თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია648 2022.06.13
თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია

 

თავისუფლება და პირველი კონსტიტუცია (განხილული უნდა იყოს 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთლიანი კონტექსტი და მისი როლი თავისუფლებისთვის)

საქართველოს მრავალფეროვანი ისტორიული მომენტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელია პირველი კონსტიტუციის მიღების ფაქტი, რომელიც ერთგვარი გამოხატულება იყო იმისა, რომ ამ ქვეყანას ჰქონდა იმედით სავსე მომავალი, ვინაიდან წარმატებულ მომავალზე ფიქრი ყოველთვის ეფუძნება, პირველ რიგში, მშვიდობას, სამართლიანობასა და თავისუფლებას. 1921 წლის კონსტიტუციას წინ უძღვოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა უდიდესი თავდადების, ბრძოლისა და ერთიანობის შედეგად მოიპოვა. დამოუკიდებლობის აქტმა ერთგვარი ნიადაგი მოუმზადა შემდგომ კონსტიტუციას, რათა მას დროსა და სივრცეში სამართლიანად და ლეგიტიმურად ემოქმედა, ვინაიდან, საბჭოთა ხელისუფლების მართვის პირობებში საქართველო ვერანაირ შემთხვევაში მიიღებდა ამ დოკუმენტს, ცხადია, რომ ამ ორი უმთავრესი დოკუმენტის მიღების შემდეგ, ქართველ ხალხს უნდა მისცემოდა მშვიდობიანად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა, რომ არა ამავე წლის 25 თებერვლის მოვლენები, რუსული წითელი არმიის თბილისში შემოჭრა და მთავრობის ემიგრაციაში წასვლა. ამის გამო, საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ძალაში შესვლა თითქმის ვერც კი მოასწრო და მხოლოდ 4 დღე იარსება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს კონსტიტუცია მორგებული იყო სამართლის ძირითადი წყაროს- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, რის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუციამ შეიძინა მნიშვნელოვანი ბუნება ადამიანის უფლებათა მხრივ, მაშინ, როცა საბჭოთა აგრესიისა და მკაცრი მმართველობის პირობებში არაერთხელ ყოფილა ადამიანთა დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, უთანასწორობის და მრავალი სხვა დარღვევის პრეცედენტი. აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი ცხადყოფდა თავისუფლებისაკენ და რუსული აგრესიული მმართველობისგან გათავისუფლებისკენ სწრაფვას, კანონის უპირველეს ადგილას დაყენებასა და ადამიანთა ჭეშმარიტ დაცვას (დღეს მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, დაცვის უფლება გარანტირებულია). სიღრმისეულად რომ შევხედოთ, 1921 წლის კონსტიტუცია ასევე ამახვილებს ყურადღებას ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზეც, ამ საკითხს მთლიანად ეთმობა მე-14 თავი, რათა თითქმის ყველა საკვანძო საკითხი მოაქციოს დაცვის ქვეშ და დაამყაროს სრული თანასწორობა მულტიკულტურული თვალსაზრისით. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ კანონის 135-ე მუხლის მიხედვით, „ეროვნულ უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე“, რაც ასევე ბავშვის უფლებათა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთა დაცვის მცდელობის გამოხატულებაა, რათა ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა ბავშვებმა „ძალდატანებით“ არ ისაუბროს სასწავლო დაწესებულებაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ სახელმწიფო ენაზე (ქართულად). 

1921 წლის კონსტიტუციის მე-3 თავში მოხსენიებულია სიკვდილით დასჯის გაუქმება (მუხლი 19). საბჭოთა კავშირის მმართველობის ქვეშ ყოფნით გამოწვეული მძიმე წარსულის ფონზე, საქართველოს არაერთხელ ჰქონია სიკვდილით დასჯის პრეცედენტი, ისტორიამ შემოინახა ის მტკიცებულებები, რაც ამ ფაქტს ცხადყოფს. მაგალითისთვის მოვიყვან ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ ჯავახიშვილის დახვრეტას 1937 წლის 30 სექტემბერს. სიკვდილის წინ იგი ასევე აწამეს, რაც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაა. საქართველოს პირველი კონსტიტუცია კი რუსეთისგან მოყენებული ტრამვების შემდეგ არსებითად აწესრიგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების  დაცვას, რაც იმ დროისათვის ყველაზე მეტად სჭირდებოდა ქვეყანას. 

ასევე მინდა შევეხო თანასწორობის დაცულობის უფლებასაც, საქართველოს პირველი კონსტიტუცია ასევე მისი შინაარსიდან გამომდინარე, ითვალისწინებს გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებებით. ეს, თავის მხრივ, მოიაზრებს ქალთა უფლებების დაცვას, გენდერულ თანასწორობასა და ამ საკითხში უფრო მეტ სამართლიანობას, ვიდრე ეს იყო წარსულში, საბჭოთაა პერიოდის საქართველოში, სადაც პოლიტიკურ საქმიანობაში ნაკლებად გვხვდება ქალები, ამ მხრივ, კაცების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში გაცილებით მაღალი იყო. 

ბოლოს კი დავძენ, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია ასევე ითვალისწინებს შრომითსამართლებრივ ნორმებსაც, რომელსაც მე-13 თავი ეთმობა. ამ თავში საუბარია როგორც სამუშაო საათების მომწესრიგებელ ნორმებზე, ასევე უმუშევრობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზებსაც სთავაზობს სახელმწიფო მოქალაქეებს (მუხლი 119), რაც იმ დროისათვის სერიოზული დახმარების ხელია ხალხისათვის. 

საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელმაც 4 დღე იარსება, ეხებოდა ბევრ საკითხს და შესამჩნევია, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა ორგანული კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ცალკეულად საფუძვლიანად გასცემდა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხს, სწორედ ამიტომ, დასაფასებელია მისი როლი თავისუფლებისთვის. აგრეთვე შეუძლებელია, ვერ შევამჩნიოთ მშვიდობიანობისა და სამართლიანობისკენ სწრაფვა მის ყოველ მუხლსა თუ პუნქტში. მან, როგორც ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანმა დოკუმენტმა, შეითავსა უამრავი დებულება, რომლებიც აუცილებლად განხორციელდებოდა, რომ არა რუსული აგრესია და მუდმივი ზეწოლა. ქართველი ხალხისათვის ეს დოკუმენტი ყოველთვის იქნება პირველი გამოძახილი მშვიდობიანი, თანასწორი და თავისუფალი ცხოვრებისკენ სწაფვისა, ის არაერთხელ შეახსენებს მომავალ თაობებს, რომ საქართველომ მრავალწლიანი საბჭოთა ცხოვრების შემდეგ გადადგა გონივრული ნაბიჯი მშვიდობისა და სამართლიანობის დასამყარებლად და ასევე არაერთხელ იბრძოლა მის დასაბრუნებლად. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს დოკუმენტი არის სიმბოლო ქართველი ხალხის სულისკვეთებისა და ქვეყნის საერთო მიზნისა- იყოს თავისუფალი.

 

ავტორი: ქეთევან ხაჩიძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. 

 

საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.

სხვა სიახლეები
03 აგვ

დაკავების შესახებ განჩინების გასაჩივრების შეუძლებლობა, როგორც საკანონმდებლო ხარვეზი

16 მაი

ცილისწამების დეკრიმინალიზაციის მნიშვნელობა

10 მაი

სამართლისა და პოლიტიკის გამიჯვნა კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას

04 მაი

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის მნიშვნელობა იუვენალურ იუსტიციაში

04 მაი

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

13 მარ

სამართლის ნორმის ინტერპრეტაცია

13 მარ

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

13 მარ

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები ქართული სამართლის ისტორიის მიხედვით

13 მარ

სასჯელის არსი და მიზნები საქართველოში

13 მარ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა - საჭირო ცვლილებები კონსტიტუციაში