა მსგავსი ქართული პრეცენდენტი: საქმე „მოქალაქე ა. ფ-ი სარჩელი შპს გაზეთ „ა-ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე მისი ღირსების შემლახველად და უხამსობად მიიჩნევდა ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „სამეგრელო საქართველო არ ჰგონია „სნაიპერ“ ფ-ს და იმიტომ მიუშვირა სასროლად თავისი უზნეო უკანალი?“, „სკანი მიკატყორინალი ცუდეს გაცვენუ, სი რუნგუ კოჩი“, „უსინდისო ცილისმწამებელი“, „ცინიკოსი“. სასამართლომ მიუთითა უხამსობის ლეგალურ დეფინიციაზე, რომელიც მოცემულია საქართელოს კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, კერძოდ, პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში ვკითხულობთ: „უხამსობა – განცხადება, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს“. როგორც სასამათლომ აღნიშნა, „ზოგადად მორალის (და, შესაბამისად, უხამსობის) უნივერსალური ცნება არ არსებობს. თავად უხამსობის კანონიერი დეფინიციის მიხედვით, ამა თუ იმ გამოხატვის უხამსობად მიჩნევის საკითხს განსაზღვრავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული ეთიკური ნორმები. ამასთან, სხვა პირთა უფლებებისა თუ რეპუტაციის დასაცავად უხამრობის შეზღუდვა და, შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“. საბოლოოდ, სასამართლომ აღნიშნული გამონათქვამები არ მიიჩნია უხამსობად და არ ჩათვალა, რომ სახეზე იყო აზრის თავისუფლების შეზღუდვის საკმარისი საფუძველი. ასევე, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მოსაზრებები გამოითქვა საჯარო დისკუსიის დროს, რომლისკენაც მიპყრობილი იყო საზოგადოების ინტერესი. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული გამონათქვამები მართალია, მიმართული იყო კერძო პირისაკენ, მაგრამ იგი აქტიურად იყო ჩართული საჯარო დისკუსიის პროცესში, რომელიც ეხებოდა საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის საგანს, ასეთ შემთხვევაში კი კერძო პირის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები ფართოვდება და „უმრავლეს შემთხვევაში სასწორი გამოხატვის თავისუფლების მხარეს იხრება“. სასამართლომ, ამავდროულად, ევროპულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ მხოლოდ გამონათქვამთა შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი ხასიათი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისინი ჩაითვალოს აზრის თავისუფლების ფარგლებს გადაცილებად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში დაწესებულია აზრის თავისუფლების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ძალიან უახლოვდება აშშ-ში არსებულ სტანდარტს. ქართული კანონმდებლობის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებას თითქმის ყოველთვის აქვს უპირატესობა კოლიდირებულ უფლებებთან მიმართებაში. კანონისა და სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის და აზრის თავისუფლება არის ყოველთვის უპირატესი, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს; საჯარო პირსა და მის საქმიანობას. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს იქედან, რომ აზრის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების და სრულყოფის პროცესის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. როგორც ეს ამერიკაში ღრმად სწამთ და მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, სწორედ დისკუსიის, საუბრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ფორმატშია შესაძლებელი ჭეშმარიტების პოვნა. აზრის თავისუფლებისათვის მაღალი სტანდარტის დაწესება უზრუნველყოფს  დისკუსიის და პოლემიკის პროცესის არსებობს, რაც პლურალისტულ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალზედ მნიშვნელოვანია აზრის ფორმირებისთვის. აზრთა დინება კალაპოტს სწორედ აზრის თავისუფლებასთან იღებს და მისი ფინალი მტკიცე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

კუბლაშვილი კ., „ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები“, გამომცემლობა „იურისტების სამყარო“, თბილისი, 2020, გვ. 178-211;

სსს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასილაშვილი, ვერა ბასილაშვილი და ლელა გურამიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 5 ნოემბერი, 2002;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მ. 10, წინ. 1, 2;

საქართველოს კონსტიტუცია, https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36 ;

საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/33208?publication=6 ;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მე-18 მუხლი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702 ;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 11 აპრილი, 2012;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, 26 ოქტომბერი, 2007;

The United States Supreme Court, The Pursuit of Justice, გვ. 290-291;

„გამოხატვის თავისუფლება“, პირველი ტომი, გვ. 34, 173-176;

Hustler Magazine v. Farwell in: EuGRZ, 1988;

„შტრაუსის კარიკატურა“: NJW 1987, 2661;

გერმანიის ძირითადი კანონი, მე-5 მუხლი;

NJW 1973, 1226 - ლებახი, BVerfGE 35, 202;  უფრო დაწვრილებით იხ. „გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები“, გვ. 131-135;

სუს გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ა. ფ-ი სარჩელი შპს გაზეთ „ა-ი“-ს მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“ (კასატორი - შპს გაზეთი „ა-ი“), 20 თებერვალი, 2012;

„რ. კ-ძე „ლანჩხუთი Plus”-ის, ქეთევან და ზაზა ნაკაშიძეების წინააღმდეგ“, „გამოხატვის თავისუფლება“, მეორე ტომი, 2005;

„კასტელსი ესპანეთის წინააღმდეგ“ (Castells v. Spain), 22 აპრილი, 1992,  იხ. „გამოხატვის თავისუფლება“, პირველი ტომი, გვ. 292-294;

„ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria), 8 ივლისი,  1986, იხ. „გამოხატვის თავისუფლება“, პირველი ტომი, გვ. 272-275.

 

ავტორი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი - გვანცა შონია.

 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე