იუსტიციის სამინისტროს არქივი გაიხსნა1401 2012.10.17
იუსტიციის სამინისტროს არქივი გაიხსნა
ლილოში იუსტიციის სამინისტროს არქივი გაიხსნა. ქაღალდის დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვისთვის განკუთვნილი თანამედროვე შენობა, რომლის საერთო ფართი 3.000 კვ. მეტრია, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა. ახალ საცავებში განთავსებულ საარქივო მასალებს შორის არის ე.წ. “ტექბიუროს” არქივი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ერთადერთი საფუძველია. მათი უმრავლესობა საკმაოდ ძველია, რის გამოც არსებობდა დოკუმენტების განადგურების საფრთხე. ამიტომ, 2006 წლიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო არსებული დოკუმენტაციის სკანირება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა. ელექტრონული დოკუმენტაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, ქაღალდის ვერსიის გამოყენების საჭიროება კი მხოლოდ დოკუმენტის ჩანაწერში ეჭვის შეტანის შემთხვევაში დგება. არქივის ახალ შენობაში სრულად განთავსდა ნოტარიუსთა პალატაში დაცული სანოტარო აქტებიც. დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში შეტანა 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ამჟამად დასრულებულია სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების ელექტრონული რეესტრი, სადაც დარეგისტრირებულია 2000-მდე ანდერძი და 440 000-მდე სამკვიდრო მოწმობა.