პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და მისი შეზღუდვის ფარგლები994 2022.02.27
პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და მისი შეზღუდვის ფარგლები

დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ, მოქალაქენი, აჭურვილნი ვართ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრით,როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით. ადამიანის უფლებათა ამ „კატალოგიდან“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება (ცხადია, ეს არ/ვერ გამორიცხავს სხვა უფლებათა მნიშვნელობას) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.ეს უფლება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით,საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლითა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტით. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია პერსონალურ მონაცემთა დაცვა,თუმცა ეს უკანასკნელი თავისი არსით ბევრ სხვა ასპექტსაც მოიცავს.ორივე უფლება ესწრაფვის მსგავსი ღირებულებების,კერძოდ, ადამიანთა დამოუკიდებლობისა და ღირსების დაცვას. შესაბამისად,ეს უფლებები ინდივიდს ანიჭებს პერსონალურ სივრცეს,სადაც ისინი თავიანთი პიროვნების,აზროვნებისა და შეხედულების მიხედვით თავისუფლად განვითარებას შეძლებენ.უნდა ითქვას ისიც,რომ აღნიშნული უფლებები თავისი არსით მნიშველოვანი წინაპირობაა სხვა ფუნდამენტურ უფლებათა განხორციელებისათვის.ზოგადად,არამხოლოდ ქართული,არამედ საერთაშორისო პრაქტიკითაც გვაქვს ორი ტიპის უფლება: უფლება,რომლესაც სახელმწიფო ვერცერთ სიტუაციაში ვერ ზღუდავს, მათ შორის საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაც კი და უფლება, რომელიც, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება, მართლზომიერად შეიზღუდოს.ამ საკითხთან მიმართებით კი შესაბამისად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები: წარმოადგენს კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და, თავის მხრივ,პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება აბსოლუტური კატეგორიის უფლებებს? თუ არა,მაშინ რა შემთხვევაში და რა წინაპირობების არსებობისას არის მათი შეზღუდვა დასაშვები და მართლზომიერი?საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით უზრუნველყოფილია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების,პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებები.აღნიშნული წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-8 მუხლის გამოძახილს,რომლის მიხედვითაც „ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა“ . დადგენილი პრაქტიკის მიხედვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ უფლებებს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“ უწოდებს.არაერთ გადაწყვეტილებაში კი საკონსტიტუციო სასამართლო თავად განმარტავს ამ უფლების მნიშვნელობას: “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, ყველა სხვა უფლების მსგავსად, ადამიანის ღირსების გამოხატულებაა......ეს უფლება სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლების, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არსებითად განმსაზღვრელია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის“ .“პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი“ .“ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო სფეროს. უფლება პირად ცხოვრებაზე კი, ერთი მხრივ, ნიშნავს ინდივიდის შესაძლებლობას, პირადად, საკუთარი შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად შექმნას და განავითაროს თავისი კერძო ცხოვრება, ხოლო, მეორე მხრივ, იყოს დაცული და უზრუნველყოფილი მის კერძო სფეროში სახელმწიფოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირების ჩარევისგან. შესაბამისად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფალ განვითარებას, რადგან საშუალებას აძლევს მას, კერძო სფეროში საზოგადოების ჩარევისა და ყურადღებისაგან თავისუფალ პირობებში მოახდინოს ინფორმაციის, მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გაცვლა-გაზიარება”. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია,რომ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება პირდაპირ უკავშირდება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსებობა და განმტკიცება წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებებს ნეგატიურ და პოზიტიურ ჭრილში.ერთი მხრივ,სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება,რომ მან უზრუნველყოს პირადი ცხოვრების პატივისცემა და ამ უფლებით ეფექტურად სარგებლობას შეუწყოს ხელი.სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშემლელი გარემოებები. ამის საპირწონედ, სახელმწიფოს გააჩნია ნეგატიური ვალდებულება,რომ არ ჩაერიოს ამ უფლებით სარგებლობაში და, შესაბამისად, უზრუნველყოს პიროვნების დაცვა მის პირადი ცხოვრებაში სახელმწიფო ორგანოებისა ან თანამდებობის პირების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან.ამ ვალდებულების კლასიკურ გამოხატულებად შეგვიძლია, მივიჩნიოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად განსაზღვრული ისეთი ქმედებები,როგორიცაა:პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა(157-ე მუხლი),კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა  (158-ე მუხლი),პირადი მიმოწერის,ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა(159-ე მუხლი).

ინფორმაციულ სფეროში საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება განაპირობებს კერძო ცხოვრების კონსტიტუციური უფლების კომპლექსური სტრუქტურის ახალი ელემენტის - პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე უფლების ფორმირების პროცესის გააქტიურებას,რომელიც ამყარებს ბაზისს ადამიანის კომუნიკაციისათვის და უკავშირდება ძირითად კომუნიკაციურ უფლებებს(აზრის თავისუფლება,ბინის ხელშეუხებლობა, სატელეფონო საუბრების,მიმოწერის საიდუმლოება და სხვა).თავისი არსით, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება გვარეობითი ცნებაა და არაერთი კომპონენტისაგან შედეგება. შესაბამისად,არსებობს ამ უფლების შინაარსის,მისი ბუნების ახსნის,მისი როლის და ადგილის დასაბუთების საჭიროება.ვინაიდან პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შინაარსი უკავშირდება კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობას,არის ამ კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი ელემენტი, პერსონალური მონაცემების დაცვის პრობლემა განიხილება „კერძო ცხოვრების“ და „პირადი საიდუმლოების“ დაცვის პრიზმაში.პერსონალური მონაცემების ხელყოფისაგან დაცვა კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის,ადამიანის ინფორმაციული თვითმყოფადობის გარანტიის აუცილებელი კომპონენტია.მონაცემთა დაცვის საკითხი განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში, სადაც ინფორმაცია გადამწყვეტ რესურსად არის ქცეული.უნდა აღინიშნოს,რომ პირადი ცხოვრების,მათ შორის პერსონალურ მონაცემების დაცვის წინაშე არსებული გამოწვევები დღესდღეობით სრულად განსხვავდება იმ ტენდენციებისა და გამოწვევებისაგან, რაც ადრე არსებობდა, იყო ეს მე-19 საუკუნის ბოლოს თუ მე-20 საუკუნის პირველ ან მეორე ნახევარში?ტექნოლოგიური განვითარების პირობებში პერსონალურ მონაცემთა მოპოვება,მისი დამუშავება და ამ გზით რისკი იმისა,რომ ხელყოფილ იქნეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება, არის არსებითად მაღალი.ადრე არ იყო ტექნოლოგიური პროგრესის ისეთი ელემენტები,როგორიცაა ინტერნეტი,ტელევიზია და ა.შ. შესაბამისად, ბევრად ნაკლები იყო საფრთხე ზიანისა.აქედან გამომდინარე, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში უფრო მზარდია ინტერესი პერსონალური მონაცემების დაცვისა.პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების სპეციალური და სპეციფიკური წესების საჭიროებამ კი,თავის მხრივ, წარმოქმნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ახალი კონცეფცია,რომელიც სხვადასხვა იურისდიქციაში ცნობილია,როგორც „საინფორმაციო პირადი ცხოვრების“ ან „ინფორმაციული თვითგამორკვევის“ უფლება,რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ზოგად პიროვნულ უფლებებს. ზოგადი პიროვნული უფლება კი უზრუნველყოფს პიროვნების უფლებას საკუთარი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და იქონიოს საკუთარი პირადი ცხოვრება.ის მოიცავს ადამიანის პირად და ინტიმურ სფეროს,მათ შორის,ისეთ უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრების დაცულობა,თვითგამორკვევის უფლება, თვითგამოსახვის უფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია,რომელიც გვევლინება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე მთავარ სამართლებრივ დოკუმენტად.ამ კონტექსტში ხაზი უნდა გაესვას 2018 წლის მაისში ძალაში შესულ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას(“General Data Protection Regulation” ).ამ რეგულაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვა სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს და,თავის მხრივ, იგი მიზნად ისახავს, ტექნოლოგიური პროგრესის კვადაკვალ სათანადოდ იქნეს დაცული პირთა უფლებები.რეგულაციით დამკვირდებულია ახალი პრინციპები,მათ შორის,მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, მონაცემთა პორტირება,მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება და სხვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფის საჭიროების ვალდებულება საქართველომ იკისრა ასოცირების შესახებ 2014 წლის პარაფირებული შეთანხმებით. ასოცირების შეთანხმების მე-14 მუხლის თანახმად,მხარეები თანხმდებიან,რომ ითანამშრომლებენ,რათა უზრუნველონ პერსონალურ მონაცემთა მაღალ დონეზე დაცვა ევროკავშირის,ევროპის საბჭოს და საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტანდარტების შესაბამისად .შეგვიძლია,პასუხი გავცეთ მარტივ შეკითხვას - რატომაა მნიშვნელოვანი პერსონალურ მონაცემთა დაცვა? უპირველეს ყოვლისა,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულება განპირობებულია ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით,ამასთან მორალური/მატერიალური ზიანის თავიდან არიდებისა და დანაშაულის პრევენციისათვის, ე.წ „პიროვნების მითვისების“ საფრთხის თავიდან ასაცილებლად და ა.შ.

პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უზრუნველსაყოფად 2012 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 

საქართველოს კანონი .ეს კანონი აწესებს ზოგად სტანდარტებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მონაცემთა დამუშავების პრინციპები.საერთაშორისო სტანდარტითაც და ქართული კანონმდებლობითაც პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად,თავის მხრივ, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად.ამასთან, მონაცემები მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისათვის უნდა დამუშავდეს.ამასთან გასათვალისწინებელია ე.წ მინიმიზაციის პრინციპი,რაც გულისხმობს,რომ პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით,რომელიც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად.ამასთან, მონაცემები უნდა იყოს მიზნის ადეკვატური და პროპორციულიც. მხედველობაში უნდა მივიღოთ მონაცემთა ნამდვილობის,სიზუსტისა და,თავის მხრივ, დამუშავების ვადების საკითხებიც. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება შეიძლება, იყოს ჩარევა მონაცემთა სუბიექტის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში, რომელიც, როგორც აღინიშნა, დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით.ადამიანის უფლებათა სასამართლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას აცხადებს არა დამოუკიდებელ ფუნდამენტურ უფლებად,არამედ პირადი ცხოვრების პატივისცემის ფარგლებში დაცულ უფლებათა ნაწილად.დავუბრუნდეთ შესავალში დასმულ საკითხს - არის კი პირადი ცხოვრების უფლება აბსოლუტური?! ამ კითხვაზე პასუხი არის ცალსახა.რა თქმა უნდა, არა.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლიც და თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლიც სტრუქტურული თვალსაზრისით ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი ანიჭებს პირებს უფლებას (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), ხოლო მეორე ნაწილი ადგენს სახელმწიფოს მიერ ამ უფლების მართლზომიერი შეზღუდვისპირობებს.საქართველოს კონსტიტუციით და კონვენციით დადგენილი წესის მიხედვით, იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვა ჩაითვალოს მართლზომიერად, ხსენებული მუხლების შეზღუდვამ უნდა დააკმაყოფილოს კუმულაციურად სამი პირობა. კერძოდ, შეზღუდვა უნდა: ა) იყოს კანონის შესაბამისი; ბ) ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს; გ) იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორედ ამ პირობების საფუძველზე აფასებს, მართლზომიერია თუ არა სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა შეზღუდვა. ზუსტად ამ პირობების საფუძველზე უნდა შეაფასონ სახელმწიფო ორგანოებმა (როგორც ადმინისტრაციულმა, ისე სასამართლომ) ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერება.

ჩარევა კანონის შესაბამისია, თუ ეყრდნობა შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, რომელიც,თავის მხრივ, უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი პირებისათვის და უნდა შეიძლებოდეს მისი შედეგების წინასწარ განჭვრეტა.ამ მხრივ მნიშვნელოვანია სტრასბურგის საქმე Rotaru v. Romania ,რომელშიც მოსარჩელე აცხადებდა,რომ დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება,რადგან რუმინეთის სადაზვერვო სამსახურები ინახავდნენ და იყენებდნენ დოკუმენტს,რომელიც მის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა.ევროსასამართლომ დაადგინა,რომ რუმინეთის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებდა განჭვრეტადობის მოთხოვნას(ზუსტად არ იყო განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავების ფარგლები,პროცედურები და ა.შ) და სწორედ ამ ნაწილში დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-8 მუხლი.ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ამ პირველი წინაპირობის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია, კანონი იყოს როგორც ხელმისაწვდომი, ისე საკმარისად ნათელი, რათა გარკვეული იყოს, როდის და როგორ შეიძლება სახელმწიფომ შეზღუდოს პირის უფლება.

ამა თუ იმ უფლებაში ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.კონვენციის მე-8 მუხლის მეორე ნაწილი პირდაპირ ჩამოთვლის ამ კანონიერ მიზნებს,რომელთა შორისაა:ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის ან მორალის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.შესაბამისად, სახელმწიფოს ეკრძალება ევროპული კონვენციით დადგენილი უფლების შეზღუდვა სხვა მიზნებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კონვენციით. ამ მუხლით განმტკიცებულ უფლებათა შეზღუდვა სხვა მიზნებით პირდაპირ იკრძალება ევროპული კონვენციის მე-18 მუხლით.საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი სრულად იზიარებს კონვენციის ამ „პათოსს“. კონსტიტუციის მიხედვით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.ამდენად,არ შეიძლება არსებობდეს რაიმე სხვა სიკეთე,რის გამოც გამართლებული იქნება პირადი ცხოვრების ძირითადი უფლების შეზღუდვა.ჩარევის შესაძლებლობის და ლეგიტიმური მიზნების შინაარსობრივი მხარე ასახვას პოულობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში“-ც, რომლის მიხედვითაც ეს კანონი არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების (მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების), თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ მონაცემთა დამუშავებაზე.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნებისმიერი ჩარევა ამ უფლებაში სახელმწიფო უსაფრთხოების მიზანზე მითითებით გამართლებულია.ამ კონტექსტში საინტერესოა სტრასბურგის ერთ-ერთ საქმე Klass and Others v. Germany  ,რომელშიც მომჩივანები მიუთითებდნენ,რომ საიდუმლო თვალთვალი მათ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევას წარმოადგენდა.თუმცა სასამართლომ აქ განმარტა,რომ ჯაშუშობისა და ტერორიზმის ფორმების მაღალი განვითარების გამო, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, ასეთი საფრთხის მოსაგერიებლად მიმართული საიდუმლო თვალთვალი სრულად აკმაყოფილებდა კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და აქ კონვენციის მე-8 მუხლს დარღვევა არ დაადგინა.

მესამე პირობა,რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ უფლებაში ჩარევა, არის ის,რომ შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.უფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია მწვავე (გადაუდებელი) საზოგადოებრივი საჭიროებით (pressing social need). მართლზომიერია თუ არა კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, ფასდება პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიება, რომელიც მიმართულია ადამიანის უფლებათა შეზღუდვისაკენ, მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული უნდა იყოს.შესაბამისად,შეგვიძლია ვთქვათ,რომ ნებისმიერი შეზღუდვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა უნდა იყოს აუცილებელი და წარმოადგენდეს ამ მიზნების მიღწევის პროპორციულ საშუალებას“ .ამ მხრივ საინტერესოა სტრასბურგის ერთ-ერთი გადაწყვეტილება საქმეზე S. and Marper v. the United Kingdom  . ამ საქმეში მომჩივნად იყო ორი განმცხადებელი,რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული.სამართალდამცავმა ორგანოებმა მათგან აიღეს თითის ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუშები.თუმცა მათ ბრალი ვერ დაუმტკიცდა.ერთი განმცხადებელი უდანაშაულოდ ცნეს,ხოლო მეორის მიმართ სს-ვი დევნა შეწყდა. მიუხედავად ამისა,სამართალდამცავმა ორგანომ მათი ანაბეჭდები,დნმ-ს პროფილები და უჯრედოვანი ნიმუშები დაიტოვეს და მონაცემთა ბაზაში შეინახეს.კანონმდებლობით ამ მონაცემთა შენახვა შესაძლებელი იყო უვადოდ. მოპასუხე სახელმწიფო აქ ლეგიტიმურ მიზანად ასახელებდა მომავალში დამნაშავეთა იდენტიფიკაციას და შესაბამისად,დანაშაულის პრევენციისა და გამოვლენის მიზანს. სასამართლომ ამ შემთხვევაში ერთხმად დაადგინა,რომ მონაცემთა შენახვა იყო არაპროპორციული ჩარევა პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაში, რაც ვერ იქნებოდა აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მაშასადამე,მიუხედავად იმისა,რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, იგი მაინც არაა აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვას.საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის ქცევის შედეგია არა მხოლოდ ის,რომ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შეუძლიათ დაიცვან თავიანთი პერსონალური მონაცემები,არამედ ისიც,რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იხელმძღვანელონ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების იმ კრიტერიუმებით,რომლებიც გათვალისწინებულია ევროკონვენციით.იმისთვის,რომ სახელმწიფოს მიერ პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვა ჩაითვალოს მართლზომიერად ,ამ უფლების შეზღუდვამ უნდა დააკმაყოფილოს ზემოთ განხილული 3 აუცილებელი წინაპირობა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები:

  • საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“. 24 ოქტომბერი,2012 წელი. 

  • საქმეზე  “საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“.10 ივნისი,2009 წელი.

  • საქმეზე  ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე  ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. 26 დეკემბერი,2007 წელი.

  • საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისთთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.29 თებერვალი,2012 წელი

  1. https://personaldata.ge/ka/download/2638 

  2. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული  სასამართლოს გადაწყვეტილებები:

  1. ნ.სხირტლაძე,პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლებრივი ასპექტები, თბ.,2017

  2. მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო,თბ.,2018

 

ავტორი: დავით ჭითანავა,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე