რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად?!9170 2018.09.19
რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად?!

 აფექტი -ტერმინი, რომელიც სამართლებრივ სფეროში არცთუ იშვიათად გვხვდება და იგი განიხილება  როგორც  ერთბაშად წამოჭრილი, სწრაფად წარმავალი და უკიდურესად ინტენსიური ემოცია, რომელიც მისი განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებით ხასიათდება.  

 რა არის აფექტი, რას განიცდის ადამიანი აფექტის დროს,  რა დანაშაული შეიძლება, ჩაიდინოს მან ამ მდგომარეობაში ან  რა შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაული აფექტში ჩადენილად,  საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტები განგვიმარტავენ :

 საზოგადოდ აღიარებულია, რომ აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის; ადამიანი ობიექტურად ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას და რეაგირებს მიზანშეუწონლად, არაადეკვატურად. აფექტს  ახასიათებს  დიდი ინტენსიობა  და  მწვავე ხასიათი. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც აფექტის გამო ვიწროვდება, ცნობიერების შევიწროებულ ველში აღარ შემოდის სხვა შინაარსები. სწორედ ამიტომ, აფექტით შეპყრობილ ადამიანს არ ესმის მისკენ მიმართული რჩევა-დარიგებები.

 აფექტის დროს ადამიანს არ შეუძლია  ნორმალურად მსჯელობა, მოცემული პირობებისა და საკუთარი ქცევის შეფასება-ანალიზი. ძლიერი აფექტი ადამიანის ქცევის დეზორგანიზებას იწვევს, კარგავს ქცევის შეგნებული რეგულაციის უნარს.

 ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება. როგორც წესი, აფექტი მცირე ხანიერებით ხასიათდება. მას „ფეთქებად“ ემოციას უწოდებენ.  აფექტს თან ახლავს ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებანი: გულისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევისა და სხა სხეულებრივი პროცესების მკვეთრი ცვლილებები. აფექტს წარმოადგენს, მაგალითად, ძლიერი რისხვა, რომელიც იპყრობს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც ის შეგნებულად არასოდეს არ მოიმოქმედებდა, ან ძლიერი შიში, რომელიც იპყრობს ადამიანს და წარმართავს მის ქცევას ზოგჯერ თვით სუბიექტისთვის მოულოდნელი მიმართულებით (პანიკური შიში). აფექტის სახით შეიძლება იყოს განცდილი ძლიერი სიხარული ან მწუხარება და ა.შ

იურისტების განმარტებით, აფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს სოციალური ურთიერთობის მართლსაწინააღმდეგო თუ ზნეობრივი ნორმების დარღვევით (მაგალითად უსამართლობით, შეურაცხყოფით და სხვა).

იმისდა მიხედვით, თუ როგორი იყო ეს განცდა, რამდენად შესუსტდა ის შეგნებული ნებელობითი კონტროლი, რომელსაც ადამიანი თავის თავს უწევს, განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ აფექტს.

პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც ქმედებას შეიძლება მოჰყვეს და უხელმძღვანელოს მას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი განიხილება, როგორც შეურაცხადი, რომელიც კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს. პათოლოგიური აფექტისაგან განსხვავებით, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ შესუსტებული აქვს თვითკონტროლისა და ქმდების ხელმძღვანელობის უნარი, ამიტომ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მსუბუქდება, მაგრამ არ გამოირიცხება.

 

აფექტში ჩადენილი დანაშაულები (სსკ კოდექსის 111-ე მ. გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და ამავე კოდექსის 121-ე მ. გათვალისწინებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) პრივილეგირებულ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება, რამეთუ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში ლომის წილი დაზარალებულის მაპრო-ვოცირებელ მოქმედებას მიუძღვის. მოქმედებას, რომელმაც აფექტის წარმოშობა განაპირობა. აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით არის განპირობებული: ჯერ ერთი, დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ სიტუაციაში- უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და მეორეც მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებული ქცევით . სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და აქედან გამომდინარე სურვილს მოკლას დაზარალებული

კერძოდ, დანაშაული აფექტში ჩადენილად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ ადგილი ჰქონდა მსხვერპლის მიერ დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ძალადობას, მძიმე შეურაცხყოფას ან სხვა მძიმე ამორალურ ქმედებას, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზის მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულ ფსიქიკურ ტრამვას, რამაც გამოიწვია დამნაშავე პირის უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვება და მსხვერპლის მკვლელობა (სსკ-ის 110-ე მ.) ან მისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენება (სსკ-ის 121-ე მ). ადამიანი, აფექტის მდგომარეობაში, შეიძლება აღმოჩნდეს დაზარალებულის მხრიდან განხორციელებული იმ სხვადასხვა მაპროვოცირებელი ქმედების შედეგად, რომელსაც კანონი ამომწურავად ჩამოთვლის. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ადრე მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით, დაზარალებულის მხრიდან ჩადენილ მაპროვოცირებელ ქმედებათა დღევანდელი ჩამონათვალი გაცილებით ფართოა და შეიცავს ისეთ გარემოებებსაც, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე აზრთა სხვადასხვაობის საგანი იყო სასამართლო პრაქტიკასა და იურიდიულ ლიტერატურაში. კანონში შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებით როგორიცაა მსხვერპლის მიერ მაპროვოცირებელი ქმედების განხორციელება არა უშუალოდ დამნაშავის, არამედ მისი ახლო ნათესავის მიმართ. მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობით, კერძოდ, 109-ე მ. შენიშვნის საფუძველზე, ახლო ნათესავებად მიჩნეული არიან მშობლები, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. როგორც ვხედავთ, ახლო ნათესავის ჩამონათვალი ამომწურავია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით შევიწროებულია იმ პირთა წრე, რომელთა წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ შეიძლება ადამიანში მძაფრი განცდები და შესაბამისი შედეგები გამოიწვიოს.

პირის აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნა შეიძლება გამოწვეული იყო სხვადასხვა მოქმედებით, ერთ-ერთი ასეთი მოქმედებაა მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, რომელიც გულისხმობს როგორც ფიზიკურ ძალადობას (მაგალითად ცემა), ისე ფსიქიკურ ძალადობას. ფსიქიკური ძალადობაა ფიზიკურად გასწორების მუქარა, ცილისმწამებლური ცნობების გავრცელების, ქონების დაზიანების ან განადგურების მუქარა და სხვა.  მთავარია, რომ აფექტის გამომწვევი მიზეზი მართლსაწინააღმდეგო ხასიათს ატარებდეს.

ძლიერი სულიერი აღელვების საფუძველი შეიძლება, იყოს მძიმე შეურაცხყოფაც. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ზეპირსიტყვიერად, ფიზიკური ზემოქმედებით, პირის შეურაცხმყოფელი კარიკატურის სახით და სხვა.

საკითხი იმის შესახებ თუ რა მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, უნდა გადაწყდეს ყველა ცალკეულ შემთხვევაში საქმის კონკეტული გარემოებათა გათვალისიწნებით.

სხვა მძიმე ამორალურ ქცევაში იგულისხმება, მაგალითად, ცოლქმრული ღალატის რეალური ფაქტი, შვილად აყვანის საიდუმლოების გახმაურება და სხვა. გამორიცხული არ არის რომ აფექტის წარმოშობა გამოწვეული იყოს ოჯახში სისტემატიური ჩხუბისა და ძალადობის შედეგად.