error 959 2018.12.05
რა შეიძლება, გაიწეროს საქორწინო კონტრაქტში?

საქორწინო კონტრაქტი- ცივილიზებული მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამართლებრივი აქტია, რომელიც რომელიც საშუალებას აძლევს მხარეებს - მომავალ მეუღლეებს, აწონ-დაწონონ ყველა თავისი მოთხოვნა/ სურვილი და ლოგიკური სისტემის სახით ჩამოაყალიბონ მათი მატერიალური თუ მორალური ვალდებულებები.
 

 მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამართლებრივი აქტი ქართულ კანონმდებლობაშიც დიდი ხანია (კანონმდებლობაში 1997 წელს ჩაიწერა), არსებობს, პრაქტიკაში მაინც ერთეულ შემთხვევაბში თუ იყენებენ. არა და, ლოგიკურად,  შემდგომი უთანხოების წარმოშობისას ნებისმიერი სახის დავას სწორედ ეს საქორწინო კონტრაქტი აგვარებს.

 თავისი სამართლებრივი ბუნებით საქორწინო ხელშეკრულება სამოქალაქო ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება. მისი თავისებურება გამოხატება სპეციალური სუბიექტების არსებობაში, რამდენადაც მისი დადება შესაძლებელია მხოლოდ მეუღლეებს ან მომავალ მეუღლეებს შორის.

 

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ში მიაჩნიათ, რომ საქორწინო ხელშეკრულების არდადება და თუნდაც ის, რომ იგი ნაკლებად გავრცელებულ ინსტიტუტია საქართველოში,  მოქალაქეების არაინფორმირებულობაა.

„საქართველოს კანონმდებლობა მეუღლეებს შესაძლებლობას აძლევს, დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინებისას. მიუხედავად ამისა, საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს ნაკლებად გავრცელებულ სამართლებრივ ინსტიტუტს ქართულ რეალობაში. აღნიშნულის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია, იყოს მოქალაქეებში საკმარისი ინფორმაციის არარსებობა ამ ინსტიტუტის, მისი არსისა და სამართლებრივი შედეგების შესახებ“.

 

როდის უნდა დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება ?

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. ამასთანავე, აღნიშნული ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აუცილებელია მისი დადება წერილობითი ფორმით, ასევე დადასტურება სანოტარო წესით.

 

 

 კონკრეტულად რის საშუალებას აძლევს მეუღლეებს საქორწინო ხელშეკრულება?

 ზოგადი რეგულირების მიხედვით,  მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). მეუღლეებს შეუძლიათ, საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით.

 საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ, მათი შეხედულებისამებრ დაარეგულირონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. ამას გარდა, მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე.

მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები შეიძლება, შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ანდა ამა თუ იმ პირობების დადგომით.

 

ეს რაც შეეხება დეტალებს, რაც შეიძლება, ხელშეკრულებაში გაიწეროს; თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, არის თუ არა საკითხები, რომლებიც არ შეიძლება, საქორწინო ხელშეკრულებით გაიწეროს?

 

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. ამას გარდა, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონის საფუძველზე რეგულირებულ იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულებით, კერძოდ, ესენია: მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი, დავის შემთხვევაში – სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

 

ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე რას გვეტყვით ?

 

 საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება, შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა დაუშვებელია. ზოგადი წესის მიხედვით კი, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

სხვა სიახლეები
03 დეკ

როგორ ხდება მშობლის უფლების ჩამორთმევა ან აღდგენა?!

30 ნოე

რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

24 ნოე

დონაცია საქართველოში - რა პროცედურებთან არის დაკავშირებული ორგანოთა გადანერგვა

20 ნოე

რა არის აუცილებელი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებისათვის?

16 ნოე

არბიტრაჟი - დავა სასამართლოს გარეშე

08 ნოე

რა შემთხვევაში გაუქმდება ჩუქების ხელშეკრულება?

08 ნოე

რა პროცედურებს ითვალისწინებს შვილად აყვანა?

07 ნოე

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობა ხშირად ირღვევა“

05 ნოე

როგორ მოქმედებს კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე?

02 ნოე

„ხანდაზმულობის გასვლით მოვალე ვალდებულებისგან თავისუფლდება“