აგედევნენ? ეს დასჯადია!1738 2021.07.19
აგედევნენ? ეს დასჯადია!

ეს ქმედება გათვალისწინებულია სტამბოლის კონვენციით, საქართველომ კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ადევნების კირიმინალიზება შედარებით გვიან მოახდინა.

 

რა არის ადევნება ?

სისხლის სამართლის კოდექსისი 1511 მუხლში გათვალისწინებულია ადევნება, იგი დასჯადი ქმედებაა და გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, მისი ოჯახის წევრის, თუნდაც ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ინტერნეტის და სხვა საშუალებების გამოყენებით ან სხვა, ნებისმიერი განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატიურ სახეს ატარებს და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, შიშს რომ მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ იქნება ძალადობა, ქონების განადგურება. ამიტომ, თუ თქვენ მუდმივად გაწუხებენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, გხვდებიან სამსახურთან, სახლთან, შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, ან მიიღოთ რჩევა კვალიფიციური ადვოკატისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ადევნებად არ ითვლება პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პირის მიმართ ჩასაფრება ან თვალთვალი, მაგალითად პოლიციელის, ან ჟურნალისტის გამოძიება.

ვინ არიან ადევნების მსხვერპლები?

ამ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს როგორც მდედრობითი ისე მამრობითი სქესის წარმომადგენელი, თუმცა ადევნება ძირითადად ქალბატონებზე ხორციელდება. ხშირად ქალთა მიმართ ადევნება ხდება მათ მიერ მამაკაცთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ, ამ ტიპის ძალადობა კი ცალსახადაა დაფუძნებული გენდერზე, რადგან დომინანტობასა და კონტროლის სურვილს უკავშირდებ იგი. უნდა გვახსოვდეს, რომ მსხვერპლის ქმედებაც უნდა იყოს ადეკვატური, რადგან პანიკური დამოკიდებულება ნებისმიერ უბრალო, უმნიშვნელო კომუნიკაციაზე ცხადია არ გამოიწვევს 1511 მუხლის ამოქმედებას. ადევნებად ქმედების შეფასება, როდესაც ამას მსხვერპლი ვერ ამჩნევს, თითქმის შეუძლებელია, რადგან მას უნდა ექმნებოდეს სულ მცირე ცხოვრების წესის შეცვლის საჭიროება. იმისთვის რომ უკეთ გაერკვეთ ნამდვილად აქვს ადგილი თქვენს მიმართ ადევნებას თუ არა შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ გამოცდილ ადვოკატთან.

 

სასამართლო პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმე ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ (Volodina v. Russia) ეხება ადევნების საკითხს, მომჩივნის განცხადებით, ყოფილმა პარტნიორმა მას ხელჩანთაში გადაადგილების გასაკონტროლებლად განუთავსა “GPS” მოწყობილობა და უთვალთვალებდა, ცდილობდა დაესაჯა მომჩივანი მისთვის მიუღებელი ქცევისთვის, რის გამოც ხშირად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და ქონების, აგრეთვე, პირადობის დამადასტურებელი საბუთების ჩამორთმევით ან დაზიანებით. დამატებით, მოძალადემ გამოაქვეყნა მსხვერპლის ფოტო-სურათები, რითაც შეილახა მისი ღირსება. ადევნების არაერთი ინციდენტის შედეგად, მომჩივანს შეექმნა შიშისა და დაუცველობის განცდა. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა შესაბამის ნორმებს მსხვერპლის დასაცავად. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლის დარღვევა ერთობლიობაში.

რაც შეეხება საქართველოს პრაქტიკას, ერთ-ერთი მაგალითია თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ადევნებასთან დაკავშირებით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა. კერძოდ, დაზარალებულთა მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად, ბრალდებულმა უკანონო თვალთვალით და სასქესო ორგანოს სისტემატური ჩვენებით არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა მათთან. მათ კი აღნიშნული ქმედებით განიცადეს ფსიქიკური ტანჯვა და შეექმნათ ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება. მოცემულ საქმეში სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალდებულის მიერ დაზარალებულების ადევნებაში დამნაშავედ ცნობისთვის და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

©ლიკა ნახუცრიშვილი

მსგავსი სტატიები: ადევნებაზუგდიდში ადევნების ბრალდებით 1 პირი გასამართლდა