რა იცით პარლამენტის რეგლამენტის შესახებ?1454 2012.10.20
რა იცით პარლამენტის რეგლამენტის შესახებ?
როგორც იცით, კანონმდებლობა რიგითობის მიხედვით იყოფა, და სწორედ ამ რიგითობის მიხედვით ენიჭება მას საქმის გადაწყვეტის ძალა. მათ რიგითობას კი განსაზღვრავს საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი; საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
  • საქართველოს ორგანული კანონი;
  • საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.
  • სწორედ ასე გამოიყურება საქართველოში მოქმედ კანონთა რიგითობა. და როგორც ხედავთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს მასში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. იგი წარმოადგენსკანონის ძალის მქონე ნორმატიულ აქტს. იგი მიიღება სხდომაზე დამსწრე უფლებამოსილ პირთა ხმათა უმრავლესობით, თუმცა ხმათა რაოდენობა არ უნდა იყოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები. სწორედ პარლამენტის რეგლამენტით განისაზღვრება მისი უფლებამოსილება, შიდა სტრუქტურა და მუშაობის წესი. რეგლამენტს ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. რაც შეეხება სტატუსსა და მოქმედების სფეროს – “საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.” მსურს აქვე გაგაცნოთ, რეგლამენტით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა უნდა იხელმძღვანელოს:

    • მრავალპარტიულობა;
    • წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
    • საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა;
    • საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;
    • საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;
    • საჯაროობა;
    • სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.

    პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კონსტიტუციური შეთანხმება, ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. აქვე მსურს ჩამოგითვალოთ ის პრეროგატივები, რომელიც გააჩნია საქართველოს პარლამენტ და რომელი უფლებამოსილების მიხედვითაც ახორციელებს თავის საქმიანობას:

    • საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;
    • საკანონმდებლო საქმიანობა;
    • ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
    • საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა;
    • საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა;
    • საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება;
    • საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;
    • საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მათი განთავისუფლება, თანამდებობიდან გადაყენება;
    • საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;
    • პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და ორგანოების საპარლამენტო კონტროლი;
    • საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;
    • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;
    • სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;
    • ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა კონცეფციების დამტკიცება;
    • საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
    • საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
    • ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
    • პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის განსაზღვრა;
    • პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;
    • ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, განთავისუფლება, გადაყენება;
    • საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიების ან პლენარული სხდომების გამართვა;
    • საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით;
    • სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი;
    • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;
    • ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
    • საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
    • გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა და სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
    • საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
    • ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;
    • საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;
    • საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.