ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი19388 2021.06.21
ვის აქვს ნებართვა შეიძინოს, შეინახოს ან ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი

იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალება, ხელსაწყო, მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრულია შეტევითი სროლის, თავდაცვის, სპორტისა და ნადირობისათვის, აგრეთვე ჭურვი და სხვა სახის ტყვია-წამალი, რომლის გამოყენება შეიძლება საბრძოლო მასალად. საქართველოს იარაღის შესახებ კანონში განსაზღვრულია იარაღის სახეობები: სამხედრო-საბრძოლო; სამსახურებრივ-საშტატო; სანადირო; სასპორტო; ჯილდოდ მიღებული; საკოლექციო.

იარაღის შეძენა შენახვა ტარება

იურდიულ და ფიზიკურ პირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ მოიპოვონ საკუთრების უფლება, შეიძინონ სანადირო, სასპორტო და საკოლექციო ასევე მოკლელულიანი იარაღი, შეძენა დასაშვებია ნებართვის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში. მფლობელი ვალდებულია, რეგისტრაციაში გაატაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 10 დღის განმავლობაში.

იარაღის შეძენა აკრძალულია 18 წლამდე მიუღწეველი მოზარდისთვის; არაქმედუნარიანის; ნარკომანის; ალკოჰოლიკის; ან ნასამართლევი პირის მიერ თუ მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს ნასამართლეობა; არ შეუძლია შეძენა იმ პირს ვის მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან შსს-ს მიერ გახსნილია სამეთვალყურეო-პროფილაქტიკური საქმე ოჯახურ, მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე, იურიდიულ პირს იარაღის შეძენის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე იმ შემთხვევაში აქვს, თუ ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულება რომელსაც მიერთებულია საქართველო. შეძენასთან დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №164 ბრძანების თანახმად პირს შეუძლია გადაიტანოს იარაღი შეძენის ადგილიდან შენახვის ადგილამდე, იარაღის შენახვის ადგილად განისაზღვრება სარეგისტრაციო ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი. ასევე პირს რომელსაც აქვს ბ კატეგორიის (სანადირო; სპორტული; თავდაცვის; ფიზიკურ პირზე) იარაღი რეგისტრირებული, მას უფლება აქვს გარდა ძირითადი შენახვის ადგილისა, კუთვნილი იარაღი შეინახოს მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მის მიერ შესაბამისი კანონის წესების დაცვა. საქართველოს პრეზიდენტის №750 ბრძანების მიხედვით იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვის მქონე პირები, ვალდებული არიან სამ წელიწადში ერთხელ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში და წარადგინონ იარაღი ტექნიკური და საექსპერტო დათვალიერების მიზნით. საცხოვრებელ ადგილას იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი გასროლა და მასთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.

აქვე უნდა იცოდეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა, დამზადება, გასაღება, გადაგზავნა დასჯადია და შეიძლება დაგეკისროთ ჯარიმა, შინა პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა. ასევე დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა და ცივი იარაღის ტარება იმ პირის მიერ ვინც არის განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ნარკოტიკების მოხმარებისთვის; ვის მიმართაც გამოყენებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი ან ნასამართლევია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის.

იარაღისა და საბრძოლო მასალით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირისაგან იარაღის შეძენისას წარმოსადგენი დოკუმენტები

უნდა წარადგინოთ განცხადება; შეძენის ყუა; პირადობის მოწმობა; საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; იარაღის შეძენის ნებართვაზე განსაზღვრული მოსაკრებლის (რომელიც თავდაცვის სახლის მოკლელულიან ან სპორტული ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეადგენს 8, ხოლო თავდაცვის სახის, მაგალითად გაზის, სანადირო სპორტული სახის გრძელულულიან და სპორტულ მოკლელულიან იარაღზე 6 ლარს) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; და ბოლოს მომსახურების დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - რეგისტრაციის საფასური არის 20 ლარი, სარეგისტრაციო მოწმობის - 15, ხოლო დროებითი მოწმობის თანხა შეადგენს 10 ლარს. ნებართვა გაიცემა 8 სამუშაო დღის განმავლობაში. იმისთვის რომ გაიადვილოთ ლიცენზიის მიღება შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატს, რომელიც დაგეხმარებათ განცხადების შედგენასა და დოკუმენტების შეგროვებაში.

რა უნდა წარმოადგინოს ტირისა და სასროლეთის ნებართვის მისაღებად პირმა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში?

დაგჭირდებათ: განცხადება; იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა; ადგილის სიტუაციური ნახაზი; მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ხოლო ინდ. მეწარმემ: განცხადება; ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ცნობა ნასამართლობის შესახებ, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ; ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა); ადგილის სიტუაციური ნახაზი; მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან: 10 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასური შეადგენს 350 ლარს; ხოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიღების საფასურია 500 ლარი.

რა სახის გამოცდები არსებობს იარაღის რეგისტრაციის მსურველთათვის?

შსს-ს მომსახურების სააგენტოში ტარდება სამი ტიპის გამოცდა: თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: ცივი იარაღის ტარებაცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა